ობამა შეთანხმების მიღწევის მოწოდებით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ამერიკელ კანონმდებლებს საჯაროდ მოუწოდა გამონახონ კომპრომისი და მიაღწიონ საბიუჯეტო შეთანხმებას, რათა აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო დავალიანებით გამოწვეული დეფოლტი თავიდან აიცილონ. თუმცა იმის ნიშნები, რომ ბოლო ვადამდე - 2 აგვისტომდე - რაიმე შეთანხმება მართლაც შედგება, ჯერჯერობით არ ჩანს.

ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკრედიტო მაჩვენებელი გაუარესდება...
აშშ სულ უფრო უახლოვდება ვალებით გამოწვეულ დეფოლტს - იმ ფონზე, როცა დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ ახერხებენ შეაჯერონ გეგმები მთავრობის მიერ ვალის აღებაზე დაწესებული მაქსიმალური ზღვრის გაზრდის თაობაზე. არადა, ნაბიჯების გადასადგმელი ბოლო ვადა - 2 აგვისტო - ახლოვდება.

კანონმდებლები ვერ ახერხებენ შეთანხმებას იმის თაობაზე, თუ რა გზით შეცვალონ ვალის მოცულობის ამჟამინდელი ზღვარი - 14.3 ტრილიონი დოლარი. არადა, თუ არაფერი გაკეთდა, აშშ მალე ვეღარ შეძლებს აუცილებელი ხარჯების დაფარვას.

ორშაბათს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელევიზიით წარდგა ერის წინაშე და იმისათვის, რომ დემოკრატების მიერ შემუშავებული გეგმისთვის მხარდაჭერა მოეპოვებინა, განაცხადა, ვალის მაქსიმალური ზღვარი თუ არ გაიზარდა, ეს ქვეყანას დიდ დარტყმას მიაყენებსო: „სამწუხაროდ, ბოლო კვირების განმავლობაში რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა, ფაქტობრივად, განაცხადეს, რომ ერთადერთი პირობა, რომლითაც ისინი ამერიკის პირველი დეფოლტის თავიდან აცილებას მისცემენ ხმას, ის იქნება, რომ ყველანი დავთანხმდეთ მათ მიდგომას - მხოლოდ ხარჯების არსებითად შემცირების გზას. ეს თუ მოხდა და დეფოლტიც დადგა, ჩვენ არ გვექნება საკმარისი ფული ყველა გადასახადის გასასტუმრებლად - მათ შორის, სოციალური უსაფრთხოების, ვეტერანთა დახმარების და ათასობით ბიზნესთან მთავრობის მიერ დადებული კონტრაქტების დასაფინანსებლად. ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკრედიტო მაჩვენებელი გაუარესდება, რაც მსოფლიოში ინვესტორებს ეჭვს გაუჩენს იმის თაობაზე, აშშ ბიზნესისთვის კვლავაც ხელსაყრელი ადგილია თუ არა“, - განაცხადა ობამამ.

აშშ-ში შექმნილი ვითარება მძიმედ აისახება მსოფლიოს ბაზრებზე.
ოქროს ფასმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, დოლარის კურსმა კი დაიკლო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ დავალიანების მაქსიმალური ზღვარი თუ არ გაიზარდა, ამას შესაძლოა აშშ-ის სამთავრობო ობლიგაციებზე საკრედიტო მაჩვენებლის კლება და საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვეს. ამას, ფონდის აზრით, გლობალური მასშტაბით ექნება გავლენა, აშშ-ის ობლიგაციების მნიშვნელოვანი როლის გამო მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებზე.

თავის გამოსვლაში ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ორი პარტია შეძლებს კომპრომისის მიღწევას. მართლაც, რეპუბლიკელებიც და დემოკრატებიც აცხადებენ, რომ დეფოლტს არ დაუშვებენ. და მაინც, ვალის მაქსიმალური ზღვრის გაზრდის თაობაზე კომპრომისული შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ არ მისცემენ ხმას შეთანხმებას, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს და სამთავრობო ხარჯების შემცირების მოწოდებით გამოდიან. დემოკრატებს სურთ ხარჯების კლება ნაკლებად შეეხოს ჯანდაცვის პროგრამებს - განსაკუთრებით ღარიბი და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის განკუთვნილს.

მაშინაც კი, თუ ვალის მაქსიმალური ზღვრის გაზრდა მოხერხდა და ვაშინგტონმა მეტი სამთავრობო ობლიგაციის გამოშვება შეძლო, დეფიციტის შესამცირებლად მაინც უფრო მეტის გაკეთება იქნება საჭირო. ექსპერტების აზრით, საკრედიტო მაჩვენებლის გაუარესების თავიდან ასაცილებლად ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა შეიმუშაონ გეგმა, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტს ათი წლის მანძილზე 4 ტრილიონი დოლარით შეამცირებს.