ფოტორეპორტიორების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე

ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მოსამართლე ზვიად ესებუამ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლო დარბაზიდან მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ”ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი და ნათია გედენიძეების მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, პირობითი მსჯავრის გამოყენების თაობაზე.” როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, ამგვარ ”გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბრლადებულების მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობის განსაკუთრებული გარემოებები, კერძოდ: ბრალდებულებმა ადვოკატების თანდასწრებით, არამხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ, დროულად მიაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია, როგორიცაა რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საქართველოში არსებული საიდუმლო თანამშრომლების და მათთან კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული გეგმები და ამოცანები, ინფორმაციის მიღების, მოპოვების და გადაცემის მეთოდები და აქამდე არსებული წესები (პრაქტიკა), ასევე მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების საფარქვეშ მოქმედი ორგანიზიების შესახებ.”