ევროსაბჭო მოუწოდებს ბელორუსიას სიკვდილით დასჯის გაუქმებისკენ

ევროსაბჭო ბელორუსიას სიკვდილით დასჯის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს. ბელორუსიის სახელმწიფო გაზეთის - ”ვეჩერნი გროდნოს” ცნობით, ოთხშაბათს ბელორუსიაში 28 წლის ოლეგ გრიშკოვეცი და 29 წლის ანდრეი ბურდიკა დახვრიტეს. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მოუწოდებს ბელორუსიას ”დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სიკვდილით დასჯის გამოყენება”. მანვე ”სასტიკად დაგმო” ბოლო შემთხვევები. იაგლანდი აცხადებს, რომ ევროსაბჭო ”მტკიცედ დგას პოზიციაზე, რომ სიკვდილით დასჯა არ არის მართლმსაჯულება”. ბელორუსია ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ევროსაბჭოს წევრი არ არის. ის ამ ორგანიზაციაში 1997 წლამდე ”საგანგებო სტუმრის” სტატუსით სარგებლობდა.