დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს დღეს პარლამენტში შეკითხვებს უსვამდნენ სატელეფონო შეტყობინებების უკანონო მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, რომლის ყურადღების ცენტრშია მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის ნიუს კორპორეიშენი. კამერონმა ახსნა, რატომ აიყვანა 2010 წელს თავისი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელად ენდი კოლსონი, მერდოკის ტაბლოიდ „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ ყოფილი რედაქტორი. მიმდინარე თვის დამდეგს კოლსონი დააპატიმრეს ბრალდებით, რომ მან იცოდა „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ ჟურნალისტების მიერ სატელეფონო შეტყობინებების მოსმენის შესახებ. კამერონის თქმით, კოლსონი დამნაშავე იქნება პოლიციისთვის ტყუილის თქმაში და სასამართლოს წინაშე ყალბ მოწმეობაში, ასევე პრემიერ-მინისტრის მოტყუებაში, თუკი მან იცოდა შეტყობინებების მოსმენის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, თქვა კამერონმა, კოლსონს სისხლის სამართლის ბრალდებებს წაუყენებენ. როგორც ცნობილი გახდა, ტაბლოდი „ნიუს ოვ ზი ვორლდი“ უკანონოდ ისმენდა 4000- მდე ადამიანის, მათ შორის ცნობილი პირების, პოლიტიკოსების, ბრიტანეთის დაღუპული სამხედროებისა და ბოროტმოქმედების მსხვერპლთა ხმოვან შეტყობინებებს.