ნიუს კორპის ხელმძღვანელი, რუპერტ მერდოკი და მისი ვაჟი ჯეიმსი დღეს პარლამენტში დაკითხეს სატელეფონო შეტყობინებების მოსმენასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. მერდოკმა თქვა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე უხერხული დღეა. მისმა ვაჟმა კი, რომელიც ნიუს კორპის ევროპისა და აზიის განყოფილების უფროსია, ბოდიში მოუხადა ჰაკერობის მსხვერპლთ. დაკითხვას წინ უსწრებდა ლონდონის რეგიონის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჯონ იეიტსის გადადგომა. ის პასუხისმგებელი იყო იმისთვის, რომ ორი წლის წინ პოლიციამ არ დაიწყო მერდოკის ტაბლოიდის, „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ მიერ სატელეფონო მოსმენების გამოძიება. იეიტსის შეფი, ლონდონის რეგიონის პოლიციის უფროსი პოლ სტივენსონი კვირას გადადგა. მერდოკმა ბოდიში მოიხადა მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს ოვ ზი ვორლდი“ - რომელიც მან დახურა ამ სკანდალის გამო - ისმენდა ასობით ცნობილი ადამიანის, პოლიტიკოსების, მეტოქე ჟურნალისტების, ბრიტანეთის დაღუპული მეომრებისა და მოკლული თინეიჯერის სატელეფონო შეტყობინებებს: ამასობაში მკვდარი იპოვეს „ნიუს ოვ ზი ვორლდის“ ყოფილი ჟურნალისტი შონ ჰორი, რომელმაც წამოაყენა გაზეთის წინააღმდეგ ბრალდებები. პოლიციის თანახმად, სიკვდილის მიზეზები გაურკვეველია.