ევროპის ფოტოსააგენტო: ქურციკიძე კანონის ფარგლებში მოქმედებდა

ევროპის ფოტოსააგენტოს,”ეპას”, მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი სერგეი ჩირიკოვი უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ საბანკო ანგარიშების ეჭვქვეშ დაყენებას, რის შესახებაც დაკავებული ფოტოკორესპონდენტები ლაპარაკობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ სატელეფონო ჩანაწერებში. როგორც სერგეი ჩირიკოვი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, ”ეპას” ფოტოკორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე საბანკო ანგარიშების გახსნას ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს მისი დავალებით თხოვდა. ”ეპას” მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველ რიგში მას უნდოდა, რომ ადრე დამკვიდრებული ნაღდი ანგარიშსწორების პრაქტიკა საბანკო ანგარიშსწორების უფრო გამართული პრაქტიკით შეეცვალა. ჩირიკოვი აცხადებს, რომ სტრინგერებს ”ეპასთან” ამ სააგენტოს კორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე აკავშირებდა და რომ რამდენიმე ფოტოკორესპონდენტი, მათ შორის გედენიძე და აბდალაძე, პერიოდულად აწვდიდნენ ფოტოებს ევროპის ფოტოსააგენტოს. ”ეპა”, ჰონორარის სახით, თითეული ფოტოსთვის 20 დოლარს იხდიდა. სერგეი ჩირიკოვი ”რადიო თავისუფლებას” იმასაც ეუბნება, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ფოტოსააგენტოს ძირითადად პრეზიდენტის ფოტოებს უგზავნიდა, თუმცა იშვიათ შემთხვევებში იგზავნებოდა სხვა თემატიკის ფოტოებიც.

”კერძოდ, გედენიძის ბოლო ფოტოები, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ, ეს იყო 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის ფოტოები. ეს იყო გედენიძის ბოლო ფოტოები, რომლებიც არ შეეხებოდა პრეზიდენტის საქმიანობას. ამ შემთხვევაში ის ჩვენ გვეხმარებოდა, როგორც კოლეგა, რადგანაც ეს იყო ძალიან ხმაურიანი და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა. ჩვენ არ ვთვლით, რომ არასამართლებრივ ნაბიჯს ვდგამდით.”

ევროპის ფოტოსააგენტოს მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის სერგეი ჩირიკოვის თქმით, ამჟამად შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვებით არის დაკავებული სააგენტოს სათავო ოფისი, რომელიც გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მდებარეობს. ”ჩვენ ვცდილობთ ავუხსნათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენი კორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე არ იყო დაკავებული კრიმინალური საქმიანობით”, - აღნიშნავს ”რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას სერგეი ჩირიკოვი.