წამება და ჩვენ

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სისტემაში ჩატარებული მნიშვნელოვანი რეფორმების მიუხედავად, უფლებადამცავი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კვლავ აქვს ადგილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც ასევე უხვადაა წარმოდგენილი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში. ამასთან, უკანასკნელი წლების ქართული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, უფლებადამცავი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ მწამებელი, როგორც წესი, ან დაუსჯელი რჩება, ანდა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, შედარებით მსუბუქი მუხლით.

2010 წელს გეგუთის მკაცრი საერთო რეჟიმის საპყრობილეში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადეს. აქციის მონაწილე ერთ-ერთი პატიმრის დედამ რადიო თავისუფლებას უამბო, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა მისი შვილი შიმშილობის იძულებით შეწყვეტის შემდეგ:
ხუდადოვის კლინიკაში ჩემი ძმა უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაცემი მიიყვანეს. ბადრაგებს მასთან ერთად კიდევ რვა პატიმარი უწამებიათ...

„შეაგვიანდა ბავშვს გამოსვლა და რომ ვნახე, ორი თვალი ჩალურჯებული, ცხვირი კი გასიებული ჰქონდა. თვითონ არაფერი არ მითხრა - არაფერია, დედა, არ ინერვიულო, ნუ ტირიხარო, მაგრამ სხვა ქალებისგან გავიგე - რომ გამოდიოდნენ, ტიროდნენ, ბავშვები არიან ნაცემიო.“

გეგუთის საპყრობილეში მომხდარი ინციდენტი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშშიც შევიდა, თუმცა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს მომდევნო, 2011 წელშიც ჰქონდა ადგილი. 6 მარტს გარდაცვლილი 31 წლის პატიმრის მალხაზ მუზაშვილის და ამტკიცებს, რომ ტუბერკულოზით დაავადებული მისი ძმა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა:

„ხუდადოვის კლინიკაში ჩემი ძმა უგონო მდგომარეობაში, სასტიკად ნაცემი მიიყვანეს. ბადრაგებს მასთან ერთად კიდევ რვა პატიმარი უწამებიათ. ექიმებმა გვითხრეს, მალხაზი ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალაო. მართალია, ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, ჩემი ძმა წამებით მოკლეს. გამოვიდა ინფორმაცია, რომ რვა პატიმარი საშინლად უწამებიათ და უცემიათ ბადრაგებს. პატიმრები ამბობენ, დათვრებიან ბადრაგები, მერე შემოცვივდებიან და მძინარეებს ”დუბინკებს” გვირტყამენო. ჩემს ძმას ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ფეხი კოჭში ჰქონდა გადატეხილი, კისრისა და ყელის მიდამოებში დიდი სიწითლეები ჰქონდა, ფეხებზე კი ხორცი ჰქონდა გადახეთქილი.”

სულ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საპყრობილეებში 23–დან 48 წლამდე ასაკის 142 პატიმარი გარდაიცვალა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის ნინო ანრიაშვილის თქმით, როგორც წესი, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი სწორედ პატიმრები და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები ხდებიან. ნინო ანრიაშვილი ჰყვება შემზარავ ამბავს ახალგაზრდა კაცისა, რომელიც სასჯელს იხდის და რომელსაც ჯანმრთელობა წამების შედეგად შეერყა:
თითქმის ყველა ჩვენს საჩივარში იყო მე-3 მუხლი - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოთხოვნა სასამართლოსაგან იმის გამო, რომ ციხეში ეს ადამიანები იმყოფებოდნენ არაადამიანურ პირობეში...

„პატიმარი ეტაპირებულ იქნა რუსთავის საპყრობილეში, სადაც გაუმძაფრდა ის ტკივილები, რომელიც მას მიაყენეს მე-8 დაწესებულებაში. ჰქონდა საშინელი ტკივილები სასქესო ორგანოზე. უჭირდა გადაადგილება, რის გამოც ის მოთავსებული იქნა ინვალიდის ეტლში. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად გადააგზავნეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ხელი მოაწერინეს (ნაცხის ანალიზის აღების მოტივით) ცარიელ ფურცელზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, მას ჩაუტარდა სასქესო ორგანოს ამპუტაცია.“

არაადამიანური მოპყრობისა და ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოში მოთავსების ფაქტებს წლების განმავლობაში იკვლევს არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარის თამუნა გაბისონიას თქმით, პატიმართა გარდაცვალების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და არასათანადო პირობებში ყოფნაა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებითაც დასტურდება:

„თითქმის ყველა ჩვენს საჩივარში იყო მე-3 მუხლი - წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოთხოვნა სასამართლოსაგან იმის გამო, რომ ციხეში ეს ადამიანები იმყოფებოდნენ არაადამიანურ პირობეში, რაც გულისხმობდა იმას, რომ არ ჰქონდათ ნორმალური ვენტილაცია, განათება, გასეირნების შესაძლებლობა და სათანადო ჰიგიენური პირობები. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თითქმის ყველა განაცხადზე, რომელიც დღემდე დაუკმაყოფილებელია, და ასეთი 7 გვაქვს, ყველგან დადგენილია მე-3 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ ციხეში იყო არასათანადო პირობები.“

თამუნა გაბისონია იმასაც შენიშნავს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში საპყრობილეებში ყოფითი პირობები შედარებით გამოსწორდა, პატიმრებს აღარც მონაცვლეობით უწევთ ძილი, თუმცა როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი ამბობს, ქართველ სამართალდამცავებს წამებაზე, როგორც აღიარების მიღებისა და საპყრობილეების მართვის საშუალებაზე, უარი ჯერ კიდევ არ უთქვამთ. ნანუაშვილის დაკვირვებით, წამების ფაქტებმა წინასწარი დაკავების ოზოლატორებში იკლო, საპყრობილეებში კი იმატა; ამასთან, თავი იჩინა ტენდენციამ, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩენია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგს, რომელმაც, უჩა ნანუაშვილის თქმით, უკანასკნელ ანგარიშში აღნიშნა:

„სამწუხაროდ, წამების და არასათანადო მოპყრობის გამოძიება ხდება სხვა მუხლებით - ძირითადად თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე, ანუ, შესაბამისად, 144-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით საქმე არ არის აღძრული. 2009 წელს 16 პოლიციელის წინააღმდეგ აღიძრა საქმე, თუმცა სასამართლომდე არც ერთი არ მისულა.“

უჩა ნანუაშვილის მსგავსად, კვალიფიციური და ადეკვატური გამოძიების დეფიციტს უჩივის სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნათია იმნაძეც, რომლის თქმითაც, გამოძიება სრულდება შედეგის გარეშე და ეს ტენდენცია იღებს სისტემურ ხასიათს.
წამება არის მიზანმიმართული თავდასხმა იმაზე, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინტიმური ჩვენთვის და რასაც ვერ გავექცევით, რადგანაც ამით ვარსებობთ...

გამოძიების გაჭიანურებამ თავი იჩინა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს გამოვლენილ დანაშაულთან მიმართებითაც. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის გიორგი გოცირიძის თქმით, გარდა იმისა, რომ აქციის დაშლისას პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებულ გამოყენებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავების შემდეგ დაექვემდებარა წამებას. გიორგი გოცირიძე წამების მსხვერპლად ასახელებს მურმან დუმბაძეს, რომელსაც დაკავებამდე ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა სამი დღის შემდეგ, როცა ახალგაზრდა იურისტებმა მოინახულეს, ცემის კვალი ემჩნეოდა:

„ადამიანის უფლებათა ევპორული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, როცა ადამიანი დაკავებამდე იყო ჯანმრთელი და დაკავებისას მას მიადგა ზიანი, მტკიცების ტვირთი ეკისრება სახელმწიფოს, ანუ სახელმწიფოა ვალდებული, რომ მის მიერ არ იყოს ეს დაზიანებები მიყენებული და სახელმწიფოა ასევე ვალდებული, ახსნას ამ დაზიანებების მიყენების მიზეზები. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვენდოთ ბატონ მურმან დუმბაძეს, რომელიც აცხადებს, რომ იმყოფებოდა თბილისის პოლიციის სამმართველოში, მე-5 სართულზე, ერთ-ერთ კაბინეტში, და მას რეზინის ხელკეტით სცემდნენ.“

ხელკეტის გარდა, საწამებლად სხვა არაერთი ნივთი გამოიყენება, თუმცა, როგორც წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი ამბობს, უცვლელია წამების ობიექტი – ადამიანის სხეული და ფსიქიკა:

„ჩვენი სხეული და ჩვენი სული არის ჩვენი აბსოლუტური საკუთრება. წამება არის მიზანმიმართული თავდასხმა იმაზე, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინტიმური ჩვენთვის და რასაც ვერ გავექცევით, რადგანაც ამით ვარსებობთ. ეს გადასარევად იცის იმ ადამიანმა, ვინც აწამებს. ყველაზე საშინელი ის არის, რომ წამების შედეგად ჩვენი სხეული ხდება საშინელი ტკივილის წყარო და ამას ვეღარსად გავურბივართ - ეს არის წამება.“

ლელა ცისკარიშვილის თქმით, ადამიანის უფლება – არ დაექვემდებაროს წამებას, აღიარებულია როგორც აბსოლუტური უფლება და მის ხელყოფას არ ამართლებს თუნდაც ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი აუცილებლობა. თუმცა, როგორც წესი, იდეოლოგიურად მოტივირებული მწამებლებისა და ჯალათების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს და სამშობლოს სამსახურში დგას.