კოკოითიმ და ხუგაევმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კრიმინალური ვითარება იძაბება. თვითაღიარებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვიტალი გასიევმა დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ზნაურის რაიონში ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში ორი სამართალდამცავიც მონაწილეობდა, ისინი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამ ინფორმაციამ კოკოითი აღაშფოთა და იმ სამართალდამცავების დასჯა მოითხოვა, ვისაც ნარკოტიკებთან შეხება აქვს. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები დანაშაულს ჩადიან, და ამიტომ კანონი უნდა გამკაცრდეს.

კოკოითი ნარკომანი სამართალდამცავების დასჯას მოითხოვს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს კი ახალისებს. როგორც ცნობილია, დე ფაქტო რესპუბლიკაში აგვისტოს ომის შემდეგ ორგანიზაცია „სამშობლოს დამცველთა კავშირი“ შეიქმნა, რომელშიც ვეტერანები გაერთიანდნენ. ამ ორგანიზაციაში თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი კადრებიც მოხვდნენ. ორგანიზაციამ ფონდი „პატრიოტი“ შექმნა, რომელსაც ყოფილი მებრძოლების კეთილდღეობაზე უნდა ეზრუნა. კოკოითიმ ამ ფონდში ჯერ 35 მილიონი რუბლი, ახლა კი დამატებით 20 მილიონი შეიტანა. მისი აზრით, ფონდი ბევრ სიკეთეს აკეთებს და მისი შექმნა სწორი იყო.

სწორედ „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ წევრები ითხოვდნენ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას და კოკოითისთვის მესამე საპრეზიდენტო ვადის დაშვებას. კოკოითი საკუთარ მომხრე მებრძოლებს გულუხვად აჯილდოებს: მათ ჯერ დევნილი ქართველების ბინების დაკანონების უფლება მისცა, ახლა კი ფინანსურად ეხმარება. ამ დროს დე ფაქტო რესპუბლიკაში ბევრი ადამიანი სახლის აღდგენას უშედეგოდ ელოდება და სამი წელია კარავში ცხოვრობს.

ცხინვალის ტელევიზიით წუხელ 6 რეპორტაჟი გავიდა ეთერში, აქედან 4 სიუჟეტში კოკოითი მთავარი მოქმედი გმირი იყო: იგი კიცხავდა ნარკომან სამართალდამცავებს, აჯილდოებდა ჩრდილოკავკასიელ ხელოვნების მოღვაწეებს; შეხვდა და ფინანსური დახმარება აღუთქვა ეგრეთ წოდებული ახალგაზრდული მთავრობის წევრებს, დაათვალიერა მიკრორაიონი „მოსკოვსკი“. ამ ღონისძიებებზე ყველგან მის გვერდით კადრში ჩანდა დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორი თეიმურაზ ხუგაევი, რომელსაც ცხინვალში კოკოითის მემკვიდრედ მიიჩნევენ. ექსპერტების აზრით, კოკოითიმ და ხუგაევმა წინასაარჩევნო კამპანია ერთად დაიწყეს.

ამ აზრს იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ახსარ კოჩიევი, მაგრამ, მისი აზრით, ხუგაევს სამხრეთ ოსეთში ავტორიტეტი არა აქვს და ამიტომ სამართლიან არჩევნებში მისი გამარჯვება წარმოუდგენელია. გარდა ამისა, კოჩიევის თქმით, ხუგაევს სამხრეთ ოსეთში ცხოვრების 10 წლიანი ცენზიც არ გააჩნია, რაც საკონსტიტუციო მოთხოვნაა, ამიტომ, თუ ხუგაევი წავა არჩევნებზე, მაშინ არჩევნებში მონაწილეობის შანსი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს ჯამბოლათ თედეევსაც მიეცემა.

რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ჯამბოლათ თედეევმა რუსულ გამოცემებთან საუბარში განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ახლა ოპოზიცია დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტისგან მოითხოვს ამოიღოს კონსტიტუციიდან არჩევნებში კენჭის ყრისათვის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 10 წლიანი ცხოვრების ცენზის აუცილებლობის მუხლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი აზრით, ამ არჩევნებში კენჭს ვერც ხუგაევი იყრის და ვერც თედეევი. დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნები ნოემბერში გაიმართება. არჩევნების მოახლოებასთან ერთად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება.