ნატო რუსეთს კვლავ მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება

ნატო რუსეთს კვლავ მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ”როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში განაცხადა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გაზეთის შეკითხვას იზიარებს, თუ არა ზოგიერთი ექსპერტის შეფასებას, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე ალიანსის ემოციური რეაქცია ნაჩქარევი იყო, რასმუსენმა უპასუხა, რომ ნატო ემოციური ორგანიზაცია არ არის და აგვისტოს მოვლენების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის შეჩერების გადაწყვეტილება მის პრინციპებს ეფუძნებოდა. ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველოს გამო უთანხმებამ ნატო-რუსეთის ურთიერთობის პარალიზება არ უნდა გამოიწვიოს, რადგან თანამშრომლობა ორივესთვის საუკეთესო კურსია.