დევნილებმა თავიანთი უფლებების შესახებ ბევრი არაფერი იციან

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გორში სადისკუსიო შეხვედრა გამართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები, ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლები და დევნილები ესწრებოდნენ. დისკუსიის თემა ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებთა უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის საკითხები იყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა იმ მექანიზმებზე ისაუბრეს, რომლებიც ინციდენტების პრევენციის მიზნით არის შექმნილი. მისიის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში კატი ბოსემ აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში მექანიზმი უფრო ეფექტურად ამოქმედდა, რამაც ინციდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. მისი თქმით, მხარეებს შორის მუშაობს ცხელი ხაზიც და ნებისმიერი დარღვევის დროს ინფორმაცია ოპერატიულად გადაიცემა.

შეხვედრის მეორე ნაწილში ომით დაზარალებულთა უფლებრივ მდგომარეობაზე იმსჯელეს. გამოცდილმა იურისტებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესახებ, სასამართლოებში განაცხადის წარდგენის ვადების, დოკუმენტაციისა და პროცედურების თაობაზე. ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დღემდე ირღვევა, როცა ვერ არკვევს კომპენსაცია რა შეფასებით და კრიტერიუმით მისცეს. ჩლაჩიძის განცხადებით, დაზარალებულების სამართლებრივი ინფორმირება ნაკლებად ხდება, ამიტომ მათ არ იციან რა გზას მიმართონ შელახული უფლებების აღსადგენად.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ევროსასამართლოში ლევან მესხორიძე საზოგადოებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებისა და საქართველო-რუსეთის მიმდინარე საქმეების შესახებ ესაუბრნენ. ლია მუხაშავრიას განცხადებით, იურისტებისთვის ომი ახლაც გრძელდება და წარმატების მისაღწევად მათ დაზარალებულების დახმარება სჭირდებათ, დაზარალებულებისა, რომელთა ნაწილმა საადვოკატო მომსახურებაზე უარი თქვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა ეკატერინე ქრისტესაშვილმა შეხვედრის დასასრულს აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებმა ადამიანებმა ბევრი რამ არ იციან როგორც უსაფრთხოების, ისე უფლებრივ საკითხებზე. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა მათი ინფორმირების თვალსაზრისით უფრო მეტი უნდა გააკეთონ.

ამჟამად დაზარალებული და დევნილი მოსახლეობის ინფორმირებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამ მიმართულებით არც მედია აქტიურობს. ნაციონალური მაუწყებლები ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებთა და დევნილთა საკითხებს სულ უფრო ცოტა დროს უთმობენ.