ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს საბერძნეთისათვის დახმარების მიწოდებას, ამ ქვეყნის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად. მოსალოდნელია, რომ ათენს 15 ივლისამდე მიაწვდიან 12 მილიარდ ევროს მას შემდეგ, რაც ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს მორიგი ტრანშის გამოყოფას შარშან შექმნილი ფონდიდან. ეს ფონდი, რომელსაც ევროზონის სახელმწიფოები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფინანსებენ, 160 მილიარდ დოლარს მოიცავს. 12 მილიარდი ევროდან, რასაც საბერძნეთი ივლისში მიიღებს, ევროზონა იხდის 8,7 მილიარდ ევროს. დანარჩენი 3,3 მილიარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უნდა დაამტკიცოს.