„ფრიდომ ჰაუსი“: ყოფილი საბჭოთა სივრცე სულ უფრო მეტად მოწყვლადია „არაბული გაზაფხულის“ მსგავსი კრიზისებისთვის

მიმდინარე წლის იანვარში ტუნისში მომხდარ სახალხო რევოლუციას მთელი რეგიონის მასშტაბით მოჰყვა მასობრივი საპროტესტო ტალღა, რასაც მალე „არაბული გაზაფხული“ ეწოდა.

ბევრი ანალიტიკოსი დაფიქრდა, მოსალოდნელი იყო თუ არა მსგავსი პროცესების გამეორება ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სადაც ბევრი ქვეყანა ძალიან ჰგავს იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც „არაბული გაზაფხული“ მოედო - იქნება ეს მსგავსება ავტორიტარული ლიდერებით, ეკონომიკური ძლაუფლების მმართველ წრეებში კონცენტრაციით, თუ ფართოდ გავრცელებული ოფიციალური კორუფციით. ჯერჯერობით ამ სივრცეში არაბული ქვეყნების მსგავსი ამბოხება არ მომხდარა, თუმცა ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ გარდამავალი ქვეყნების შესახებ მორიგ ყოველწლიურ ანგარიშში წერს, რომ ამ ქვეყნებიდან ბევრი სულ უფრო მოწყვლადი ხდება ისეთი მოულოდნელი კრიზისების მიმართ, რომლებიც ახლახან ვიხილეთ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

„ ‘გარდამავალი ქვეყნები’ ფრიდომ ჰაუსის ყოვლისმომცველი შედარებითი გამოკვლევაა დემოკრატიული განვითარებისა 29 ქვეყანაში, ცენტრალური ევროპიდან ევრაზიამდე. 2011 წლის ანგარიშში გამოთქმული დასკვნები მიანიშნებს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ავტორიტარულ ქვეყნებში მმართველობის ისეთი სისტემა შეიქმნა, რომელიც რეფორმას ეწინააღმდეგება და, შესაბამისად, სულ უფრო მოწყვლადია ისეთი მოულოდნელი კრიზისების მიმართ, რომლებიც ახლახან ვიხილეთ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“, - ასე იწყება „ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის შემაჯამებელი ნაწილი. ანგარიშს, როგორც ყოველთვის, „გარდამავალი ქვეყნები“ ჰქვია, თუმცა წელს მას ქვესათაურად დაემატა „ავტორიტარული ჩიხი ყოფილ საბჭოთა კავშირში.“

შემდეგ ვკითხულობთ: „ყოფილ საბჭოთა კავშირში ავტორიტარი მმართველების ძალაუფლებამ - მმართველებისა, რომლებსაც ვადას სულ უფრო და უფრო უხანგრძლივებენ - მმართველობასთან დაკავშირებით რამდენიმე მზარდი პრობლემა შექმნა. ძალუფლების მშვიდობიანი როტაციის შესაძლებლობის გარეშე ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები მომავალ წლებში პოლიტიკური უძრაობის იმედგამაცრუებელი პერსპექტივის წინაშე არიან. წლევანდელ ანალიზში აღირიცხა დემოკრატიისთვის გამოწვევების არსებობა უკრაინაში, რომელსაც რეგიონში რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მაგალითად განიხილავდნენ. ოთხ სფეროში დაიხია უკან უნგრეთმა - მათ შორის, ეროვნული მმართველობისა და დამოუკიდებელი მედიის სფეროებში. ბალკანეთში მცირე მასშტაბის პროგრესი განიცადეს ხორვატიამ და სერბიამ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მათი მცდელობის ნაწილი იყო, თუმცა ბალკანეთის ხუთ ქვეყანაში უკუსვლა აღირიცხა. ყოფილ საბჭოთა რეგიონში ყველაზე დიდი გაუმჯობესება მოლდავეთმა აჩვენა, თუმცა პროგრესი იყო ასევე საქართველოსა და ყირგიზეთში.“

საქართველოს „ფრიდომ ჰაუსი“ წელს მართლაც მიაწერს მცირე პროგრესს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სკალით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი შვიდქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 1 დემოკრატიული პროგრესის ყველაზე მაღალ ხარისხს აჩვენებს, 7 კი ყველაზე დაბალს. საბოლოო მონაცემი სკალაში სხვადასხვა ფაქტორის შეჯამებით გამოჰყავთ - იქნება ეს საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, სასამართლო სისტემა თუ ცენტრალური თუ ადგილობრივი მმართველობა. საბოლოო მონაცემის სახით წელს საქართველომ 4.86 ქულა მოაგროვა, რაც შარშანდელი 4.93-დან მცირე გაუმჯობესებას წარმოადგენს. შედარებისთვის: წლევანდელის იდენტური მონაცემი - 4.86 ქულა - საქართველომ 2006 წელს აჩვენა, ანგარიშში განხილულ პერიოდში ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი კი - 4.58 ქულა - მას 2002 წელს ჰქონდა.

ზოგადად, ანგარიშის თანახმად, ბალტიისპირეთის გამოკლებით დარჩენილი 12 პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ცხრაში ან კონსოლიდირებული, ან ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმი მოქმედებდა 2010 წლის განმავლობაში. შედარებით უფრო დემოკრატიულ, გარდამავალ-ჰიბრიდულ კატეგორიაში მხოლოდ სამი ქვეყანა - საქართველო, მოლდავეთი და უკრაინა - მოექცა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ითქვას, 2010 წელს 225 მილიონამდე ადამიანი, ანუ რეგიონის მოსახლეობის 80 პროცენტი, 2010 წელს ავტორიტარიზმის პირობებში ცხოვრობდა.

ანგარიშის ზოგადი ასპექტების და, განსაკუთრებით, პოსტსაბჭოთა სივრცის „არაბული გაზაფხულის“ ქვეყნებთან შედარების მეთოდოლოგიის შესახებ რადიო თავისუფლება „ფრიდომ ჰაუსის“ სამეცნიერო განყოფილების უფროსს, ქრისტოფერ უოკერს ესაუბრა.

„ჩვენი უშუალო ანალიზის საგანი იყო მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ მიერ შემუშავებული დემოკრატიული ინდიკატორების შესაბამისად აღირიცხა ყოფილი საბჭოთა კავშირის ავტორიტარულ ქვეყნებში. ჩვენი დასკვნით, ამ ქვეყნებში რეფორმა არ მიმდინარეობს და მათი მაჩვენებლები მსგავსია ბევრი იმ ქვეყნისა, რომელთაც „არაბული გაზაფხული“ შეეხო. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები ყველა საზოგადოებრივ სფეროში იდენტური არიან, - ასე ნამდვილად არ არის, - მაგრამ როცა ჩვენ მიერ შესწავლილ დემოკრატიულ ქცევას და დემოკრატიის ინდიკატორებს აანალიზებ, ხედავ ქვეყნებს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის ხელისუფლების მშვიდობიანი როტაცია შეუძლებელია, სადაც ზომიერ პოლიტიკურ ხმებს სისტემატურად რიყავენ და სივრცეს ართმევენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სადაც კორუფცია და კანონის უზენაესობის არარსებობა სისტემების ყველაზე ხშირი მახასიათებლებია - ხშირად სისტემები საკუთრივ ამ მახასიათებლებზეა დაფუძნებული“, - გვითხრა „ფრიდომ ჰაუსის“ სამეცნიერო განყოფილების უფროსმა, ქრისტოფერ უოკერმა.