ქართული პრესის მიმოხილვა. 23 ივნისი, 2011

მიმოხილვას დავიწყებთ „რეზონანსით“, რომელიც დღეს აქვეყნებს პასუხს ახალგორის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის, გამგებელ ზურაბ ფიცხელაურის ბრალდებებზე, თითქოს ”რეზონანსის” ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი ”აგენტი” იყოს. გაზეთი წერს, ახალგორის გამგებელი ჟურნალისტზე სიტყვიერ ზეწოლას ადრეც ახდენდა და სიტყვიერად შეურაცხყოფდა, ეს კი იმიტომ, რომ ჟურნალისტი ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებას ობიექტურად აშუქებს და არა ისე, როგორც ახალგორიდან წეროვანში გაქცეულ ლეგიტიმურ მთავრობას სურს, რომლის ძირითადი მიზანიც ახალგორის ქართული მოსახლეობისგან დაცლააო.

აქვე წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”გომბორის გზამ 67 მილიონი წაიღო და არასდროს არ ივარგებს.” ლაპარაკია, ცხადია, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე,რომელიც მეწყერმა წაიღო. გაზეთი წერს, ამ გზის მშენებლობისთვის 43 მილიონი ლარი, საიდანაც 30 მილიონი მსოფლიო ბანკის კრედიტია, ისე გადაიყარა, რომ არც მთავრობამ და არც სამინისტრომ საბჭოთა პერიოდის მაგალითები და გეოლოგების დასკვნები არ გაითვალისწინაო. გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ ვარაზაშვილმა გაზეთს უთხრა, რომ „ამ ადგილებში მიმდინარეობს ქანების გეოლოგიურ-ტექტონიკური რღვევა; ქანები დაშლილ-დანაწევრებულია, ხოლო ტექტონიკური დაშლის სიღრმე რამდენიმე ათეულ მეტრს სცდება." დაშლილ ქანებში ატმოსფერული ნალექების ჩაჟონვა მეწყერებს წარმოქმნის - ეს ისეთი პროცესია, რომლის ნეიტრალიზება შეუძლებელიაო. სტატიის ავტორი ამ გზის მშენებლობაზე ასევე წერს: ყველაზე რთულ უღელტეხილზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე თვეში შესრულდა - აჩქარების მიზეზი ის იყო, რომ, პრეზიდენტის განკარგულებით, რთველისთვის გზა უკვე მზად უნდა ყოფილიყო, რათა მთავრობას ეს მიღწევა პომპეზურად აღენიშნა. გზის გახსნის შემდეგ ასფალტის საფარის თავიდან დაგება გახდა საჭირო, დაიხარჯა დამატებითი თანხა - სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, 24 მილიონი ლარი გამოიყო. ასე რომ, დამეწყრილმა გომბორმა 67 მილიონი ლარი უკვე წაიღოო.

ქართული გაზეთები დღეს ”რვიანის” ბედზეც წერენ - ”24 საათის” პირველ გვერდზე ქვეყნდება სტატია, სათაურით „მოლოდინი“.იგულისხმება ოპოზიციური „რვიანის“ ხელისუფლებისგან პასუხის მოლოდინი. რაც შეეხება თავად გაერთიანების შიგნით მიმდინარე პროცესებს, დღევანდელი ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს „პრესა გეს“ ჟურნალისტის, როზი ჯღამაიას მიერ ირაკლი ალასანიასთან საუბრის ტექსტს. - ჩვენ ერთი პირით ვსაუბრობთ ხელისუფლებასთანო, ამბობს ალასანია და დასძენს: ეს დაძაბული პროცესია. ამიტომ ზოგს დროზე ადრე გაურბის სიტყვა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს რაღაცები არ ვაპატიოთო.

დაბოლოს „ალია“, რომელიც პირველ გვერდზე შავ ჩარჩოში აქვეყნებს წარწერას: „დამშვიდობება რეზო ამაშუკელთან“, რომელსაც თან პოეტის ფოტოც ახლავს. გეგონება, რომ ის გარდაიცვალა. თუმცა სტატიიდან ცხადი ხდება, რომ პოეტი ”ალიასთვის” მომკვდარა - თურმე ქრონიკაზე უთქვამს აუგი. „ჩვენ ხო ასეთი ბედი გვაქვს, კარგად ვაბაირამებთ ადამიანს, ვეფერებით და შემდეგ, ერთ დღეს, მადლობის მაგივრად ვიღებთ უმადურობას, ანუ წიხლსო.”