ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუს განცხადებით, ის გადაჭრით ემხრობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამ შინაარსის განცხადება ბაროზუმ გააკეთა ბრიუსელში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. ბაროზუს თქმით, მან და ალიევმა იმსჯელეს პოლიტიკურ რეფორმებზე და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უფლებადამცველების განცხადებით, აზერბაიჯანის დედაქალაქში 150-მდე ადამიანი დააპატიმრეს აპრილში, როცა გაიმართა დემონსტრაცია ალიევის გადადგომის მოთხოვნით. ეს აქცია „არაბულ გაზაფხულად“ წოდებული მოვლენებით იყო შთაგონებული.