უცხოეთის პრესა საქართველოზე

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესაში საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა.

“ერთი მაგარი პარტია” - ასე ეწოდება წერილს, რომელიც ჟურნალ “ნეიშენალ ინტერესტში” 16 ივნისს გამოაქვეყნა კავკასიის საკითხების ცნობილმა ექსპერტმა, ტომას დე ვაალმა. “საქართველო და თურქეთი ფსევდოერთპარტიულ სახელმწიფოებად ქცევის საფრთხის წინაშე არიან, ისინი დიდწილად საკუთარ წარმატებასვე ემსხვერპლნენ”, - წერს ავტორი სტატიის დასაწყისში. ტომ დე ვაალი ჯერ თურქეთის მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის წარმატებაზე წერს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამ პარტიამ თურქეთის ტრანსფორმაცია მოახდინა. “მან ქვეყანა ეკონომიკური წარმატების მაგალითად და მსოფლიოს სიდიდით მეჩვიდმეტე ეკონომიკად გადააქცია: მოთოკა სამხედრო სტრუქტურები, გაწმინდა სასამართლო სისტემა და ხელი გაუწოდა უმცირესობებს. და მაინც, თურქეთის ანალიტიკოსების უმრავლესობამ შვებით ამოისუნთქა, როცა გასულ კვირას ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში ამ პარტიამ ვერ შეძლო დიდი უმრავლესობის მოპოვება. 550 მანდატიდან 326-ის მოპოვება მათ პარლამენტში ოდნავ უფრო მცირე უმრავლესობას აძლევს, რაც ნიშნავს, რომ ახალ მთავრობას კონსტიტუციის გადაწერის პროცესში კონსენსუსის ძიება მოუწევს. ეს მოთოკავს “პუტინიზმის” და საკუთარი თავის ძლიერ აღმასრულებელ პრეზიდენტად ქცევის მიმართ მიდრეკილებას, რომლითაც თითქოს გამოირჩევა რეჯეპ ტაიპ ერდოანი”, - წერს ავტორი და განაგრძობს: “მალე საქართველო ასეთივე გზაჯვარედინზე აღმოჩნდება. ერთმა წარმატებულმა პარტიამ ორ არჩევნებში გაიმარჯვა და პოლიტიკურ სივრცეს განაგებს. 2012-2013 წლებში მას ახალი გამოწვევა ელის, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, კონსტიტუცია ახლავე შეიცვლება და არა მოგვიანებით. მიხვდებიან, როდის უნდა გაჩერდნენ, თუ, ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით, თავისივე კარგი მიღწევების წაშლას დაიწყებენ?” - კითხულობს ტომ დე ვაალი. სტატიაში ასევე წერია, რომ საქართველოს პრობლემები უფრო მწვავეა, ვიდრე თურქეთის. ერთპარტიული სისტემები სხვადასხვა ფორმით გვხვდება - შედარებით კეთილთვისებიანიდან, მაგალითად, როგორც ეს ბრიტანეთში იყო ამჟამინდელი კოალიციის შექმნამდე - ავტორიტარული და დიქტატორული სისტემების ჩათვლით, მაგალითად, როგორიც თურქმენეთი და სირიაა. ტომ დე ვაალი წერს: “საქართველოს შემთხვევაში შემაშფოთებელი ის არის, რომ მმართველი ელიტა არა მხოლოდ მთავრობას და პარლამენტს აკონტროლებს, არამედ თითქმის ყველა რეგიონალურ ადმინისტრაციასაც. მეტიც - მას სამი უდიდესი ტელეარხი უჭერს მხარს, სასამართლო სისტემა კი ქვეყანაში სუსტია.” სრულად ტომ დე ვაალის სტატიას ჟურნალ “ნეიშენალ ინტერესტის” 16 ივნისის ნომერში ნახავთ.

13 ივნისს ინტერნეტგამოცემა “იურეიჟია ვიუში” გამოქვეყნდა ჟურნალისტ მოლი კორსოს სტატია, სახელწოდებით “საქართველო: მთის კურორტების ქალაქები თბილისის განკარგულების სფეროში შედის”. ჟურნალისტი წერს: “თბილისის საქალაქო მთავრობის მხრიდან სამი პოპულარული საკურორტო ქალაქის მენეჯმენტის უფლების მოპოვება აღძრავს შეკითხვებს, საქართველოში ტურიზმის ხელშეწყობა ადგილობრივი მთავრობების ხარჯზე ხომ არ ხდება”.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ, საქართველოს ინვესტიციების კანონში 19 აპრილს შეტანილი ცვლილებების გამოყენებით, ცენტრალურმა მთავრობამ სათხილამურო კურორტების - გუდაურის და ბაკურიანის - და ბორჯომის სამთო კურორტის კონტროლი თბილისის საქალაქო მთავრობას დაუქვემდებარა. “შესაბამისად, ამ ქალაქების მთავრობებს ჩამოერთმევათ გზების დაგების, მშენებლობის, ტურიზმის განვითარების და სხვა ტრადიციული ფუნქციები. არც ერთი ეს ქალაქი არ მდებარეობს თბილისის უშუალო შემოგარენში.” მოლი კორსოს თანახმად, პირველი ქალაქი, რომელიც თბილისის საქალაქო მთავრობას დაუქვემდებარეს, გუდაური იყო. სავარაუდოდ, პროექტს სათავეში თბილისის მერი, გიგი უგულავა, - მიხეილ სააკაშვილის პროტეჟე, - ჩაუდგებაო, წერს ჟურნალისტი და იქვე აღნიშნავს, რომ პროექტს 2.5 მილიონი ლარით დააფინანსებენ. უგულავა აცხადებს, თბილისს გუდაურში ჩასატარებელი სამუშაოსთვის საჭირო “გამოცდილება” აქვსო, წერს კორსო. თუმცა, განაგრძობს ის, “ქალაქის საბჭოს წევრს, ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, თინა ხიდაშელს, მთავრობის მოტივაციაში ეჭვი შეაქვს.”

თბილისს სხვა ქალაქების ფულადი და სხვა სახის დახმარების დიდი ისტორია აქვს, თუმცა ეს არ ხდებოდა ადგილობრივი მთავრობებისთვის მენეჯმენტის უფლებების ჩამორთმევით. “ეს მიწაა, საკუთრებაა … საქმე ფულის მიცემასთან კი არა, წართმევასთან გვაქვს. რეალობა ასეთიაო”, - უთქვამს თინა ხიდაშელს მოლი კორსოსთვის. სრულად სტატიას ინტერნეტგამოცემა “იურეიჟია ვიუში” ნახავთ.

14 ივნისს “მოსკოუ ტაიმსში” დაიბეჭდა პოლ რიმპლის სტატია, სათაურით “ბურჯანაძე საქართველოს ვერ მოუტანს არაბულ გაზაფხულს”. მოკლე სტატიაში ავტორი მაისის საპროტესტო აქციებს იხსენებს და წერს: “ბურჯანაძეს თავისი დეკლარირებული მიზნის - არაბული გაზაფხულის იმიტირების - აბსოლუტურად არანაირი შანსი არ ჰქონდა. ჯერ ერთი, საქართველომ რვა წლის წინ დაამკვიდრა არასანდო რეჟიმების მშვიდობიანად დამხობის მაგალითი. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის მხარდაჭერით არ სარგებლობს. აქციის პირველ დღეს გასული ის 2 000 ადამიანი, რომლებიც სატელევიზიო კამერებმა აჩვენა, იქ ბურჯანაძის სიყვარულს არ მიუყვანია. ისინი იქ იმიტომ მივიდნენ, რომ ღარიბები და მშივრები არიან და ვარდების რევოლუციის მიერ ასე სწრაფად შემოღებულ ახალ სისტემაში კონკურენციის გაწევა არ ძალუძთ”, - წერს რიმპლი. სტატიის ბოლოს ვკითხულობთ: “ამ ამბავში ბურჯანაძე მთავარ მოქმედ პირად არ გამოსულა. კამერებმა მხოლოდ სააკაშვილის სპეცრაზმის მიერ თავების მტვრევა გადაიღეს. ეს სცენარი თუ კრემლში არ დაგეგმილა, მან, სულ მცირე, მოსკოვს გულიანად გაცინების საშუალება მაინც მისცა.” სრულად სტატიას “მოსკოუ ტაიმსის” 14 ივნისის ნომერში ნახავთ.

10 ივნისს ინტერნეტგამოცემა “ტრანზიშენს ონლაინმა” გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი, სათაურით “საქართველოში ძალადობა ძველი მეგობრის ახლებურ შეფასებას იწვევს”. “სააკაშვილი უკვე ძალიან ჩამოჰგავს პოსტსაბჭოთა, სანდოობას მოკლებულ გალერეაში გამოფენილ სახეს. დემონსტრანტებზე სასტიკი იერიში. დიდწილად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სამაუწყებლო მედია. დანაწევრებული ოპოზიცია. მორჩილი პარლამენტი. სასამართლო სისტემა, რომელსაც დამნაშავედ ცნობის თითქმის 100 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს. განურჩეველი დაპატიმრებები. მათთვის, ვინც პოსტსაბჭოთა გარემოს იცნობს, ყოველივე ეს ნაცნობ გარემოს ქმნის. მაგრამ ახლა არ ვლაპარაკობთ ბელორუსიაზე, უკრაინაზე, აზერბაიჯანზე, უზბეკეთზე, ყირგიზეთსა ან რუსეთზე. საქმე საქართველოს ეხება”, - ვკითხულობთ სტატიაში. “საქართველოს ამ სხვა ადგილების გვერდით დაყენება ძნელია ზოგიერთი ჩვენგანისთვის - მათთვის, ვისაც ვარდების რევოლუციის ლიდერებისთვის უბრალოდ უკეთესი სურდა ან ამაზე შორს მიდიოდა და სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო ახალგაზრდა იდეალისტი, რომელზეც დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ცხოვრების სტანდარტს და კანონის უზენაესობას აშშ-ში სამართლის ფაკულტეტზე სტუდენტად ყოფნის დროს და ახლა ამ ყველაფრის სამშობლოში დანერგვა სურდა.” სტატიის ავტორები წერენ, რომ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები გარკვეულ პერიოდში ამ იმედებს თითქოს ამართლებდნენ - როცა მათ საგზაო პოლიცია გაწმინდეს, ქვეყნის მწვავე ენერგოპრობლემები გადაჭრეს და უცხოური ინვესტიციები მიიზიდეს. “ბევრი ჩვენგანი მხარს უჭერდა - და უჭერს - მის საგარეო პოლიტიკას, რადგან საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროსთვის დათმობის შესახებ საუბარი იგნორირებას უკეთებს ჯიუტ ფაქტს, რომ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად აირჩიოს, რა ალიანსებში შევა”. თუმცა, წერენ ავტორები, სააკაშვილი გარკვეული ნაბიჯებით იმედებს თითქოს აცრუებდა - თანდათან კი სულ უფრო და უფრო გართულდა საქართველოში მიმდინარე მოვლენების დაკავშირება იმ ქვეყნის იერსახესთან, რომელიც ლიბერალიზმის და კეთილდღეობის გზას ადგას. ამის ყველაზე ბოლო და ტრაგიკულ მაგალითად ავტორებს 26 მაისის აქციის დარბევის დროს გამოჩენილი ძალადობა მოჰყავთ. წერილი ინტერნეტგამოცემა “ტრანზიშენს ონლაინმა” 10 ივნისს გამოაქვეყნა.