გეიტსი ავღანურ სტრატეგიას წარმატებულს უწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას, ბოლო, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე თავი აარიდა საუბარს იმაზე, იგებს თუ არა შეერთებული შტატები ავღანეთში მიმდინარე ომს. პენტაგონის შეფმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამერიკელი სამხედროები წარმატებით ახორციელებენ პრეზიდენტის სტრატეგიას ავღანეთში. გეიტსი აიმან ალ ზავაჰირის „ალ ყაიდის“ ლიდერად დანიშვნასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ოსამა ბინ ლადენის მემკვიდრეს წინ სიძნელეები ელოდება.

თავის ბოლო პრესკონფერენციაზე, თავდაცვის მინისტრის ამპლუაში, რობერტ გეიტსმა დასმულ შეკითხვაზე თავის არიდება იმით გაამართლა, რომ არ უყვარს ხმარება სიტყვებისა „მოგება და წაგება“, როცა საქმე ავღანეთს შეეხება. თუმცა მიმავალმა თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სამხედროების ამოცანა და მისია საკმაოდ წარმატებულად გრძელდება:

„შემიძლია გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას პრეზიდენტის სტრატეგიის განხორციელების საქმეში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედრო ოპერაცია წარმატებულია იმით, რომ „თალიბანის“ კონტროლისაგან გავათავისუფლეთ დასახლებული პუნქტები, შევმუსრეთ მათი სამხედრო საშუალებები და გავაუმჯობესეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების საბრძოლო შესაძლებლობები. ეს იყო სამი ამოცანა, რომელიც პრეზიდენტმა ჩვენ დაგვისახა 2009 წლის დეკემბერში და კიდევ ერთი - გამოგვეცალა „თალიბანისათვის“ საყრდენი ძალა. ვფიქრობ, ამ ოთხივე მიზნის მიღწევაში ჩვენ წარმატებას ვაღწევთ.“

რობერტ გეიტსი შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, 2006 წელს დონალდ რამსფელდის ნაცვლად დანიშნა. გეიტსის ორგანიზებით მოხდა ამერიკის არმიის რაოდენობის გაზრდა ერაყში 2007 წელს, რამაც, საერთო შეფასებით, გააუმჯობესა უსაფრთხოება ერაყში. თუმცა ამერიკის ადმინისტრაციის წინაშე ავღანეთთან მიმართებით სხვა ამოცანა დგას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას თქმით, ივლისისათვის იგეგმება ავღანეთიდან ამერიკული არმიის პირველი ქვედანაყოფების გაყვანა, რასაც გეიტსის მემკვიდრე, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ობამას მიერ წარდგენილი დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ამჟამინდელი დირექტორი, ლეო პანეტა უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ზემოხსენებულ ბოლო პრესკონფერენციაზე რობერტ გეიტსს არაფერი უთქვამს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის დეტალებზე. თუმცა პენტაგონის შეფი საგანგებოდ შეეხო ტერორისტული ქსელის - „ალ ყაიდის“ - ლიდერის პოსტზე აიმან ალ ზავაჰირის დანიშვნას. რობერტ გეიტსი დარწმუნებულია, რომ ალ ზავაჰირს უსიამოვნებები არ ასცდება:

„ვფიქრობ, მას უსიამოვნებები ელოდება. ბინ ლადენი ამ ორგანიზაციის ლიდერი არსებითად მისი დაარსებიდან იყო. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ბინ ლადენს ჰქონდა განსაკუთრებული ქარიზმა, რაც, ჩემი აზრით, არ აქვს ალ ზავაჰირს. გარდა ამისა, ბინ ლადენი მეტად იყო ჩართული ოპერატიულ საქმიანობაში, ვიდრე ზავაჰირია.“

თუმცა ალ ზავაჰირის მომავლის შესახებ ბევრად უფრო პირდაპირი იყო ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ მალენი, რომელიც ამ შემოდგომაზე ასევე დატოვებს თანამდებობას. ადმირალ მალენის პროგნოზით, ალ ზავაჰირი თავისი წინამორბედის ბედს გაიზიარებს:

„ ის და მისი ორგანიზაცია კვლავ გვემუქრებიან ჩვენ და როგორი წარმატებითაც შევძელით ბინ ლადენის მოძებნა და მოკვლა, სწორედ იმასვე მოვიმოქმედებთ ზავაჰირის მიმართ.“

თავის ბოლო პრესკონფერენციაზე რობერტ გეიტსი შეეხო შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ურთიერთობას, რომელიც ბინ ლადენის მოკვლის შემდეგ უკიდურესად დაბალ დონეზეა. რობერტ გეიტსის თქმით, პაკისტანი ვაშინგტონის მთავარი პარტნიორია და მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ავღანეთის უსაფრთხოების საქმეში სწორედ იმ დროს, როდესაც აშშ ჯარების გეგმიურ გაყვანას იწყებს მომავალი თვიდან.