საქართველოსა და მის მეზობლებს მოუწოდებენ კონკურენტუნარიანობის გაზრდისაკენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია მოუწოდებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, გაზარდონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა მეტი უცხოური ინვესტიციის მოსაზიდად. ამ მოწოდებას შეიცავს ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც ეხება, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, ბელორუსიას, მოლდავეთსა და უკრაინას. ის შეიცავს აგრეთვე მოწოდებას განათლების სფეროში რეფორმებისა და მომცრო კომპანიების დაფინანსების გაადვილებისაკენ. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, რეგიონის პროდუქტიულობა 77 პროცენტით ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს, ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მიუხედავად. ქვეყნები, რომლებსაც ანგარიში ეხება, ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრები არიან.