სამოქმედო გეგმა 2012-2014 წლებისთვის

ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ 2012-2014 წლების სამოქმედო გეგმის შესაქმნელად მუშაობას სახელმწიფოსთან ერთად დონორი ორგანიზაციებიც შეუდგნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დახმარების მიზნით, ლტოლვილთა დანიის საბჭოს ორგანიზებით თბილისში გაიმართა სპეციალური კონფერენცია, რომელმაც სამოქმედო გეგმის რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს.
გვსურს დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ მოსალოდნელი შედეგი ყველა მხარის მოსაზრებებს დაეყრდნობა...

დევნილთა საკითხებთან დაკავშირებული კონფერენცია, სახელწოდებით ”მომავლის ხედვა: იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის გაგრძელება 2012-2014 წლებში”, მიზნად სამუშაო პროცესში დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრის ჩართულობასაც ისახავს.კონფერენციის მონაწილე მხარეებმა, ხელისუფლების, დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად დევნილთა წარმომადგენლებმა სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზე მსჯელობა 5 სამუშაო ჯგუფში განაგრძეს. ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერის გაი ედმუნდსის განმარტებით, გადაწყვეტილებები სწორედ დიალოგისა და კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული და ლტოლვილთა დანიის საბჭო ამ კონფერენციის ორგანიზებით ცდილობს პროცესში მონაწილე ყველა მხარეს განახლებული ხედვის წარმოჩენის საშუალება მისცეს:

”ეს არის ჩვენი ძალისხმევის მთავარი ფოკუსი. არ გვსურს წინასწარ განვსაზღვროთ ამ პროცესის მოსალოდნელი შედეგი, მაგრამ გვსურს დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ მოსალოდნელი შედეგი ყველა მხარის მოსაზრებებს დაეყრდნობა.”

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია მთავრობამ 2007 წელს მიიღო. სტრატეგიის მიზანი დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, ასევე მთელ ქვეყანაში მათი გადაადგილებისა და სოციო-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ამ მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ არსებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს დევნილთა სახელმწიფო სოციალურ პროგრამებში ჩართვას, მათი განსახლების გრძელვადიანად გადაჭრას და დაბრუნებამდე სახელმწიფოზე მათი დამოკიდებულების შემცირებას. სწორედ სტრატეგიის მიზნებს ახორციელებს სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად ყოველწლიურად იცვლება.
ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას წარმოდგენილი იყოს რეალისტური გეგმები, რათა ცრუ იმედები არ გაუჩინოს დევნილებს...

საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი კრისტოფ ბიერვირთი ამბობს, რომ სახელმწიფო სტრატეგიას გადახედვა არ ესაჭიროება, სამოქმედო გეგმა 2012-2014 წლებისთვის კი უნდა განახლდეს, როგორც გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ისე დევნილთა საარსებო წყაროსა და თვითკმარობის, ასევე სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების მიმართულებებით:

”ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას წარმოდგენილი იყოს რეალისტური გეგმები, რათა ცრუ იმედები არ გაუჩინოს დევნილებს. გულწრფელად უნდა განემარტოთ მათ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რისი არა. ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე ის, რომ სამინისტრომ წარმოადგინოს წინადადებების სრულყოფილი, დამაჯერებელი პაკეტი იმისთვის, რომ დონორებმა, რომლებიც მზად არიან მომავალშიც დაეხმარონ სახელმწიფოს, ამ გეგმის სარწმუნოობა და რეალისტურობა ირწმუნონ. დონორები მხოლოდ რეალისტურ პროექტებს დაუჭერენ მხარს.”

იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი გადაწყვეტისა და სამოქმედო გეგმის გაგრძელების შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხედვა არაერთ რეკომენდაციას ითვალისწინებს. მაგალითად: ”ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ისე, რომ იძულებით გადაადგილებულ პირს ჰქონდეს საშუალება ინფორმირებული, თავისუფალი ნების გამოხატვით შეარჩიოს თავისთვის სასურველი გრძელვადიანი საშუალება(დაბრუნება, ადგილობრივი ინტეგრაცია ან ხელახლა განსახლება), რომელსაც მათ მომავალი შესთავაზებს.”

დევნილთა საკითხში პრობლემების სიმრავლეს არ უარყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ვალერი კოპალეიშვილი. კონფერენციაზე იგი გასული პერიოდის შემაჯამებელი მოხსენებით წარდგა:
ვალერი კოპალეიშვილი

”შეუძლებელია ადამიანი იყოს კმაყოფილი, როდესაც მას სთავაზობ სტანდარტს, სთავაზობ მინიმალურს. ჩვენ ვთავაზობთ მინიმუმს, საწყისს. მაგალითად, საკუთრებაში ფართს, რომელიც გარემონტებულია, ან შეიძლება სრულად გარემონტებული არ არის, მაგრამ გადახურვა, წყალმომარაგება მოწესრიგებულია. ანუ ეს არის საწყისი დევნილისთვის. ამით იწყებს. ის იდეალური არ არის, გამორიცხულია, მაგრამ ეს არის კარგი საწყისი იმისთვის, რომ დევნილი განვითარდეს. ყველა უკმაყოფილო შეიძლება იყოს მაგითი, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ 25 000-ს მივეცით ბინა საკუთრებაში და იქ ცხოვრობენ.“

ვალერი კოპალეიშვილის განმარტებით, საქართველოში სულ 260 000 დევნილი, ანუ 88 000 დევნილი ოჯახია.