სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, სულ ცოტა, 21 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო გამოსვლების დარბევისა და სამხედრო ოპერაციების შედეგად. ამ წყაროს ცნობით, დიდი იყო მსხვერპლი ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია იდლიბის ქალაქ მაარეტ ალ-ნუმანში. მას ტანკებიდან გაუხსნეს ცეცხლი. ხოლო სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებმა პოზიციები დაიკავეს ჯისრ ალ-შუღურთან - ჩრდილო-დასავლეთ სირიაში მდებარე ქალაქთან, რომელშიც, როგორც მთავრობა აცხადებს, ამ კვირაში უშიშროების სამსახურის 120 თანამშრომელი მოკლეს შეიარაღებულმა პირებმა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დაწყებულია ოპერაცია ქალაქის „გასათავისუფლებლად“. როგორც იუწყებიან, რეპრესიების შიშით, რეგიონიდან 2400-ზე მეტი ადამიანი გადავიდა მეზობელ თურქეთში.