ჰოლდინგ ”პალიტრა მედიას,” რომელსაც მეორე დღეა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ამოწმებს, დღეს სოლიდარობა გამოუცხადეს ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ჰოლდინგის ოფისთან გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც. დღესვე საგანგებო განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ”პალიტრა მედის” შემოწმება არ უკავშირდება 26 მაისის მოვლენების ობიექტურად გაშუქებას. საბჭო სოლიდარობას უცხადებს ჰოლდინგის ჟურნალისტებს და მიმართავს შემოსავლების სამსახურისა და სხვა საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს, გამჭვირვალედ წარმართონ შემოწმების პროცესი და ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულყოფილად შესრულებაში. ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს და ჟურნალისტთა უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაუშვან თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. ”მივმართავთ საქართველოს საზოგადოებას, ერთად ვიბრძოლოთ ცენზურის ყველა, ღია და ფარული მეთოდის დამკვიდრების წინააღმდეგ და მაღალეთიკური ჟურნალისტიკის განვითარებისთვის, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ინფორმირებული თითოეული მოქალაქე" - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს დღევანდელ განცხადებაში.