ტერორისტული აქტები - მე-16 რაუნდის მთავარი თემა

გაეროს ოფისი ჟენევაში

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდზე წამოსაწევ მთავარ თემად ქართულმა მხარემ ტერორისტული აქტების თემა შეარჩია. საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ აფეთქებებზე, რომელთა მსგავსი ორი შემთხვევაც ჯერ მარტო ბოლო 5 დღეში გამოვლინდა. ჟენევაში მყოფი საქართველოს დელეგაცია ირწმუნება, რომ მარტში გაჩენილი გარკვეული პოზიტიური ნიშნების მიუხედავად, მას შემდეგ რუსეთს არაფერი გაუკეთებია საქართველოსთან საგამოძიებო თანამშრომლობისთვის.

ქართული მხარის გადაწყვეტილება, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდის მთავარ თემად რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერაქტები აქციოს, რადიო თავისუფლებისთვის 7 ივნისის დილით გახდა ცნობილი. ქართული დელეგაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს სერგი კაპანაძეს ჟენევაში ტელეფონით იმ დროს დავუკავშირდით, როდესაც მე-16 რაუნდის დაწყებამდე სულ რაღაც ნახევარი საათი იყო დარჩენილი.
გვქონდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა დაიწყოს საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა...

”შეხვედრაზე მივდივართ იმ განწყობით, რომ ეს არის ჩვენი მთავარი თემა - რუსეთის ფედერაციამ უნდა შეწყვიტოს ტერორისტული აქტების დაგეგმვა და მომზადება ჩვენს ტერიტორიაზე. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ აქ დავაყენებთ. ყველა სხვა საკითხი, რასაც განვიხილავთ ხოლმე ჟენევის მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ამასთან შედარებით არც ერთი სხვა საკითხი არ არის მნიშვნელოვანი. სანამ ქვეყანა აგრძელებს ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელების მცდელობას, მანამდე არ ღირს სერიოზულად განვიხილოთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები”, გვითხრა სერგი კაპანაძემ.

შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია გართულებულია ჟენევის მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდის შემდეგ, როდესაც საქართველოს დელეგაცია ჯერ კიდევ გამოხატავდა გარკვეულ იმედს, რომ მოხერხდებოდა რუსეთის დაყოლიება საგამოძიებო თანამშრომლობაზე. მაგალითად, ”ერთგვარ პოზიტიურ სიგნალზე” ლაპარაკობდა მე-15 რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია:

”გვქონდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა დაიწყოს საქართველოს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა რუსეთის უშიშროების სისტემის ოფიცრების მონაწილეობის საქმეზე საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ბოლო ტერაქტებში. მაგრამ ჩვენ ისევ ველოდებით მინიმუმ რაიმე სახის მასალების გამოგზავნას რუსეთის ფედერაციისგან, რადგანაც შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველომ უკვე კარგა ხნის წინ ოფიციალურად მოსთხოვა რუსეთის ფედერაციას ითანამშრომლოს ამ მეტად საგანგაშო გარემოებასთან დაკავშირებით.”

4 მარტს, როდესაც გიგა ბოკერია ამგვარ ეჭვნარევ იმედს გამოხატავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილად იყო გამოცხადებული საქართველოს ტერიტორიაზე რუსი მაიორის ევგენი (იმავე ჟენია) ბორისოვის მიერ დაგეგმილი და ხელშეწყობილი ტერორისტული აქტების სერიის საქმე. გავიხსენოთ, რომ, 2010 წლის შემოდგომაზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბორისოვის მიერ მართული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის სამიზნე ამერიკის საელჩოც იყო, ასაფეთქებელი მასალებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მარაგდებოდა. ჟენევის მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდის წინ კი, ბოლო 5 დღის მანძილზე, საქართველომ გახსნილად გამოაცხადა კიდევ 2, ამჯერად - განუხორციელებელი, ტერორისტული აქტის საქმე.
ჩვენი მცდელობების შემდეგ, რომ დიალოგში შევსულიყავით მათთან და ჩვენი თხოვნის შემდეგ, რომ მათ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, ამის შემდეგ რუსეთმა ისევ გააგრძელა ტერორისტული აქტების დაგეგმვა ჩვენს ტერიტორიაზე...

2 ივნისს აღკვეთილი ფაქტის მიხედვით, გალის რაიონის ორ მკვიდრს - აბესალომ ჩხეტიასა და თამილა ბენიას - მორიგი აფეთქების განხორციელება რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა - იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუკვეთეს, ხოლო 6 ივნისს გახმაურებული ფაქტის მიხედვით, თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის აფეთქების დავალება ახალგორის რაიონის მკვიდრმა ბადრი გოგიაშვილმა მიიღო ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის ალექსეი სოკოლოვისგან, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის ვლადიმერ ფუხაევისა და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომლის ვოვა კიბილოვისგან.

ამ ახალი ფაქტების ფონზე და იმის გამო, რომ მე-15 რაუნდის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ერთი ნაბიჯიც კი არ გადადგა საქართველოსთან საგამოძიებო თანამშრომლობის მიმართულებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგი კაპანაძის თქმით, საკმაოდ მძიმე სურათია შექმნილი:

”ჩვენი მცდელობების შემდეგ, რომ დიალოგში შევსულიყავით მათთან და ჩვენი თხოვნის შემდეგ, რომ მათ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, ამის შემდეგ რუსეთმა ისევ გააგრძელა ტერორისტული აქტების დაგეგმვა ჩვენს ტერიტორიაზე. შესაბამისად, სრულიად ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ რაიმე პროგრესი შეინიშნება რუსეთის მხრიდან თანამშრომლობაში.”

სერგი კაპანაძემ არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად რა სახით აპირებს ქართული დელეგაცია რუსეთის ტერორისტული აქტების თემის წინა პლანზე წამოწევას. ამის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელი იქნება რამდენიმე საათში, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდის დასრულების შემდეგ.