ჟენევის მე-16 რაუნდის წინ

7 ივნისს ჟენევა უმასპინძლებს საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-16 რაუნდს, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაეთმობა ბოლო პერიოდში გაუარესებულ ვითარებას ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს. ამ კონტექსტში ქართული მხარე აპირებს საგანგებოდ წამოსწიოს საჩხერის რაიონში 18 მაისს მომხდარი ინციდენტი, რომლის შედეგადაც საქართველოს 2 მოქალაქე დაიჭრა. მე-16 რაუნდის წინ რუსეთი და მისგან ოკუპირებული რეგიონები ისევ საქართველოს მიერ გამოხატულ აგრესიაზე ლაპარაკობენ.

ბოლო დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე მთელი რიგი საგანგაშო ინციდენტები მოხდა, რასაც მოჰყვა ადამიანების სიკვდილიც...
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდის მთავარი განსასჯელი თემა უსაფრთხოების თვალსაზრისით გაუარესებული მდგომარეობა რომ იქნება, ეს აშკარად ჩანს პროცესში მონაწილე ყველა მხარის კომენტარებში. თუმცა, რა გასაკვირია და, მხარეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც სიტუაციის გართულების მიზეზებთან, ასევე გართულებული სიტუაციიდან გამოსვლის გზებთან დაკავშირებითაც.

გასაკვირი არ არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ხელისუფლება და მათი მფარველი - რუსეთი - ყველაფერს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებენ და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ. ასეა კომენტარშიც, რომელიც, ჟენევის მოლაპარაკებისთვის მზადების კონტექსტში, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:

”ბოლო დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან საზღვრებზე მთელი რიგი საგანგაშო ინციდენტები მოხდა, რასაც მოჰყვა ადამიანების სიკვდილიც. შეიმჩნევა საქართველოს სპეცსამსახურებისა და დივერსიული ჯგუფების გააქტიურება - სპეცოპერაციების დაწყება მეზობელი სუვერენული რესპუბლიკების ტერიტორიაზე. ასე რომ, საჭიროა საზღვრისპირა რაიონებში გაუარესებული ვითარების დაწვრილებითი ანალიზი და ასევე საჭიროა რეალისტური გზების განსაზღვრა რეგიონში უსაფრთხოებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.”

იყო ძალიან პირდაპირი და ნათელი პოზიცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან - ის უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის საპასუხო პირობის დადებაზე...
ლუკაშევიჩი არ აკონკრეტებს ადამიანების სიკვდილის ფაქტს, თუმცა ადვილად სავარაუდოა, რომ ის გულისხმობს გალის რაიონში 8 აპრილს მომხდარ ინციდენტს, სროლას, რომლის დროსაც სამი ადამიანი - მათ შორის, ერთი რუსი სამხედრო - დაიღუპა. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების შეფასებით, ეს ფაქტი ქართული სპეცსამსახურების მიერ "ტერორისტული საქმიანობის ახალი ეტაპის დასაწყისს“ წარმოადგენს. ცნობილია, რომ აფხაზური მხარე ამ საკითხს 7 ივნისს ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდზე დააყენებს. თუმცა თბილისი უარყოფს რაიმე კავშირს 8 აპრილს მომხდარ ინციდენტთან და მომხდარს "შეიარაღებულ კრიმინალურ გარჩევას“ უწოდებს.

თბილისს ადანაშაულებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის ხელისუფლებაც. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ”რესი” იუწყება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო წარმომადგენელი ჟენევის მოლაპარაკებებზე, ბორის ჩოჩიევი, კვლავაც დააყენებს ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად დამავალდებულებელი დოკუმენტის შემუშავების საკითხს, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაფორმდეს. იმავე ტიპის დოკუმენტის საქართველოსთან გაფორმებას, როგორც ცნობილია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაც ითხოვს და რუსეთი უკვე დიდი ხანია ყველანაირად იცავს ამ ტიპის მოთხოვნას.

თუმცა საქართველოს უცვლელი პოზიცია არც მე-16 რაუნდის წინ შეცვლილა. თბილისის პრიორიტეტული მოთხოვნაა, რომ რუსეთმა დადოს საქართველოს მსგავსი პირობა ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით და როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა 4 მარტს, ჟენევის მოლაპარაკებათა მე-15 რაუნდის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ამ მხრივ მტკიცეა ეუთოს, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლების - პროცესის თანათავმჯდომარეების - პოზიციაც:

”იყო ძალიან პირდაპირი და ნათელი პოზიცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან - ის უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის საპასუხო პირობის დადებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა უმრავლესობა რუსეთს ამისკენ მოუწოდებდა, მათ შორის თანათავმჯდომარეებიც. და უნდა ვთქვა, რომ თანათავმჯდომარეების პოზიცია საკმაოდ ნათელი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით.”

საქართველოს დელეგაცია ამ საკითხზე მსჯელობას 7 ივნისს, მე-16 რაუნდის ფარგლებშიც გააგრძელებს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, 18 მაისს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მომხდარმა ინციდენტმა, როდესაც ოკუპანტი რეჟიმის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად საქართველოს ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა და ოკუპანტების მხრიდან ყოველ წუთს მოსალოდნელმა საფრთხემ იჩინა თავი, განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ძალების შეყვანის მოთხოვნამ:
”ყველაზე მინიმუმ, ეს საერთაშორისო ძალები წარმოადგენს მონიტორინგის ფუნქციის მქონე ძალებს და აქედან ყველაზე კარგი ვარიანტია, რა თქმა უნდა, ევროკავშირის მისიის შესვლა. თუმცა, ჩვენი აზრით, მარტო ეს არ იქნება საკმარისი. უფრო უკეთესი და უფრო ეფექტური იქნება, თუკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. აღმასრულებელი საპოლიციო ძალები და სამშვიდობო კონტინგენტი იქნება განთავსებული.”

უსაფრთხოების ახალი მექანიზმის საჭიროების კონტექსტში, განსაკუთრებით ბოლო დროს, ხშირად განიხილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი ტერორისტული აქტების საფრთხეც. ამ პრობლემასთან მიმართებით ჟენევის მოლაპარაკებათა მე-16 რაუნდი გვერდს ვერ აუვლის 2 ივნისის ინციდენტს. გავიხსენოთ, რომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხუთშაბათს აღიკვეთა „ტერორისტული აქტის განხორციელების მორიგი მცდელობა“ - დააკავეს გალის რაიონის ორი მკვიდრი, რომლებსაც მორიგი აფეთქების განხორციელება რუსეთის სპეცსამსახურების ორმა თანამშრომელმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაუკვეთა.