ბადრი ბიწაძისთვის აღკვეთის ღინისძიებად 100 000 ლარის გირაოს შეფარდების მისმა ადვოკატმა დღეს გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა დღეს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, მტკიცებულებები, რომელიც შსს-მ ვიდეო_ და აუდიომასალის სახით შესთავაზა საზოგადოებას ქართული სასამართლოსთვისაც კი ვერ გამოდგა, რადგან გადაწყვეტილებაში ეს მასალა ასახული არ არის. ბურჯანაძის შეფასებით, უსუსურია ბრალდებაც, რომ ბიწაძემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და საქმე სწორედ ამ მუხლით აღიძრა. რაც შეეხება მეუღლის ამჟამინდელ ადგილსამყოფელს, ნინო ბურჯანაძემ არც უარყო და არც დაადასტურა, რომ ბადრი ბიწაძე საქართველოში არ იმყოფება.