პროფესორი რუხაძე და მისი „ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია“

გამომცემლობა „უნივერსალმა“ სულ ახლახან პროფესორ ტრიფონ რუხაძის „ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია“ გამოსცა. პირველად სქელტანიანი მონოგრაფია სამოცი წლის წინ, 1949 წელს, დაიბეჭდა, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მდიდარ საარქივო მასალებსა და ისტორიულ წყაროებზე დაფუძნებულ კვლევას დღემდე არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება. წიგნის პრეზენტაციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა.
არ მეგულება არც ერთი მეცნიერი თეატრმცოდნეობაში, რომელიც გვერდს აუვლის ამ წიგნს...

პროფესორ ტრიფონ რუხაძის „ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია“ ქართული თეატრმცოდნეობის უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ პირველ მეცნიერულ ნაშრომად ითვლება. მონოგრაფიით ავტორმა, ფაქტობრივად, გააბათილა მცდარი შეხედულება ძველი ქართული დრამატურგიის მწირ ისტორიაზე, რომლის შესახებაც ცნობილი საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე 1906 წელს გამოცემულ „ქართული თეატრის მოკლე ისტორიაში“ ჩიოდა:

„დღევანდელს სალიტერატურო ისტორიაში, აგრეთვე სამოქალაქო და სათეატროშიაც, ისე იხსენიებენ და ისეც რჩება, რომ ვითომც ქართველებმა 1850 წლამდის ქართული თეატრის საქმეების არაფერი იცოდნენ, არც კომედიები ჰქონდათ დაწერილი... ყოველივე ეს უცოდინრობის ბრალია.“
ტრიფონ რუხაძე

ტრიფონ რუხაძე მონოგრაფიის შესავალში შენიშნავს, როცა ამა თუ იმ ხალხის ცნობიერებაში რამე მოვლენა იბადება, ის შესაფერის სიტყვებსაც პოულობს და ამ სიტყვების მიხედვით შეგვიძლია აღვადგინოთ უკვე გამქრალი მოვლენებიო. შესაფერი სიტყვები, ანუ ამ შემთხვევაში ძველ ლიტერატურაში შემონახული თეატრისა და დრამატურგიის ტერმინები, მონოგრაფიის პირველ ნაწილშია თავმოყრილი. ავტორის თქმით, სიტყვა თეატრონი გვხვდება აბიბოს ნეკრესელისა და შიო მღვიმელის „წამება-ცხოვრების“ მომთხრობ ძეგლებში, რომლებიც მე-6 საუკუნეს განეკუთვნებიან. არსენ იყალთოელის მიხედვით კი, სანახაობის მოყვარულ ადამიანს მეთეატრონე ეწოდებოდა. მიმოსის სრულ და ზუსტ განმარტებას იძლევა მე-11 საუკუნეში მცხოვრები გიორგი ათონელი, რომელიც წერდა: „მიმოსები იჩემებენ სახესა სხუისასა, გინა საქმესა, და იტყუიან და მიუგებენ და განაცხრობენ ერსა“. თეატრმცოდნე პროფესორი ვასილ კიკნაძე ტრიფონ რუხაძის მონოგრაფიის შესახებ ამბობს:

„არ მეგულება არც ერთი მეცნიერი თეატრმცოდნეობაში, რომელიც გვერდს აუვლის ამ წიგნს. ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო დიმიტრი ჯანელიძე, ათჯერ იმოწმებს ბატონი ტრიფონის ამ წიგნს. მეცნიერული შრომის ფასიც ესაა, როდესაც ისეთი წიგნი იქმნება, რომელიც მუდმივ მეცნიერულ მიმოქცევასა და ყურადღების ცენტრშია.“

ვასილ კიკნაძის თქმით, წიგნი გაჯერებულია წყაროებითა და არქივებში მოპოვებული მასალებით. თავად ავტორი კი შენიშნავს, ქრისტიანობამ მიითვისა თეატრის როლი და ამით აიხსნება ასე ღარიბი ცნობების არსებობა ქართული თეატრის უძველეს საწყისებზეო. ტრიფონ რუხაძის მიხედვით, ქრისტიანობის გაძლიერებასთან ერთად მოხდა სანახაობათა რეგლამენტაცია. ავტორი იშველიებს ვახუშტი ბატონიშვილის „ზნენი და ჩვეულებანი საქართველოსანი“-ს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში გართობისა და სადღესასწაულო რიტუალების გარკვეული წესი იყო დამყარებული: „კათალიკოზნი და ეპისკოპოსნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობათა ცემანი.“
ეს არის ფასდაუდებელი წყარო, როგორ იხვეწებოდა, როგორ იწმინდებოდა ყოველგვარი მინარევისაგან ქართული სათარგმნო ლიტერატურული ენა...

მონოგრაფიაში ვრცელი ადგილი უკავია როგორც ორიგინალურ, ასევე თარგმნილ დრამატურგიულ ნაწარმოებებს, რომელთა მნიშვნელობაზე პროფესორი გიორგი წიბახაშვილი ამბობს:

„ეს არის ფასდაუდებელი წყარო, როგორ იხვეწებოდა, როგორ იწმინდებოდა ყოველგვარი მინარევისაგან ქართული სათარგმნო ლიტერატურული ენა. თუ ვინმე დაინტერესდება, როგორ მიდიოდა ეს ენა თავისი სტრუქტურით, ლექსიკით, სტილისტიკით, სინტაქსით იმ ენისკენ, რითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ, ტრიფონ რუხაძის წიგნი იძლევა ფასდაუდებელ მასალას.“

„ძველი ქართული თეატრისა და დრამატურგიის“ გარდა, ტრიფონ რუხაძე ავტორია 150-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და შემდეგი მონოგრაფიებისა: „ქართული ეპოსი გარდამავალი ხანის ლიტერატურაში“, „ქართველები რუსეთის 1812 წლის სამამულო ომში“, „ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან“ და „ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან“. ამასთან, პროფესორ ოთარ ბაქანიძის თქმით, ტრიფონ რუხაძე ფლობდა ფასდაუდებელ ინფორმაციას არქივებში დაცული უნიკალური წყაროების შესახებ:

„სასიამოვნო ის კი არ არის მხოლოდ, რომ მან იცოდა ყოველივე ეს. უანგაროდ გვიზიარებდა ამ ცოდნას. მოგიტანდა სრულიად გამოუქვეყნებელ ინფორმაციას რაიმე წყაროს შესახებ და თავისი ხელით დაგიწერდა ისე, რომ არავითარ პრეტენზიას საავტორო უფლებებზე არ აცხადებდა.“

ოთარ ბაქანიძის თქმით, წიგნი და მეცნიერება იყო პროფესორ რუხაძის უმთავრესი ვნება. ძველი ქართული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარი და ტრიფონ რუხაძის მოწაფე, პროფესორი ელგუჯა ხინთიბიძე თავის მასწავლებელს ასე ახასიათებს:

„იმთავითვე მას მოჰქონდა რაღაც დიდი შთაგონება, რომ ეს არის ყველაფერი, ეს წიგნი, ეს საქმე! გატაცება და სიყვარული, მე ვიტყოდი ხორციელი სიყვარული ჰქონდა მეცნიერებისადმი, წიგნისადმი და ისევ და ისევ ძველი ქართული ლიტერატურისადმი.“
ტრიფონ რუხაძე სტუდენტებთან

ამასთან, პროფესორი რუხაძე მხოლოდ გამორჩეული მკვლევარი და პედაგოგი როდი იყო. აკაკი ბაქრაძე თავის ცნობილ წიგნში „მწერლობის მოთვინიერება“ მკითხველს უამბობს ტრიფონ რუხაძის სამოქალაქო გმირობის შესახებ:

„როცა მწერლებისა და მეცნიერების რბევა მიმდინარეობს, არავის აქვს უფლება გამოსარჩლების მიზნით ხმა ამოიღოს, კრინტი დაძრას. თუ სინდისმა არ მოგასვენა და კომპარტიის მიერ გაკრიტიკებულის დაცვა სცადე, მაშინ უთუოდ დაგატყდება თავზე რისხვა. ასე მოუვიდა, მაგალითად, ტრიფონ რუხაძეს. როცა კორნელი კეკელიძე, მიხეილ ზანდუკელი, გერონტი ქიქოძე და სხვანი გაროზგეს, ტრიფონ რუხაძემ ზოგიერთი მათგანის გამოქომაგება სცადა.“

ტრიფონ რუხაძის ამ საქციელის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავს პროფესორი ნოდარ ტაბიძე:
ერთადერთი კაცი, რომელსაც ვერაფერი ცუდი ვერ ათქმევინეს კორნელი კეკელიძეზე - ეს იყო ტრიფონ რუხაძე! ერთადერთი კაცი, რომელმაც მასწავლებლის ღირსება დაიცვა!...

„იყო ერთი პერიოდი, როდესაც კოსმოპოლიტიზმმა წალეკა ყველაფერი და ვინ არ ესხმოდა თავს ბატონ კორნელი კეკელიძეს. „ლიტერატურული გაზეთი“ სავსეა მის წინააღმდეგ მიმართული სტატიებით. ზოგჯერ გაჰკრავენ კბილს თვით მისი მოწაფეებიც. ერთადერთი კაცი, რომელსაც ვერაფერი ცუდი ვერ ათქმევინეს კორნელი კეკელიძეზე - ეს იყო ტრიფონ რუხაძე! ერთადერთი კაცი, რომელმაც მასწავლებლის ღირსება დაიცვა!“

სხვათა შორის, ტრიფონ რუხაძეს არც ექვთიმე თაყაიშვილის გასვენებაში მისვლის შეშინებია. ის იყო იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს შორის, ვინც გაბედა და საქართველოს ეროვნული საგანძურის მცველი ბოლო გზაზე გააცილა. მეცნიერის უფროსი ვაჟი სერგო რუხაძე იხსენებს:

„პატარა ვიყავი, როცა ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა. მამამ წამიყვანა გასვენებაში. ვერაზე ვცხოვრობდით, ექვთიმეს სახლთან ახლოს. მახსოვს, გასვენებაში ძალიან ცოტა ხალხი იყო. მგონი, აკაკი ბაქრაძემ გამოაქვეყნა სია, თუ ვინ მივიდა ექვთიმე თაყაიშვილის გასაცილებლად. მაშინ ისეთი დრო იყო, ეშინოდა ხალხს.“

პროფესორი რუხაძე 67 წლის ასაკში, 1979 წელს გარდაიცვალა. მეცნიერის ქალიშვილი ნინო რუხაძე ვარაუდობს, რომ ჯანმრთელობა მძიმე, თავდაუზოგავმა შრომამ და მტვრით სავსე არქივებში გატარებულმა წლებმა შეურყია. ნინო რუხაძისთვის ისიცაა ცნობილი, თუ როგორი ძალისხმევის ფასად იქნა მოპოვებული მასალები „ძველი ქართული თეატრისა და დრამატურგიისათვის“:

„1948 წელს ჩამოვიტანე ლენინგრადის არქივებიდან რამდენიმე პიესაო... მახსოვს, მიამბობდა, ახალი დამთავრებული იყო ლენინგრადის ბლოკადა, ტრანსპორტი ჭირდა და იმ ეშელონს გამოვყევი, რომელსაც გვამები გადაჰქონდა, თუთიის კუბოებთან ერთად ვიმგზავრეო. უკან არაფერზე იხევდა, ისეთი შემართება ჰქონდა და მართლა რუდუნებით შრომობდა.“
გრივერ ფარულავა

პროფესორ რუხაძის შრომის ფასი კარგად იციან ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევრებმა. პროფესორი გრივერ ფარულავა ტრიფონ რუხაძის მემკვიდრეობაზე საუბრისას ამბობს, რომ მისი წიგნები შეგაგონებენ და უფრო მეტად გარწმუნებენ იმაში, რომ აწმყო და მომავალი, რომელსაც ფესვები წარსულში არა აქვს, ვერ ივარგებს ვერავითარ შემთხვევაში:

„წიგნები ბატონ ტრიფონ რუხაძისა სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ ჩვენ ფესვებთან არ დავკარგოთ კავშირი“, - ამბობს გრივერ ფარულავა, რომელიც იმასაც შენიშნავს, რომ ტრიფონ რუხაძე თავისი ერთ-ერთი ბოლო მონოგრაფიის შესავალს პავლე მოციქულის სიტყვებით ამთავრებს: „მოიხსენენით, ძმანო, შრომანი ჩუენნი და რუდუნებანი“. ეს გამონათქვამი მეცნიერის ერთგვარ მოკრძალებულ ანდერძადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ - ანდერძად, რომელსაც მხოლოდ წიგნიერი შთამომავლობა თუ გაითვალისწინებს და შეასრულებს.