ბადრი ბიწაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, ადვოკატ ლაშა სამუშიას, რომელსაც ბიწაძის ინტერესები უნდა დაეცვა, გამომძიებელმა კახა სირაძემ აცნობა, რომ სასამართლო პროცესი დილის 10 საათზე გაიმართა, ბადრი ბიწაძეს 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს და სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. ბურჯანაძემ ხელისუფლება კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან მისივე თქმით, ბადრი ბიწაძის ადვოკატს შესაბამის უწყებაში გამოცხადების ვადა დღეს, 16 საათზე ეწურებოდა. დილით საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ბადრი ბიწაძეს აღმკვეთ ზომად 100 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. მანამდე, 30 მაისს პროკურატურამ განაცხადა, რომ ბიწაძე ბრალდებულად სცნო წინასწარ შექმნილი ჯგუფის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმების ორგანიზებაში. თავად ბადრი ბიწაძის ამჟამინდელი ადგლისამყოფელი უცნობია. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დღეს სააგენტო პირველს განუცხადა, რომ სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას ბიწაძის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესახებ