ბარაკ ობამას გამოსვლა სახელმწიფო დეპარტამენტში

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკს შესახებ თავის გამოსვლაში, რომელიც ხუთშაბათს, ვაშინგტონში, ადგილობრივი დროით შუადღისას შედგა, განაცხადა, რომ ადამიანის ღირსების ხმა ისმის მთელ რეგიონში და აღიარა, რომ აშშ-მა სათანადო ყურადღება არ მიაქცია უბრალო ადამიანების მოთხოვნებს. ობამა მიესალმა ახლო აღმოსავლეთში თავისუფლებისკენ სწრაფვას: „ექვსი თვით განმავლობაში, ჩვენ მოწმე ვიყავით განსაკუთრებული ცვლილებისა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. მოედნიდან მოედნამდე, ქალაქიდან ქალაქამდე, ქვეყნიდან ქვეყანამდე, ხალხი აღდგა თავისი უფლებებისთვის“.

ობამას თანახმად, აშშ მიესალმება ცვლილებას, რომელიც გულისხმობს ადამიანების სურვილს, თვითონ მართონ საკუთარი თავი და ისინი არიან აშშ-ის მოკავშირეები, არა მათი ლიდერებიო. ბევრ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანის ხელშია ძალაუფლება, თქვა მან. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, სირიის რეჟიმმა „მკვლელობის“ გზა აირჩია. ობამა თვლის, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა ან უნდა აირჩიოს დემოკრატიის გზა, ან წავიდეს. ეგვიპტეს რაც შეეხება, ობამას ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანას, სადაც პრეზიდენტი მუბარაკი ჩამოაგდეს, ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ვალს გაუუქმებს და გარანტიას მისცემს, მიიღოს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება. ბაჰრეინის მმართველებს, ქვეყანისა, რომელიც აშშ-ის მოკავშირეა, და სადაც თავისუფლების მოსურნე ადამიანებს სამეფო ოჯახი ძალადობით უპასუხებს, აშშ-ის პრეზიდენტმა მოუწოდა, დიალოგი აწარმოოს ოპოზიციასთან და პირველ რიგში ციხიდან გაათავისუფლოს მისი წარმომადგენლები. მან ასევე მოუწოდა იემენის პრეზიდენტს, სალეჰს, მისდიოს რჩევას და გადასცეს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლება. ობამას თქმით, აშშ დემოკრატიისკენ მოწოდებების მხარდამჭერი იქნება მაშინაც, თუკი ის რეგიონში მისი სტრატეგიული ინტერესების საპირისპირო იქნება: „მოვა დრო, როცა ჩვენი მოკლევადიანი ინტერესები აღარ დაემთხვევა სრულად ჩვენს შორეულ ხედვას რეგიონში. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია - და ასეც გავაკეთებთ - მივემხრობით მთავარ პრინციპებს, პრინციპებს, რომლებითაც ვიხელმძღვანელეთ, როცა გასული ექვსი თვის მოვნებელს ვუპასუხებდით“.

ბარაკ ობამამ ახსენა ოსამა ბინ ლადენი, რომელიც აშშ-ის სპეცრაზმმა გაანადგურა პაკისტანში, და თქვა, რომ ის არ იყო წამებული, რომ ის მასობრივი მკვლელი იყო.

ირანზე, მან თქვა, რომ ჩვენ დაბეჯითებით გავაგრძელებთ მოთხოვნას, რომ ირანელები იმსახურებენ ფუნდამენტურ უფლებებსო.

ობამა შეეხო ისრაელის და პალესტინელთა კონფლიქტს და თქვა, რომ პალესტინელები ვერ მიაღწევენ მშვიდობას, თუკი ჰამასი ტერორის გზაზე დარჩება. მისივე თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკება უნდა დასრულდეს ორი სახელმწფოს შექმნის შედეგით. ობამამ პირველად თქვა საჯაროდ, რომ საზღვრები მათ შორის უნდა ეფუძნებოდეს ექვსდღიან ომამდელ, ისრაელის მიერ აღმოსავლეთი იერუსალიმის, ღაზის და იორდანეს დასავლეთი ნაპირის ოკუპაციამდელ, 1967 წლის ზოლს, რათა ორი ქვეყნისთვის არსებობდეს უსაფრთხო და აღიარებული საზღვრები.

ბარაკ ობამამ თქვა, რომ პალესტინელ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თვითონ მართოს თავისი თავი და მიაღწიოს თავის შესაძლებლობებს სუვერენულ სახელმწიფოში. ობამამ თუმცა იქვე უარი განაცხადა პალესტინელთა გეგმაზე, ზეწოლა მოახდინონ გაეროზე, რომ მან აღიაროს პალესტინელთა სახელმწიფო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სიმბოლური აქტები არ მოიტანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.