კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია

დღეს, 14 მაისს ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრების ნაწილმა საზოგადოებრივი მოძრაობა ”ჩემი საქართველო” დააფუძნა. ეს შტაბის სწორედ ის ნაწილია, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად აქამდე ჩართული არ ყოფილა. ახალი მოძრაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მონიტორინგის მიზნით შეიქმნა. შესაბამისად, მისი დაკვირვების ობიექტი ერთდროულად იქნება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ქმედებები.
ჩვენ ვეცდებით, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია იქამდე, რომ ძალისმიერი დაპირისპირება მოხდეს ძალოვანებსა და, ვთქვათ, „ქართულ პარტიას“ შორის...

საზოგადოებრივი მოძრობა ”ჩემი საქართველოს” მონიტორები თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობას, შეიძლება ითქვას, 16 მაისს შეუდგებიან. ისინი აპირებენ მონაწილეობა მიიღონ ”ქართული პარტიის ” მიერ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაგეგმილ აქციაში და ძალოვანებისა და აქციის მონაწილეების დაპირისპირება არ დაუშვან. ”ჩემი საქართველოს” დამფუძნებელმა, გია ქურდაძემ, გვითხრა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ნეიტრალური დამკვირვებლის სტატუსით ამიერიდან საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩაერთვება. რაც შეეხება 16 მაისისათვის დაგეგმილ აქციას:

”ახლა 16-მდე კიდევ ორი დღე გვაქვს და ეს ორი დღე ალბათ ვიმუშავებთ იმაზე და მე მგონი, ის აზრი გაიმარჯვებს, რომ მეხამრიდის ან რაღაც ასეთი როლი შევასრულოთ, რათა არ დავუშვათ გართულება. ჩვენ ვეცდებით, რომ არ მივიყვანოთ სიტუაცია იქამდე, რომ ძალისმიერი დაპირისპირება მოხდეს ძალოვანებსა და, ვთქვათ, „ქართულ პარტიას“ შორის.”
პოლიტიკური პროცესი გულისხმობს როგორც დიალოგს, ისე დებატებს, საარჩევნო გარემოზე მუშაობას და მათ შორის ქუჩის აქციებსაც. მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანა დაბრუნდეს 90-იან წლებში...

საქართველოში პოლიტიკური პროცესი ნელ-ნელა ჩიხში შედის და, დაანონსებული რევოლუციების პარალელურად, რეალურად ვდგავართ შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხის წინაშე, - აღნიშნულია ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საზოგადოების თავმჯდომარე ელისო კილაძე, თავის მხრივ, განმარტავს, რომ ”ჩემი საქართველო” ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება და თავის ძალისხმევას ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების წინააღმდეგ მიმართავს:

”მიუხედავად იმისა, რაც ხდება და მოხდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რაღაც საერთო შეხების წერტილები ამ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იპოვონ და ეს პროცესი პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანონ და არა სამოქალაქო ომში და იარაღის ძალით ხელისუფლების დამხობაში. პოლიტიკური პროცესი გულისხმობს როგორც დიალოგს, ისე დებატებს, საარჩევნო გარემოზე მუშაობას და მათ შორის ქუჩის აქციებსაც. მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანა დაბრუნდეს 90-იან წლებში.”

როგორც ელისო კილაძე აღნიშნავს, სწორედ პოლიტიკურ პროცესზე იქნება დამოკიდებული, გადაკეთდება თუ არა ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად.
ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს ეს ჯგუფი სწორედ რომ პოლიტიკური რეიტინგის მოპოვებას...

”თუ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში გადავა, ჩვენ შევეცდებით ამ მომენტისთვის მზად ვიყოთ და საარჩევნო პროცესში მონაწილეობისათვის პოლიტიკური პარტია ვიყოთ”, - გვითხრა ელისო კილაძემ. ამ ეტაპზე იგი თანამოაზრეებს საზოგადოებრივ მოძრაობა ”ჩემ საქართველოში” გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენისა და 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ბადრი პატარკაციშვილის სახელს თავისი ხიბლი ქართულ სინამდვილეში აქვს და ბევრი ადამიანისთვის მიმზიდველია მისი, როგორც მეცენატის, მოღვაწეობა. შესაბამისად, რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა შეძლებს იმ ხალხის მიზიდვას, ვისთვისაც ბადრი პატარკაციშვილის სულისკვეთება მისაღები იყო:
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

”ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მოახერხებს ეს ჯგუფი სწორედ რომ პოლიტიკური რეიტინგის მოპოვებას, პოლიტიკურად საინტერესო რამდენად იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ შესანიშნავი პიროვნება იყო პატარკაციშვილი, მრავალმხრივი ინტერესებისა და უზარმაზარი პოტენციალის მქონე, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაში მან რამდენიმე წამგებიანი ნაბიჯი გააკეთა. ადვილი არ არის პოლიტიკაში დამკვიდრება.”

რამაზ საყვარელიძის შეფასებით, თუ ჯგუფი სათანადო პოლიტიკურ უნარებს ვერ გამოავლენს, დარჩება ერთ-ერთ საზოგადოებრივ ორგანიზაციად, რაც, მისი თქმით, ასევე არ არის ცუდი.