ქართული პრესის მიმოხილვა. 10 მაისი, 2011

პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გუშინ კახეთში „ქართული პარტიის“ მიერ დაწყებული აქციების მიმოხილვით. ყველაზე მეტს ამაზე ”ალია” წერს, რომელიც აქციებს კარგა ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გაზეთი წერს, მიტინგი კარგი გამოუვიდათ, სამეგრელოდან ”მიტინგების მამა”, კახა მიქაია ჩამოვიდა, თბილისიდან კახეთში ათასამდე აქტივისტი ჩავიდა და ადგილობრივები ხომ მოვიდნენ და მოვიდნენო. სტატიის ავტორი უკმაყოფილო ჩანს ამ მიტინგის შემდგომი განვითარებით, კერძოდ კი, იმით, რომ ჯაბა ჯიშკარიანმა ხალხის ნაწილი და ყველა ჟურნალისტი ზურაბ ადეიშვილის სახლისკენ წაიყვანა მიტინგის ჩასატარებლად, რამდენიმე საათი გზააბნეული ატარა და ბოლოს ჩაკეტილი სახლის წინ მოაწყო აქცია. ”დაველოდოთ, რა მოხდება 21 მაისს, რეპეტიციები უკვე დაწყებულიაო”, - ასე ამთავრებს რეპორტაჟს ”ალია”.

21 მაისს რაც შეეხება, ”ახალი თაობა” აქვეყნებს დღეს ინტერვიუს სახალხო კრების ლიდერ ნონა გაფრინდაშვილთან. ”21 ისე მოფიქრებული რიცხვი არ არის. ჩვენ მიზანმიმართულად მივიწევდით წინ, ვძლიერდებოდით, არც ერთი ცდომილება არ გვქონია და მზად ვართო”, - უთხრა ნონა გაფრინდაშვილმა ”ახალ თაობას“.

სხვა თემებს რაც შეეხება,”რეზონანსი” უბრუნდება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გიორგი გეგეჭკორის საქციელს - ინტერნეტით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ურტყამს ის ხელს დაცვის პოლიციის თანამშრომელს და მას კიდევ ერთი, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი თანამშრომელი ესარჩლება და დაცვის პოლიციის თანამშრომელს ისიც ხელს ჰკრავსო, - წერს გაზეთი და მოჰყავს თავად გეგეჭკორის კომენტარი: ”ვიდეოკადრებში, უბრალოდ, ცუდად გამოჩნდა. მოედანზე გავედი, რადგან ხალხი აღელვებული იყო და მათ დაწყნარებას ვცდილობდიო“. ”რეზონანსი”, ისევე როგორც ბევრი სხვა გაზეთი, დღეს 9 მაისზე წერს, არ არის გამორიცხული, მომავალი წლიდან ვეტერანებს იმავე ზეიმის აღნიშვნა სხვა დღეს მოუწიოსო.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი მოწინავე გვერდს მთლიანად უთმობს კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის მოსაზრებებს 9 მაისის აღნიშვნის მართებულობასთან დაკავშირებით. ”ევროპა, რომელმაც ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმა, საბჭოთა კავშირის გამარჯვებას ზეიმობდა? - კითხულობს რეჟისორი სტატიის სათაურში, რომელსაც დღეს ”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ.