უცხოეთის პრესა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ

მიმდინარე კვირაში მსოფლიოს პრესის ყურადღების ცენტრში, ბუნებრივია, ერთი მოვლენა - აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების მიერ „ალ-ყაიდის“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია - მოექცა.

დასავლეთის პრესის ფურცლებზე არაერთი ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა. ჟურნალისტები წერდნენ, რომ „ალ-ყაიდის“ ტერორისტული ქსელი კვლავ საშიშად რჩება, თუმცა პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ამ ქსელის ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის აშშ-ის ძალების მიერ ლიკვიდაციას დასავლეთსა და მუსულმანურ სამყაროს შორის დამაახლოებელ ფაქტორად განიხილავდნენ.

3 მაისს ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „პაისი“ წერდა, ოსამა ბინ ლადენის სიკვდილი „ალ-ყაიდის“ ქსელს დაასუსტებს, თუმცა მას საბოლოოდ არ დაანგრევსო. „’ალ-ყაიდამ’ ბინ ლადენის დაკარგვით დიდი დარტყმა განიცადა. მისი ლიდერის სიმბოლური ძალაუფლების ჩანაცვლება ადვილი არ იქნება. მაგრამ ‘ალ-ყაიდა’ არსებობას გააგრძელებს და ახალ ემირს იპოვის - სავარაუდოდ, ეს ეგვიპტელი აიმან ალ-ზავაჰირი იქნება, რომელიც წლების განმავლობაში გლობალური ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგოსად გვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ მრავალწახნაგოვან ჯგუფში ყველა მოთამაშე არ უმაგრებს ზურგს. გასულ კვირაში გერმანიაში სამი პირი დააკავეს, რომლებსაც „ალ-ყაიდის“ ლიდერებს უკავშირებენ და რომლებიც თვითმკვლელური ტერაქტების მოსაწყობად ემზადებოდნენ. ასეთ ამბებს მომავალ წლებშიც გამუდმებით გავიგონებთ“, - წერდა ესპანეთის „პაისი“ 3 მაისს.

ამავე დღეს, 3 მაისს, საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „მონდი“ ამტკიცებდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ოსამა ბინ ლადენი უკვე გარკვეული პერიოდია მკვდარი იყოო. „ოსამა ბინ ლადენის ფიზიკური სიკვდილი „ალ-ყაიდის“ ლიდერის პოლიტიკურ სიკვდილს მოსდევს. არაბულ სამყაროში მომხდარმა დემოკრატიულმა რევოლუციებმა, რომელთა საარჩევნო ლოზუნგები ბინ ლადენის რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის ანტითეზას წარმოადგენს, მას აქტუალობა დაუკარგა. ის ჯორჯ ბუშის დროს რომ მოეკლათ, ტერორიზმის წინააღმდეგ ომის პერიოდში, ადვილად გადაიქცეოდა მოწამედ ჯიჰადისტებისთვის, სიმბოლოდ ისლამურ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ანტიდასავლური მოძრაობებისთვის. მისი სიკვდილით აღმოსავლეთის და დასავლეთის ურთიერთობებში მძიმე თავი დასრულდა - თავი, რომელიც 11 სექტემბრის თავდასხმებით დაიწყო და რომელმაც ტუნისის ჟასმინის რევოლუციაც მოიცვა. კაიროს ტაჰრირის მოედანს და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის არაბი ხალხის ბრძოლას ეს ეპოქა დასასრულისკენ მიჰყავს“, - ვკითხულობთ საფრანგეთის „მონდის“ 3 მაისის ნომერში.

ბრიტანეთის ლიბერალურ-კონსერვატიული „ტაიმსი“ პაკისტანის შესახებ წერდა. „ვაშინგტონის წინაშე ახლა ერთი მკაფიო პოლიტიკური საკითხი დგას - როგორ მოექცეს პაკისტანს. თითქმის დაუჯერებელია, რომ არავინ იცოდა რა ხდებოდა იმ გამაგრებულ შენობაში, რომელსაც ელიტურ სამხედრო აკადემიას მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი აშორებს“, - წერს „ტაიმსი“ და განაგრძობს: „ამერიკას პაკისტანის გვერდში დგომა სჭირდება, განსაკუთრებით ავღანეთთან დაკავშირებულ სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ისლამაბადს დიპლომატიური ტაქტით მოეპყრობა. მაგრამ ამ დისფუნქციური მთავრობის ნდობა არაგონივრული ნაბიჯი იქნებოდა.“

შემდეგ დღეებში დასავლეთის პრესა აბოტაბადში მომხდარი რეიდის დეტალებით დაინტერესდა. აშშ-ის მთავრობამ ოდნავ შეცვალა მომხდარის თავდაპირველი ვერსია, რომ ბინ ლადენმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ელიტურ ქვედანაყოფთან სროლაში. როგორც მოგვიანებით გამოიკვეთა, „ალ-ყაიდის“ ლიდერი შეუიარაღებელი იყო, როცა თავში ესროლეს მას შემდეგ, რაც მისი შეპყრობის მოსურნეებს წინააღმდეგობა გაუწია. დასავლეთის პრესაში ზოგიერთი მიმომხილველი მის მოკვლას სრულიად ლეგიტიმურს უწოდებდა, სხვები კი მიიჩნევდნენ, რომ აშშ-მა საერთაშორისო სამართალი დაარღვია.

გერმანიის ლიბერალურმა გამოცემა „ჰანდელსბლატმა“ დაბეჭდა საერთაშორისო იურისტის, ანდრეას ფიშერ-ლესკანოს კრიტიკული სტატია, სათაურით „მკვლელობა სამართლიანი არასოდეს არის“. ანალიტიკოსი წერს: „ოსამა ბინ ლადენი კრიმინალი იყო. ამდენად, პოლიტიკური თვალსაზრისით შესაძლოა არსებობდეს მიზეზები იმის სათქმელად, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალი იყო. და მაინც, დიდწილად სირცხვილია ის, რომ ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატი ბარაკ ობამა მის მკვლელობას ზეიმობს სიტყვებით „სამართალი აღსრულდაო“ და მას გერმანიის კანცლერიც მხარს უბამს ბინ ლადენის სიკვდილის გამო სიხარულის გამოხატვით.“ ფიშერ-ლესკანო დასძენს: „სამართალი, რომელზეც ობამა ლაპარაკობს, სამაგიეროს გადახდას გულისხმობს. მაგრამ თუ გლობალური სამართალი ვერ შეძლებს საერთაშორისო კანონის ზომების დაცვას, რაც კრიმინალების მართლმსაჯულების წინაშე წარდგომას ითვალისწინებს, ამის ნაცვლად კი მათ სწრაფად გაუმკლავდება მიზანში ამოღებული მკვლელობით, მაშინ ახდება ფრანგი ფილოსოფოსის, ჟაკ დერიდას წინასწარმეტყველება: ტერორისტული ქსელებისა და სახელმწიფო ქსელების ერთმანეთისგან განსხვავება შეუძლებელი იქნება მათ მიერ გამოყენებული მეთოდების საფუძველზე“. სტატიას გერმანიის ლიბერალური გამოცემა „ჰანდელსბლატი“ 4 მაისს აქვეყნებს.

ესპანეთის „ვანგარდია“ ამავე დღეს წერდა, ოსამა ბინ ლადენის პაკისტანის ტერიტორიაზე მკვლელობა კანონიერი და გამართლებული იყოო. „ბარაკ ობამას მიერ გაცემული ბრძანება ლეგიტიმური იყო - მორალური, იურიდიული და სტრატეგიული თვალსაზრისით. „ალ-ყაიდის“ ლიდერი უშუალოდ იყო პასუხისმგებელი მთელ მსოფლიოში ათასობით ადამიანის სიკვდილში და ისეთი გზებით იბრძოდა, რომელიც ნებისმიერ მორალურ სტანდარტს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება. ლიკვიდირებულია სერიული მკვლელი, ყველა კანონის უგულებელმყოფელი“, - წერს ესპანეთის „ვანგარდია“ 4 მაისის ნომერში.

5 მაისს „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ინტერნეტსაიტზე აბოტაბადის სპეცოპერაციის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებს. რამდენიმე ოფიციალური პირის მონათხრობზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბინ ლადენის საცხოვრებელ შენობას ორშაბათს განხორციელებულ რეიდამდე რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა ახლომდებარე სახლიდან, რომელსაც ქირაობდა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, აბოტაბადის ობიექტიდან წამოღებული დოკუმენტები, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, აჩვენებს, რომ ბინ ლადენს რეგულარული კავშირი ჰქონდა თავის მიერ შექმნილ ტერორისტულ ქსელთან. „ის მხოლოდ სიმბოლური ლიდერი არ იყოო“, - უთქვამს გაზეთისთვის ერთ ანონიმურად დატოვებულ წყაროს, რომელიც აბოტაბადიდან წამოღებულ ქაღალდებს გაეცნო. „ის აგრძელებდა შეთქმულებების და გეგმების დასახვას, წამოაყენებდა იდეებს სამიზნეების შესახებ და ამ იდეებს „ალ-ყაიდის“ სხვა მაღალი რანგის წევრებსაც უზიარებდაო“. სრულად სტატია „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ინტერნეტსაიტზე 5 მაისს გამოქვეყნდა.