ეფექტიანია თუ არა წამების პრაქტიკა

აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ „ალ-ყაიდის“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის პოვნამ და ლიკვიდაციამ გარკვეულწილად განაახლა ძველი დისკუსია იმის თაობაზე, ეფექტიანია თუ არა წამების პრაქტიკა. საქმე ის გახლავთ, რომ ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია წლების მანძილზე წარმოებული სადაზვერვო სამუშაოს შედეგი იყო - სამუშაოსი, რომელიც, გარკვეული პირების განცხადებით, დაკითხვის საკამათო მეთოდებით და საიდუმლო ციხეებით დაიწყო. თუმცა სხვები აცხადებენ, რომ ბინ ლადენის მოკვლა არანაირად არ ამართლებს წამების გამოყენებას. გთავაზობთ ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, დეიზი სინდლერის მასალას:

დაკითხვის საგანგებო პროგრამამ, რომელიც შემოღებულ იქნა, გამოიღო გარკვეული შედეგები, რომელმაც ბოლოს განაპირობა კიდეც ბინ ლადენის აღმოჩენა...
„ალ-ყაიდის“ ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია, რომელიც 2 მაისს განხორციელდა, აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურების წარმატებად გამოცხადდა.

ამ ამბავმა ერთი ძველი და აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი საკითხის ხელახალი წამოჭრაც მოიტანა, კერძოდ, რამდენად შორს უნდა შეეძლოს აშშ-ს წასვლა მისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად. ზოგიერთის აზრით, ბინ ლადენის მოკვლით გამართლება გამოუჩნდა დაკითხვის იმ საგანგებო მეთოდებს, რომლებიც 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ შემოიღეს და ამჟამად აკრძალულია.

პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მდებარე ბინ ლადენის თავშესაფარზე აშშ-ის ძალების მიერ განხორციელებული წარმატებული რეიდიდან რამდენიმე საათში ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ „ფოქს ნიუსის“ არხს განუცხადა, ეს ოპერაცია ვერ შედგებოდა, რომ არა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 11 სექტემბრის შემდეგ შემოღებული დაკითხვის მეთოდებიო: „ჩემი ვარაუდით, დაკითხვის საგანგებო პროგრამამ, რომელიც შემოღებულ იქნა, გამოიღო გარკვეული შედეგები, რომელმაც ბოლოს განაპირობა კიდეც ბინ ლადენის აღმოჩენა. თუმცა მე უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში უფრო მეტს გავიგებთ იმის თაობაზე, თუ ზუსტად რა მოხდა და როგორ მიაღწიეს ამას. ის ზომები, რომლებმაც ამ შემთხვევაში მოგვიტანა წარმატება, უნდა შევინარჩუნოთ.“

მედია ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა მიზეზშედეგობროვი კავშირი ბინ ლადენზე იერიშის ოპერაციასა და ტერორიზმში ასობით ბრალდებულის დაკითხვას შორის 11 სექტემბრის შემდეგ.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა გაამხილეს, რომ „ალ-ყაიდის“ წევრობაში ორმა ძირითადმა ეჭვმიტანილმა მართლაც გასცა ინფორმაცია ბინ ლადენის მხრიდან ნდობით აღჭურვილი შიკრიკის შესახებ. როგორც ამბობენ, ამ შიკრიკის ვინაობის დადგენა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო აბოტაბადის ობიექტისა და ბინ ლადენის საპოვნელად. ეს ორი ეჭვმიტანილია 11 სექტემბრის ორგანიზატორი ხალიდ შეიხ მუჰამედი და აბუ ფარაჯ ალ-ლიბი, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციას მუჰამედის დაპატიმრების შემდეგ ედგა სათავეში.

ეს ორივე კაცი ე.წ. “შავ ობიექტებზე” ჰყავდათ დაკავებული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ამუშავებულ საიდუმლო ციხეებში, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიის გარეთ მდებარეობდა და სადაც დაკითხვისას ძალადობრივ ან, როგორც ოფიციალურად უწოდებდნენ, “საგანგებო” მეთოდებს იყენებდნენ. ეს მეთოდები მოიცავდა ხანგრძლივ იზოლაციას, პატიმართა სტრესულ პოზებში შებორკვას და დახრჩობის სიმულაციას - იმავე “უოთერბორდინგს”.

როგორც იუწყებიან, ხალიდ შეიხ მუჰამედს, რომელსაც, როგორც ვარაუდობდნენ, პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარე საიდუმლო ციხეში ამყოფებდნენ, 183-ჯერ ჩაუტარეს „უოთერბორდინგი“, სანამ კუბაზე, გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის ციხეში გადაიყვანდნენ. გავრცელებული ვარაუდით, ასევე ევროპის ტერიტორიაზე მდებარე საიდუმლო ციხეში იჯდა ალ-ლიბიც, რომელსაც ასევე საგანგებო მეთოდებით უწყობდნენ დაკითხვას - მათ შორის, შესაძლოა, „უოთერბორდინგის“ გზით. თუმცა ის გაურკვეველია, ამ ორმა კაცმა უშუალოდ ძალადობრივი დაკითხვის შედეგად გაამხილა ბინ-ლადენის კურიერის შესახებ ინფორმაცია თუ სხვა დროს. ასევე უცნობია, შეიძლებოდა თუ არა იმავე ინფორმაციის მოპოვება დაკითხვის უფრო ტრადიციული ფორმით ჩატარების შედეგად.
ვაშინგტონში განთავსებული კონსერვატიული ანალიტიკური ცენტრის - დემოკრატიების დაცვის ფონდის - დირექტორი, კლიფორდ მეი თვლის, რომ ბინ ლადენის აღმოჩენასა და მოკვლაში დაკითხვის საგანგებო ფორმების გამოყენება შესაძლოა მართლაც მნიშვნელოვანი იყო: “დაკითხვის საგანგებო მეთოდებმა შესაძლოა მართლაც გამოააშკარავა ინფორმაცია, რომელმაც ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია მოიტანა. რამდენად შეგვიძლია ეს დარწმუნებით განვაცხადოთ? ალბათ, არ შეგვიძლია. მაგრამ ვფიქრობ, ვარაუდი შეიძლება გვქონდეს, რომ ეს ასე მოხდა. ეს დიდი მნიშვნელობის კანონმგარეშე მოიერიშეები აშშ-ში რომ ჩამოეყვანათ, სადაც აშშ-ის კონსტიტუციურ უფლებებს მიიღებდნენ, ამ ინფორმაციას ვერ მოიპოვებდით.”

ბუშის ადმინისტრაციის პერიოდში დაკითხვის საგანგებო მეთოდების გამოყენებამ აშშ-ის საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირება გამოიწვია. 11 სექტემბრის შოკის შემდეგ ბევრ ამერიკელს სურდა რაც შეიძლება მალე ენახა „ალ-ყაიდის“ დაშლა, მაგრამ ყველა არ იზიარებდა ბუშის ადმინისტრაციის არგუმენტს, რომ ძალადობრივი დაკითხვა მორალური არჩევანი იყო ან თუნდაც ეფექტიანი მეთოდი.
ბინ ლადენის ადგილსამყოფელი რამდენიმე წლის წინაც შეიძლებოდა გაგვეგო, დაკითხვის ტრადიციული, სამართალდამცავი მეთოდების გამოყენების გზით...

დაკითხვის საგანგებო მეთოდებისთვის კანონიერი საფუძვლის შექმნის მიზნით ბუშის ადმინისტრაციამ “წამების ჩანაწერებად” წოდებული დოკუმენტები გამოიყენა. ეს დოკუმენტები 2002 წელს შეიმუშავა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელმა, ჯონ იომ. დოკუმენტებში მოყვანილი იყო არგუმენტაცია, რომელიც ტერორისტთა დაკითხვის პროცესში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტანჯვის გამოწვევას ამართლებდა.

ბარაკ ობამამ გაპრეზიდენტების შედეგ - 2009 წელს - უარყო წამების ჩანაწერები და აკრძალა ბუშის დროს გამოყენებული დაკითხვის მეთოდების უმეტესობა - მათ შორის, „უოთერბორდინგი“. იო იუსტიციის სამინისტროში აღარ მუშაობს. თუმცა 4 მაისს მან “უოლ სტრიტ ჯორნალში” სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ხოტბას ასხამს ბუშის ადმინისტრაციის “სადაზვერვო არქიტექტურას”, ბინ ლადენთან მისასვლელი გზის გაკვალვისთვის.

თუმცა სხვები აცხადებენ, რომ მუჰამედის და ალ-ლიბისგან მოპოვებული ცნობები მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ინფორმაციის იმ მასშტაბური ქსელისა, რომელიც წლების განმავლობაში დაკითხვის ტრადიციული მეთოდებით და საგამოძიებო მუშაობით შემუშავდა.
ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ კონტრტერორიზმის ექსპერტის, ანდრეა პრასოვის თქმით, პირები, რომლებიც წარსულში ტერორიზმში ეჭვმიტანილებს უტარებდნენ დაკითხვას, აცხადებენ, რომ ძალადობრივი მეთოდები, ტრადიციულთან შედარებით, უფრო ნელი და ნაკლებეფექტიანია: “ჩემი აზრით, გასაკვირი არ იქნება სადღაც, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში, ვინმეს დაკითხვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია ბოლოს გამოსადეგი თუ აღმოჩნდა. საყურადღებოა, რომ გარკვეული პირები ამას „საიდუმლო ობიექტების“ გამართლებისთვის იყენებენ. ამ დროს კი ბინ ლადენის ადგილსამყოფელი რამდენიმე წლის წინაც შეიძლებოდა გაგვეგო, დაკითხვის ტრადიციული, სამართალდამცავი მეთოდების გამოყენების გზით.”

დაკითხვის საგანგებო მეთოდებს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ მათ პასუხად ეჭვმიტანილები ხშირად მცდარ ჩვენებებს იძლევიან. როგორც ცნობილია, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა სწორედ მცდარი ჩვენება მოიყვანა ერაყში შეჭრის არგუმენტად 2003 წელს, გაეროში გამოსვლისას, რომ ერაყის მთავრობას „ალ-ყაიდასთან“ ჰქონდა კავშირი და მასობრივი განადგურების იარაღსაც ფლობდა. შემდგომში გაირკვა, რომ ეს მცდარი ჩვენება დაკითხვის საგანგებო მეთოდების გამოყენების შედეგად იყო მიღებული.

ამ ინციდენტმა - აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ამუშავებული ციხეების შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად - ნეგატიური საზოგადოებრივი აზრის ზრდას შეუწყო ხელი, საერთაშორისო მასშტაბით. ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ აშშ-მა ზიანი მიაყენა თავის რეპუტაციას, როგორც დემოკრატიული სტანდარტების მატარებელი ქვეყნისა, და ამაში სხვა ქვეყნებიც ჩაითრია.

ადამიანის უფლებების და კონტრტერორიზმის საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებელმა მარტინ შეინინმა 2009 წელს კრიტიკული ანგარიში შეიმუშავა, რომელშიც აშშ-ის მიერ საიდუმლო ობიექტების და საიდუმლო ციხეების დაარსებაზეა საუბარი. ანგარიშის თანახმად, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა ამ გეგმაში.

ძალადობრივი დაკითხვა საერთაშორისო კანონმდებლობით არის აკრძალული, წამების აკრძალვა კი უნივერსალურ ხასიათს ატარებს. მაგრამ, შეინინის თქმით, აშშ-მა დაკითხვის საგანგებო მეთოდების გამოყენებით და საიდუმლო ციხეებით პანდორას ყუთი გახსნა და მთელი მსოფლიოსთვის შესაძლებელი გახადა ამტკიცოს, რომ წამებას გამართლება აქვს. გაეროს მომხსენებელი დარწმუნებულია, რომ ბინ ლადენის პოვნა მხოლოდ კანონიერი მეთოდებით ჩატარებული დაკითხვის შედეგად მოპოვებულმა ინფორმაციამ განაპირობა და აცხადებს, რომ ახლა აშშ-ის მაგალითს მსოფლიომაც უნდა მისდიოს და წამების პრაქტიკას ზურგი შეაქციოს: „ბუშის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-მა ნამდვილად გაუადვილა ბევრ სხვა ქვეყანას ღიად განეცხადებინათ, რომ წამება ხანდახან გამართლებულია. მაგრამ ვფიქრობ, გრძელვადიანი ეფექტი ამის საწინააღმდეგოა. ანუ როცა ფაქტებს თანდათან ნათელი ეფინება, - მათ შორის, ბინ ლადენის პოვნის ფაქტს, - გაირკვევა, რომ სინამდვილეში საჭირო ინფორმაციის თანდათანობითი გამოაშკარავებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო დაკითხვის ნორმალური, პროფესიული მეთოდები და არა წამება“, - ამბობს გაეროს წარმომადგენელი.