ქუთაისიში დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია იწყება

ქუთაისი

ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია ერთ კვირაში დაიწყება. დაგეგმილია როგორც ფასადის მოპირკეთება, ასევე ინტერიერის, სცენის, გათბობისა და სავენტილაციო სისტემების განახლება. პროექტი სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიისა და ვთბ ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. თუ რომელი ფირმა შეასრულებს 1 მილიონ 650 ათას ლარად შეფასებულ სარემონტო სამუშაოებს, ამ საღამოს გახდება ცნობილი. როგორც ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, თეატრის შენობის სრული რეკონსტრუქციისთვის ფირმას 6 თვის ვადა მიეცემა.

ქუთაისელები ქალაქში მიმდინარე ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა უკვე რეკონსტრუირებული შენობებისა და გზების ხარისხზე აქვთ შენიშვნები.

ქუთაისში ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე რეკონსტრუირებულ ისტორიულ უბანში გზის დაზიანებული ფილები ხელახლა გამოცვალეს და ჩააგეს. შესრულებული სამუშაოების ხარისხს აკრიტიკებს და ხელისუფლებას ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ადგილობრივი ოპოზიცია. საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატთა ფრაქციის ხელმძღვანელს მაგალითად ისტორიულ უბანში მდებარე თეთრი ხიდი მოჰყავს, რომელსაც რეკონსტრუქცია პირველად სამი წლის წინ ჩაუტარდა. თვეზე მეტია თეთრი ხიდის სარემონტო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 ათასი ლარი გამოიყო. დავით დვალის განცხადებით, არამიზნობრივი ხარჯების გამო სოციალური პროგრამების დაფინანსება ვერ ხერხდება.
ჩვენ ხელისუფლებასთან 2011 წლის ბიუჯეტის მიღებამდე გვქონდა კონსულტაციები და შევთავაზეთ წინადადებები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის გარკვეული შეღავათების დასაწესებლად. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გვიპასუხა, რომ ქალაქის ბიუჯეტს ამის საშუალება არ ჰქონდა, მაგრამ თანხების მოძიების შემთხვევაში პროგრამებს დაამტკიცებდნენ, რამდენიმე თვის შემდეგ კი ერთხელ რეკონსტრუირებული თეთრი ხიდის მეორედ შესაკეთებლად ბიუჯეტში 200 ათასი ლარი გამოიძებნა. თუ ასე არამიზნობრივად დაიხარჯება ქალაქის ბიუჯეტი, რასაკვირველია, სოციალური პროგრამებისთვის თანხები აღარ დარჩება, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში დავით დვალმა.

როგორც რადიო თავისუფლებას მერიის კეთიმოწყობის სამსახურში განუმარტეს, 3 წლის წინ სარეკონსტრუქციო სამუშაოები საამშენებლო კომპანია თბილისმა შეასრულა, რომელსაც ხელშეკრულებით ხიდის მოვლა-პატრონობის ვადა 1 წლით ჰქონდა განსაზღვრული. იმ ერთი წლის მანძილზე ფირმამ რამდენჯერმე შეაკეთა კიდეც ხიდი, თუმცა ჩვენ არ გაგვაჩნია იურიდიული უფლება, რომ ვადის გასვლის შემდეგ ფირმას ხიდის შეკეთება მოვთხოვოთ. ამჟამად ხიდს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალზუ“ არემონტებს და მას ხიდის მოვლა-პატრონობა ხელშეკრულებით 20-25 წლის მანძილზე ეკისრება, - განაცხადა ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრო მაღლაკელიძემ.

როგორც მერიაში აცხადებენ, დრამატული თეატრის რეკონსტრუირების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება თეატრის მიმდებარე ქუჩების სარემონტო სამუშაოებისთვის თანხის მოძიებას შეეცდება.