იქმნება კანონი "ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ"

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო მუშაობს კანონზე ’ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ’. კანონი გულისხმობს ინფორმაციის დაცვას კიბერთავდასხმებისგან. თუმცა მსგავსი კანონის მიღების დროს არსებობს საფრთხე ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვისა. როგორ დაბალანსდება ინფორმაციის უსაფრთხოება, ერთი მხრივ, და ინფორმაციის თავისუფლება, მეორე მხრივ? შეხვედრაზე, რომელიც სტრატეგიული კვლევის ფონდში გაიმართა, ამ საკითხებთან დაკავშირებით კანონის ერთ-ერთ ავტორსა და უცხოელ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

საკითხი ამ ეტაპზე ასე დგას: ერთ მხარეს არის სისტემის უსაფრთხოება, მეორე მხარეს კი ინფორმაციის თავისუფლება. სისტემამ შესაძლოა განაცხადოს, რომ ის, რაც საჯაროა დღეს, საფრთხეს უქმნის სისტემის უსაფრთხოებას და ამიტომ უნდა დაწესდეს შეზღუდვები. ცალსახა პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა საუბრებში, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან გვქონდა, ირკვევა, რომ ბალანსის წერტილის მოძებნა ქვეყანამ ინდივიდუალურ დონეზე უნდა მოახდინოს. აი, რას ამბობს კანონზე მომუშავე ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი გვენეტაძე:

ქვეყანამ თვითონ უნდა დაადგინოს, რა არის საჯარო, რა არის კონფიდენციალური, რა არის საიდუმლო. არ არსებობს სპეციფიკური წესები.
რადიო თავისუფლება: ინფორმაციის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ზღვარის დადგენა როგორ მოხდება?

„ეგ, რა თქმა უნდა, საჯარო მსჯელობის საგანი იქნება და ამ ეტაპზე ჩვენ ზუსტად ამ საკითხებზე კონსულტაციებს ლიტველ და ესტონელ სპეციალისტებთან გავდივართ. ამ ეტაპზე მეტის თქმა ნაადრევია.“

რადიო თავისუფლება: ანუ საჯარო დისკუსია იქნება?

„რა თქმა უნდა. და ზუსტად ამ კანონის წარმატება იქნება ის, რომ საჯარო განხილვის შემდეგ მოხდეს მისი შემუშავება კონსენსუსის პირობებში.“

საქართველომ ბალანსის წერტილს თავად უნდა მიაგნოს და ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე საზოგადოებამ უნდა მიიღოსო, ამბობს ესტონეთის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოლ რიკი:

„ქვეყანაზეა დამოკიდებული, ქვეყანამ თვითონ უნდა დაადგინოს, რა არის საჯარო, რა არის კონფიდენციალური, რა არის საიდუმლო. არ არსებობს სპეციფიკური წესები.

სად უნდა გაივლოს გამყოფი ხაზი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის საქართველოში? გარკვეულია ეს? პასუხი არის: არა ...
რადიო თავისუფლება: გამოდის, რომ ეგ დეფინიციები სუბიექტურია. ამიტომ, ალბათ, უსაფრთხოების დაცვის გზაზე შეიძლება დაზარალდეს ინფორმაციის თავისუფლება, მეორე მხრივ. არსებობს ინფორმაციის თავისუფლების რაიმე დამცავი ზომები?

„განსხვავებულ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული მიდგომა. პირველ რიგში, ქვეყნები უყურებენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და, ამაზე დაყრდნობით, აქვთ პოლიტიკური დისკუსია იმაზე, თუ როგორ დააბალანსონ უსაფრთხოება და თავისუფლება. ამიტომ არ არსებობს რაიმე მზა ფორმულა. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს თავად. ეს საზოგადოებამ პოლიტიკურ დონეზე უნდა გადაწყვიტოს.“

ამ საკითხზე აზრის გამოთქმა ვთხოვეთ დევიდ სმიტსაც, პოლიტიკური კვლევების სპეციალისტს სტრატეგიული კვლევების ფონდიდან. აი, რას ფიქრობს იგი:

„პასუხი არის: არა, არ არსებობს მარტივი გზა, რომ პრობლემა თავიდან ავიცილოთ. ეს დისკუსიაა, რომელიც მიმდინარეობს ყველა დემოკრატიულ სისტემაში. სად უნდა გაივლოს გამყოფი ხაზი საზოგადოების უსაფრთხოებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის საქართველოში? გარკვეულია ეს? პასუხი არის: არა. და საქართველო მარტო არაა. ეს დებატების საგანია დასავლურ ქვეყნებშიც. მაგრამ საქართველოსთვის ეს კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან საქართველოს პრობლემები აქვს მეზობელ რუსეთთან, რომელიც კიბერგზებით ესხმის ქვეყანას თავს.“

რადიო თავისუფლება: როცა მტრის ფაქტორზე ვსაუბრობთ, ეს კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აყენებს ინფორმაციის თავისუფლებას, რომელსაც მტრისგან თავის დაცვის მოტივით შესაძლოა შეზღუდვები და ბარიერები შეექმნას.

„კონცეპტი ახალი არაა. ტექნოლოგიაა, უბრალოდ, ახალი. ის, რომ ომის დროს ბალანსი ირღვევა ინფორმაციის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, საუკუნეებს ითვლის.

რა იგულისხმება ომიანობაში? როგორ ხდება გარკვევა საფრთხის წყაროსი მაშინ, როცა კიბერსივრცის საზღვრები არ ემთხვევა სახელმწიფოებრივ სასაზღვრო მარკაციას? ან როგორი ფორმით გაიმართება საქართველოში საჯარო დისკუსია და რამდენად ჩაერთვება საზოგადოება ამ პროცესში? ეს საკითხები, სავარაუდოდ, მომდევნო ეტაპებზე გაირკვევა. ჯერჯერობით კანონის შემუშავებაზე იუსტიციის სამინისტროში მცირე ჯგუფი მუშაობს.