არალეგალური მიგრაციის მართვის მცდელობა

საქართველო-ევროკავშირის პროგრამის "მიზნობრივი ინიციატივის" პრეზენტაცია

’მიზნობრივი ინიციატივა’ საქართველო-ევროკავშირის პროგრამაა, რომელიც 3 მილიონ ევროს და საქართველოში ‘მობილურობის ცენტრის’ გახსნას მოიცავს. ეს ცენტრი, პროგრამის მიხედვით, საქართველოდან ევროპაში წასული არალეგალური მიგრანტების დაბრუნების შემდეგ მათთვის კონსულტაციებს და მცირე გრანტების გაცემას შეუწყობს ხელს. ცენტრს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უმასპინძლებს. დაიბეჭდება ბროშურები, დარიგდება გრანტები.

იდეა, მარტივად, მართვის ოპტიმიზაციას გულისხმობს. ანუ ევროკავშირს სჭირდება პარტნიორი, რომელსაც ტელეფონზე დაურეკავს და გაიგებს, რამდენად მზადაა ქვეყანა საკუთარ არალეგალურად სამსახურის მაძიებელ მოქალაქეს მიხედოს იმ შემთხვევაში, თუ მას ევროკავშირიდან გამოისტუმრებენ. ევროკავშირმა მსგავსი მიდგომით არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა რამდენიმე წელია დაიწყო. სისტემა, მარტივად, ასე მუშაობს: გამოიყოფა თანხები კონკრეტული პროექტებისთვის ევროკავშირის ან სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ. ამ თანხებით მასპინძელი მესამე ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ეხმარებიან ადგილზე მიხედონ თავს. საქართველოს შემთხვევაში კონკრეტული ’მობილურობის ცენტრის’ გახსნა იგეგმება. ცენტრის დაფინანსება დასავლურია, საქმის აღსრულება კი საქართველოში დევნილთა სამინისტროს ჩააბარეს. დღევანდელ პრეზენტაციაზე ევროკავშირის წარმომადგენლების გვერდით დევნილთა განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იჯდა, რომლის თქმითაც:

„’მობილურობის ცენტრი’ არის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს დაბრუნებული მიგრანტების მრავალმხრივ დახმარებას, პროფესიული გადამზადებიდან დაწყებული, დასაქმებისა და სამედიცინო კონსულტაციის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრი დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ, უზრუნველყოფს დროებითი ფართით. დამატებით მოქალაქეები მიიღებენ ფინანსურ დახმარებას, 90 ოჯახი მიიღებს სამი ათასამდე ევროს ოდენობის გრანტს ბიზნესის დასაწყებად.“

ქვეყანა არის მასობრივი სიღარიბის წინაშე. დაახლოებით 40 პროცენტი მოსახლეობისა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა ...
90 ოჯახი…რამდენი ადამიანი დაბრუნდება არალეგალური მიგრაციიდან საქართველოში? ან რა ვადაში გაიწერება პროცესი? ამ კითხვებზე პასუხი კონფერენციაზე არ ყოფილა. გარკვევა ადგილზე ვცადეთ. ბუნებრივია, დავიწყეთ სტატისტიკის დეპარტამენტით და იმით, თუ რამდენია ევროპაში ემიგრირებული. არათუ ევროპაში, სტატისტიკის დეპარტამენტს არა აქვს რიცხვი საერთოდ ემიგრირებულებისა. ასევე არა აქვს სტატისტიკა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოში. მიზეზი ბევრია. ამას აქ არ ჩამოვთვლით. არსებობს მონაცემები, თუ რამდენი გავიდა ქვეყნიდან და რამდენი შემოვიდა, მაგრამ აქ, ბუნებრივია, გვხვდება განმეორებები და სალდოში დიდი პროცენტული წილი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა. თუმცა ამის თაობაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. დავუბრუნდეთ ‘მობილურობის ცენტრს’ და ევროკავშირის ინიციატივას. ფილიტ დიმიტროვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ხელმძღვანელის თქმით:

„არის რაღაცები, რაც აუცილებლად მოხდება, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ეს, უბრალოდ, ძალით მოხდეს, რაც სხვა პირობებში იქნებოდა პროცედურა არალეგალური მიგრაციის მიმართ, ახლა პრობლემა მთავრობის მიერ მიღებული იქნება დროული და პასუხისმგებლობიანი მიდგომით.“

როგორი იქნება დინამიკა და რამდენად შეძლებს დევნილთა სამინისტრო მასთან გამკლავებას? ამას ხაზს იმიტომ ვუსვამთ, რომ თავად ევროკავშირიც აღნიშნავს, რომ სოციალური ფონის ადგილზევე გამოუსწორებლად საქმე არ გაკეთდება. აი, რას ფიქრობს ერიკ ფურნიე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში:

„ქვეყანა არის მასობრივი სიღარიბის წინაშე. დაახლოებით 40 პროცენტი მოსახლეობისა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა.“

ასეთ პირობებში რას შეძლებს ‘მობილურობის ცენტრი’?

ერიკ ფურნიეს თქმით, „მთავარია ის, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ აქ მუშაობა შესაძლებელია. ეს აჩვენებს, რომ შესაძლებელია განხორციელდეს პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით.“

ამისათვის ქართულმა მხარემ აღსრულების მაღალი ხარისხი უნდა აჩვენოს. ამის შეფასება მომავლის საქმეა. მეორე, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ არალეგალური მიგრაციის შეჩერება მარტო მდგომი პრობლემა არაა. თუ ევროკავშირის კარები დაკეტილი იქნება, პრობლემას ვერ მოვაგვარებთო, აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა:

„ეს ორი საკითხი არის ერთი მედლის ორი მხარე. შენ ვერ გექნება ერთი მეორის გარეშე. მნიშვნელოვანია გვქონდეს ორივე, რადგან ამის გარეშე შენ დგახარ ევროპის დაკეტილი კარების წინ. თუ შეთამხმებებს ხელი მოეწერება, კარი გაიღება. ამ კარებში შეიძლება მომენტალურად ვერ შეხვიდე, მაგრამ კარები ღიაა შენთვის.“

თუმცა, როგორც ითქვა, დროზე ჯერჯერობით არავინ არაფერს ამბობს. თან დაახლოებით მსგავსი პროგრამები, სხვა სახელწოდებით და ფორმით, თუმცა იმავე შინაარსით, იწარმოება აფრიკის ქვეყნებთან და მესამე ქვეყნების კატეგორიის ქვეყნებთანაც, რომლებიც დღეს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის არ იბრძვიან. საქართველოს შემთხვევაში პროგრამას მიზნობრივი ჰქვია და ის ევროპელების მხრიდან არა მარტო ‘მობილურობის ცენტრის’ გახსნას გულისხმობს, არამედ სხვადასხვა დარგებში - როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა - საექსპერტო დახმარებასაც მოიცავს.