აგრესიულად მორწმუნე უმრავლესობა

განკითხვის ჟამი მოსულია და, როგორც იოანე ზოსიმე წინასწარმეტყველებდა, ის ქართულ ენაზე მიმდინარეობს. თანაც არა მხოლოდ განკითხვის ენაა ქართული, არამედ სასამართლოს დარბაზიც საქართველოში, ქართულ ეკლესიებში მდებარეობს, საიდანაც ქართველი ღვთისმსახურები სამყაროს აღსასრულის დასაწყისს და ცოდვილთა სასტიკი ტანჯვა-წამებით შემუსრვას იუწყებიან. ინტერნეტში ქართველი სამღვდელოების ქადაგებებს თვალს თუ გადავავლებთ, აპოკალიფსის მთელი „მონიტორინგი“ გამოჩნდება: სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ-ერთ ბოლო ამგვარ ქადაგებაში, დეკანოზი დავით ქვლივიძე იუწყება, რომ იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა და ცუნამი ღვთის სასჯელი ყოფილა, ისევე, როგორც მანამდე ჰაიტიში, ჩილესა თუ ტაილანდში მომხდარი სტიქიური უბედურებები, რომლებსაც მთლიანობაში ასეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ ყველაფრის ავტორი კი, ღვთისმსახურის რწმუნებით, თავად ღმერთია, რომელმაც ამ ქვეყნების მოსახლეობა მათი გარყვნილებისა და ზნედაცემულობის გამო ასე სასტიკად დასაჯა. ანუ, გამოდის, რომ ამ ადამიანებმა დაიმსახურეს ის, რაც მათ თავს დაატყდა და ახია მათზე!

დეკანოზ დავით ქვლივიძის სიტყვები, რომელთაც ინტერნეტში უკვე 26 ათასი მომწონებელი ჰყავს, გამონაკლისი შემთხვევა არაა: ღმერთის სადამსჯელო ინსტანციად წარმოდგენა, რომელიც ყველას, ვინც მართლმადიდებლურად არ ცხოვრობს, სასტიკი აღსასრულით ემუქრება, თანამედროვე ქართული ეკლესიის ძირითადი იდეოლოგიური ტენდენციაა.

თანამედროვე ქართული აპოკალიფტიკის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი, დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ბევრად უფრო შორს მიდის. მისი თქმით, ადამიანთა ურჯულოება, მათში „სიყვარულის დაშრობა“ არა მხოლოდ დედამიწაზე იწვევს კატასტროფებს, არამედ „მილიარდობით გალაქტიკა დაკარგავს ჰარმონიულ ურთიერთმიმართებას“, დაირღვევა მათ შორის ღმერთის მიერ დაწესებული მანძილები და მთელი სამყარო დაასრულებს არსებობას. ამ ყველაფრის მიზეზი კი ადამიანთა ზნობრივი დაცემაა. ყოფილი დეპუტატი უზნეობის მიზეზს დემოკრატიულ ინსტიტუტებშიც ხედავს და გამოსავლად მას აბსოლუტური (!) მონარქია მიაჩნია, რომელიც, მისი რწმენით, საქართველოს გადარჩენის ერთადერთი პირობაა.

ღმერთი რომ თავის რჩეულ საქართველოსაც სჯის ხოლმე, ეს ჯერ კიდევ 2008 წელს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობისგან გახდა ცნობილი, როდესაც მან აგვისტოს ომში საქართველოში ჩამოყრილი რუსული ბომბები ღვთის სასჯელად გამოაცხადა, რომელიც საქართველოს ზნედაცემული და ურჯულო დასავლეთისაკენ ლტოლვის გამო მოევლინა. ბორჯომის მიტროპოლიტ სერაფიმეს თქმით კი, ღმერთი არ გვიბრუნებს აფხაზეთს, იმიტომ, რომ ზოგიერთი ამერიკასა თუ ევროპაში ნასწავლი ქართველი ახალგაზრდა პატრიარქს უდიერად მოიხსენიებს. თავად პატრიარქმა ილია II-მ გასული წლის სექტემბერში ქართველი ახალგაზრდობის ევროპასა თუ ამერიკაში სასწავლებლად წასვლა სახიფათოდ მიიჩნია, რადგანაც იქ ისინი არამართლმადიდებლურ გარემოში აღმოჩნდებიან, რაც მათი ზნეობრივი გადაგვარების საწინდარი შეიძლება გახდესო.

მიზანი, რომელიც ქართველი სამღვდელოების ქადაგებებიდან იკვეთება, საქართველოში ბრმად მორჩილი მორწმუნე საზოგადოების შექმნაა, რომელიც ეკლესიისა და სამღვდელოების შეუზღუდავი ძალაუფლების გარანტი იქნება. საამისოდ ის ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, როგორიცაა განკითხვის ჟამის მოახლოება და საშინელი სამსჯავრო, სადაც გადარჩენის შანსი მხოლოდ მართლმორწმუნეებს ექნებათ, ანუ იმათ, ვინც საკუთარი აზროვნებისა და ცხოვრების წესებს მთლიანად მოძღვარ-მამაოების კარნახს დაუქვემდებარებს. ამისათვის კი საჭიროა, ერთი მხრივ, ყველაფერი იმის დისკრედიტაცია, რაც, განმანათლებლურ, ანუ რაც რაციონალურ, სამეცნიერო აზროვნებას ეფუძნება და მისი შეცვლა ეკლესიის მიერ გამოგონილი ან შუა საუკუნეების ლიტერატურული კონტექსტებიდან ამოგლეჯილი მითებითა და შელოცვითი აზროვნებით. მეორე მხრივ კი იმ ქვეყნებისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფების შეჩვენება და დემონიზაცია, რომლებიც არ აზროვნებენ და არ ცხოვრობენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილი წესებით.

თანამედროვე ქართულ ეკლესიას ორი მთავარი მტერი ჰყავს: განათლება და თავისუფალი აზროვნება, რომელიც სიმბოლურად ერთ ვეებერთელა მტრის ხატს – დასავლურ ცივილიზაციას უკავშირდება. ამ უთანასწორო ბრძოლაში ეკლესიის ამჟამინდელი წარმატების მიზეზი კი საქართველოში სწორედ განათლებისა და თავისუფალი აზროვნების დეფიციტია, რასაც ხელს უწყობს ის ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური კრიზისი, რომელშიც უკვე 20 წელზე მეტია ქართული საზოგადოება იმყოფება.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ეკლესიის ტოტალურ ჰეგემონიას შესაძლებელს ხდის: ესაა არა ოფიციალურად გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება სახელმწიფოსა და ეკლესიას, არამედ უსიტყვო „საზოგადოებრივი შეთანხმება“ ეკლესიასა და მორწმუნედ წოდებულ უმრავლესობას შორის, რომლის დროსაც ორივე მხარის ინტერესებია გათვალისწინებული. ესაა თანამედროვე საქართველოს სპეციფიკა, მისი დაკონსერვებული და საგულდაგულოდ დაცული საბჭოთა მემკვიდრეობა, დამყარებული ტოტალურ თვითმოტყუებასა და თვალთმაქცობაზე, როდესაც ყველამ იცის, რომ იტყუება, კორუმპირებულია, მაგრამ ყველას აწყობს ასეთი ყოფა. ამ ფარსის მონაწილე თანაბრად არიან ეკლესიაში ფიცდადებული პრეზიდენტიც და მისი ურჯულოებაში მამხილებელი ოპოზიციაც, „თეოკრატი“ ქრისტიან-დემოკრატები და ქრისტიანულ სოციალიზმზე მეოცნებე სოციალ-დემოკრატები, ეკლესიების მაშენებელი საეჭვო ხერხებით გამდიდრებული ბიზნესმენები და მათი „შემოწირულობების“ მაკურთხებელი სამღვდელოება.

ეკლესიამ, რომელმაც ზუსტად ამოიცნო კორუფციისა და თვალთმაქცობის პრინციპებზე აღზრდილი საზოგადოების ალგორითმი, საზოგადოებრივი დაკვეთის შესრულებას შეუდგა და მისი ფუნქცია, ასეთი ზნეობრივი კორუფციის პირობებში, სულის „გათეთრებაა“, რაც ასევე წარმატებულად მიიღება მორწმუნე უმრავლესობის მიერ. ის, რაც თავისი შინაარსით მხოლოდ სიძულვილს გამოხატავს, „ღვთისნიერ სიყვარულად“ ირაცხება და მორჩილების სანაცვლოდ, კორუმპირებულ სულს, როგორც მოპარულ ფულს, ისე „ათეთრებს“.

თუკი „უძრაობის“ ხანის საბჭოთა საზოგადოებას „აგრესიულად მორჩილთა უმრავლესობას“ უწოდებდნენ, მისი თანამედროვე ქართული ვარიანტი აგრესიულად მორწმუნეთა უმრავლესობაა. აგრესია და უმეცრება კი ის ნაცადი საშუალებაა, რომელიც ურთიერთმოტყუებაზე დამყარებულ ერთობას შესაძლებელს ხდის.

დაბოლოს, რაც შეეხება ღვთის სასჯელს, ამაზე პასუხი იოანეს სახარებაშია: „სასჯელი კი ის არის, რომ ნათელი მოევლინა სოფლად და ადამიანებმა ნათელზე მეტად ბნელი შეიყვარეს, რადგანაც ბოროტი იყო მათი საქმეები. რადგან ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნას მხილებული მათი საქმეები“ (იოანე 3, 19-20).