ხუთი პოტენციური ბირთვული კატასტროფა

მეწამორის ატომური ელექტროსადგური ერევნის მახლობლად

მას მერე, რაც იაპონიაში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებულ ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე პრობლემები წარმოიშვა, გააქტიურდა დისკუსია იმის შესახებ, საერთოდ რამდენად უსაფრთხოა ატომური ენერგია. ფუკუსიმის შემთხვევაში ერთ-ერთი პრობლემაა მისი მოძველებული მოდელი და ის, რომ ინჟინრებმა არასაკმარისი შორსმჭვრეტელობა გამოიჩინეს და დაგეგმვისას არ გაითვალისწინეთ მიწისძვრა და ცუნამი. მაგრამ თრი მაილ აილენდის, ჩერნობილისა და ახლა უკვე ფუკუსიმის შემდეგ ღიად რჩება საკითხი, საერთოდ შეიძლება თუ არა, რომ ბირთვული ენერგია სრულიად უსაფრთხო იყოს.

რადიო თავისუფლება თქვენს ყურადღებას ამახვილებს რეაქტორების ხუთ კომპლექსზე, რომლებშიც უსაფრთხოება პრობლემას წარმოადგენს და პოტენციურ საფრთხეს შეიცავს.


სომხეთი: მეწამორის ატომური ელექტროსადგური


მეწამორის ატომური ელექტროსადგურის გამაციებელი კოშკები
მეწამორი 1980 წელს ჩადგა მწყობრში. 1988 წელს რეგიონში მოხდა 6,9 მაგნიტუდის გამანადგურებელი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მხოლოდ 75 კილომეტრით იყო დაშორებული ელექტროსადგურიდან.

ხელისუფლებამ მეწამორის მუშაობა შეაჩერა, მაგრამ იძულებული იყო, შვიდი წლის შემდეგ კვლავ აემოქმედებინა ის, მას მერე, რაც 1988-94 წლებში მთიან ყარაბაღში ომის შედეგად ქვეყანას შეუწყდა ენერგიის მიწოდება თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.

მდებარეობისა და ასაკის გამო მეწამორს ხშირად მიიჩნევენ ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე სახიფათო რეაქტორად. გადაწყვეტილია, რომ ელექტროსადგური 2017 წელს შეწყვეტს მოქმედებას, მაგრამ ამჟამად მასზე მოდის სომხეთის ენერგომომარაგების 40 პროცენტი. როგორც იტყობინებიან, ხელისუფლება განიხილავს მის ადგილზე ახალი ელექტროსადგურის აშენების შესაძლებლობას.

ენერგიით მდიდარ მეზობლებთან სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მკვეთრი გაუმჯობესება შეამცირებდა მეწამორში ახალი ატომური ელექტროსადგურის აგების აუცილებლობას.


დიდი ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ფლოტი

დიდი ბრიტანეთის „ტრაიდენტის“ ტიპის ატომური წყალქვეშა ნავი



უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ცხოველი დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია მისი უაღრესად ძვირადღირებული, ბირთვული ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი, წყალქვეშა ნავების ფლოტის ქონა.

ყურადღების ცენტრში მოექცა მთელი რიგი ინციდენტები და ფლოტზე არსებული რეაქტორების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშები, რომლებსაც საიდუმლოების გრიფი მოეხსნა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა განსაიდუმლოებულმა, მაგრამ მკაცრად ცენზირებულმა ანგარიშმა ნათელყო კონსტრუქციის სერიოზული ხარვეზები.

დოკუმენტმა, რომელიც გასულ წელს ჩაუვარდა ხელში „დეილი ტელეგრაფს“, გამოააშკარავა, რომ ბრიტანეთის წყალქვეშა ნავებს ნავსადგურებიდან გასვლის უფლება ეძლეოდათ დამცავი სისტემის გააქტიურების გარეშე, რასაც შეიძლება ავარიის შემთხვევაში ხელი შეეშალა რეაქტორის გაციებისთვის.

2009 წელს დიდი ბრიტანეთის „ვანგარდის“ კლასის ატომური წყალქვეშა ნავი, რომელიც ბირთვული რაკეტებით იყო აღჭურვილი, პატრულირებისას დაეჯახა საფრანგეთის ატომურ წყალქვეშა ნავს, რომელზეც ასევე იყო ბირთვული რაკეტები. ორივე ქვეყნის მთავრობამ უარყო ამ ინციდენტის სერიოზულობა.


რუმინეთი: ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგური


ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგური



რუმინეთის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური ჩერნავოდა 80-იან წლებში აიგო კანადის კომპანიის მიერ და მისი ექსპლოატაცია 1996 წელს დაიწყო. ელექტროსადგურის ორი მოქმედი რეაქტორი ელექტროენერგიაზე რუმინეთის მოთხოვნილების დაახლოებით ერთ მეხუთედს აკმაყოფილებს, მაგრამ რეაქტორებში ხშიშია პრობლემები. სულ ახლახან, იანვარში, ერთ-ერთი რეაქტორი სარემონტოდ დაიხურა. 2009 წლის აპრილში ელექტრომომარაგებასთან დაკავაშირებული პრობლემების გამო მოკლე ხნით დაიხურა სადგურის მეორე რეაქტორიც.

რუმინეთი არ არის იაპონიასავით სეისმურად აქტიური, მაგრამ მასზეც მოდის მიწისძვრების გარკვეული რაოდენობა. უკანასკნელი პერიოდიდან აღსანიშნავია 1977 წელს ვრაჩაში მომხდარი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელსაც ათასამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუმინეთსა და ბულგარეთში. რუმინეთში 35 ათასი სახლი დაინგრა.


რუსეთი: ლენინგრადის ატომური ელექტროსადგური

ლენინგრადის ატომური ელექტროსადგური



რუსეთის მოძველებული ატომური რეაქტორების ქსელი მთელ მსოფლიოს აშფოთებს. მრავალი მათგანია დახურვის კანდიდატი, მაგრამ ისინი ალბათ განაგრძობს მუშაობას ნებადართული ვადის ამოწურვის შემდეგაც, სანამ მათი შემცვლელების აგება გახდება შესაძლებელი. ალბათ მათ შორის ყველაზე საგანგაშო მდგომარეობაშია ლენინგრადის ელექტროსადგური.

ის მხოლოდ 70 კილომეტრზე მდებარეობს რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქ სანკტ პეტერბურგიდან, რომელშიც ხუთ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

ლენინგრადის ელექტროსადგურში მისი არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე შეინიშნება პრობლემები. საბჭოთა პერიოდში ბირთვული ავარიების შესახებ ინფორმაცია მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ 1975 წელს სადგურში რეაქტორის ნაწილობრივი დნობა მოხდა. 1992 წელს სადგურიდან რადიოაქტიულმა გაზმა გაჟონა. 2005 წელს სადგურის არაბირთვულ ღუმელში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორმა ძლიერი დამწვრობა მიიღო. 2009 წელს ელექტროსადგურში მომხდარი ავარიის შემდეგ დაირხა ხმები, რომ გამაციებელ სისტემაში გაჟონვა მოხდა, რაც კატეგორიულად უარყო რუსეთის ხელისუფლებამ.


მიჩიგანი: ენრიკო ფერმის სახელობის ატომური ელექტროსადგური

ენრიკო ფერმის სახელობის ატომური ელექტროსადგური



ენრიკო ფერმის სახელობის ელექტროსადგურში, რომელიც მიჩიგანის ტბაზე, ორ მჭიდროდდასახლებულ ცენტრს - ერთი მხრივ, დეტროიტსა და მიჩიგანს და, მეორე მხრივ, ტოლედოს - შორის მდებარეობს, ორი რეაქტორი მოიპოვება. ამჟამად მათგან მხოლოდ ერთი მოქმედებს. ფერმი 1-მა ნაწილობრივი დნობა განიცადა 1966 წელს, თუმცა ამას რადიაციული გამოსხივება არ მოჰყოლია. ამის შემდეგ ის ცხრა წლის განმავლობაში მოქმედებდა, სანამ შეაჩერებდნენ. ამ მოვლენით ინსპირირებულია ერთი ბესტსელერი და სულ ცოტა ერთი საპროტესტო სიმღერა.

სადგურის მეორე რეაქტორი, ფერმი 2, განაგრძობს მუშაობას. სხვათა შორის, ის იმავე მოდელისაა, რაც ელექტროსადგური ფუკუსიმა იაპონიაში.

2003 წელს ელექტროენერგიის მიწოდება დაირღვა და ფერმი 2-ს ექვს საათს მოუწია საგანგებო რეჟიმში მუშაობა. სათადარიგო გენერატორებმა ვერ შეასრულეს ის ამოცანა, რაც მათ გეგმის მიხედვით ეკისრებოდა. მართალია, ობიექტი არ მდებარეობს სეისმურად აქტიურ ზონაში, მაგრამ რეგიონში ხშირია ტორნადოები და წყალდიდობები. შარშან ივნისში ტორნადომ პირდაპირ ორ გამაცივებელ კოშკს შორის გაიარა.