აუდრონიუს აჟუბალისი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის, საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი დღეს თბილისში შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მათ დახურული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს აცნობეს, რომ ლიტველ დიპლომატს ესუბრნენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე, მედიის და სასამართლო სისტემის მდგომარეობაზე, დევნილთა პრობლემებსა და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ სიტუაციაზე. აუდრონიუს აჟუბალისთან შეხვედრის შემდეგ, ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით არჩევნებს აზრი არ აქვს. ბურჯანაძის მტკიცებით, არც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში ჩართულ ოპოზიციას სჯერა, რომ ეს პროცესი შედეგით დასრულდება. თავის მხრივ, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, განაცხადა, რომ საქართველოს არა რევოლუცია, არამედ რევოლუციური არჩევნები სჭირდება. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის, ნიკოლოზ ლალიაშვილის, ცნობით, აუდრონიუს აჟუბალისთან დღევანდელი შეხვედრისას დაისვა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად საქართველოს ხელისუფლებაზე ეუთოს ზემოქმედების საკითხიც. ნიკოლოზ ლალიაშვილის შეფასებით, თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს შეცვლას არ დათანხმდება, ავტომატურად გაუღებს კარს მათ, ვისაც არ სურს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა.