იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში რადიაციული იზოტოპების გაზრდილი კონცენტრაცია აღინიშნება მას შემდეგ, რაც ტოკიოდან 200 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე ატომურ ელექტროსადგურ ”ფუკუსიმა - დაიიჩიდან” რადიაციის ამოფრქვევა მოხდა. დაზიანებული სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაციული ფონი რამდენიმე ათეულჯერ არის გაზრდილი. ხელისუფლება ამბობს, რომ რადიაციის დოზა შესაძლოა საშიში იყოს ჯანმრთელობისათვის. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა მოუწოდა ატომური სადგურიდან 30 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებთ, არ გამოვიდნენ სახლებიდან. მახლობელ 20-კილომეტრიან ზონიდან მცხოვრებლების უმეტესობა ევაკუირებულია. რადიაციის ამოფრქვევა მოჰყვა სადგურის მეორე ენერგობლოკზე აფეთქებას და მეოთხე ენერგობლოკში გაჩენილ ხანძარს. თავად რეაქტორები არ დაზიანებულა.