ჰილარი კლინტონი ლიბიის ოპოზიციას შეხვდება პარიზში

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს მიემგზავრება პარიზში, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კლინტონი ორშაბათს ლიბიის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავს მსოფლიოს ლიდერებთან, შემდეგ კი ტუნისსა და ეგვიპტეში გაემგზავრება. როგორც ლიბიის ტელევიზია იტყობინება, მუამარ კადაფის ჯარებმა მეამბოხეებისგან „გაწმინდეს“ და დაიკავეს ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი ბრეგა. რამდენიმე კვირაა, ლიბიაში სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს ანტისამთავრობო გამოსვლების შემდეგ. შაბათს თეთრი სახლი მიესალმა არაბული ლიგის მოწოდებას, გაეროს უშიშროების საბჭომ ლიბიის თავზე ფრენის აკრძალვა დააწესოს, რათა სამოქალაქო მოსახლეობა სამთავრობო ავიაციის იერიშებისგან იქნეს დაცული.