იზრდება შეშფოთება იაპონიაში მიწისძვრით დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის თაობაზე. იაპონიის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა, რომ ძალზე დიდია რეაქტორზე ავარიის ალბათობა. ბირთვული სფეროს ექსპერტები კი შიშს გამოთქვამენ ბირთვული კრიზისის შესაძლო ზრდის გამო. ძლიერი რადიაციის შიშით ათასობით ადამიანი გარბის რეგიონიდან. პარასკევს იაპონიას 9 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა და შემდეგ ცუნამი დაატყდა თავს, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურს ქვეყნის ჩრდილოეთში. 170 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა იაპონიას შესაძლო ბირთვულ კრიზისთან გამკლავებაში დახმარებას სთავაზობს.