საინტერესოა, რომელმა მუსიკალურმა ნაწარმოებმა გამოიწვია ამა თუ იმ დიქტატორის აღშფოთება. მოდით, დღეს ამგვარი, "გამაბრაზებელი" ნაწარმოებები გავიხსენოთ.
დავიწყოთ სტალინით. იმედია, გახსოვთ ეს კაცი. თუ გახსოვთ, ისიც გეცოდინებათ, როგორ მიაწერდა ლეგენდა "გაფრინდი, შავო მერცხალოსა" და გლინკას "რუსლან და ლუდმილას" სიყვარულს (წარმოდგენა არ გამოუტოვებიაო, ამბობენ). მაგრამ ის თუ გახსოვთ, როგორ გამწარდა ერთი ახალგაზრდა კომპოზიტორის ოპერის მოსმენისას. უკიდურესად შეურაცხყოფილად უგრძვნია თავი (ალბათ, ოპერაში სექსუალურ სცენათა სიმრავლის გამო), წარმოდგენა პირველი მოქმედების დასრულებისთანავე მიუტოვებია და ერთ-ორ დღეში გაზეთ "პრავდაშიც" გამოუქვეყნებია წერილი (მცოდნე ხალხი ამ წერილის ავტორობას სწორედ მას მიაწერს): "ბუნდოვანება მუსიკის მაგიერ". ეს წერილი 25 წლის კომპოზიტორისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ტოლფასივით იყო.
"პრავდას" მალევე აჰყვა მთელი საბჭოური პრესა და სპექტაკლიც უცებ გაქრა რეპერტუარიდან. თუმცა კომპოზიტორს ავტორიტეტული დამცველებიც გამოესარჩლნენ - მაგალითად, მაქსიმ გორკი, რომელმაც "ტირილსა და სიცილში" უცქირა მთელ წარმოდგენას. სტატია გორკიმაც გამოაქვეყნა და კომპოზიტორის მგმობელი წერილის ავტორს საბჭოთა ინტელიგენტის სიმაღლიდან დასცინა - მუსიკა ვერ გაუგიაო (ეს, რაც მართალია, მართალია, დიდ სიმამაცედ უნდა ჩავუთვალოთ ამ კაცს). სტალინი გაბრაზდა, თუმცა ტოტალური რეპრესიებისთვის არ მიუმართავს ("ნადირობის სეზონი" წელიწადნახევარში გახსნა). ამის საპასუხოდ "ქართული კულტურის დეკადები" მოაწყო (როგორც ჩანს, საკუთარი კულტურულობის დასამტკიცებლად), სადაც თვალისმომჭრელი სიკაშკაშით გაიბრწყინა დასახვრეტად განწირულმა ევგენი მიქელაძემ. გალანძღული კომპოზიტორი კი გადარჩა (თუმცა მუდმივ შიშში გაატარა ცხოვრება), მაგრამ ოპერების წერაზე სამუდამოდ აიღო ხელი, თუმცა სიმფონიებისა და კვარტეტებისთვის არაერთხელ დაიმსახურა სტალინური პრემია. გორკი, როგორც ამბობენ, მოწამლეს. გალანძღულ (და აკრძალულ) ნაწარმოებს კი "ლედი მაკბეტი მცენსკიდან" ჰქვია. ავტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩია. ამბობენ, ეს შედევრი XX საუკუნის უკანასკნელი დიდი ოპერააო. რაღა დაგიმალოთ და, მეც ასე ვფიქრობ.
***
ჰიტლერმა თქვა, როცა რაიხსტაგი იწვოდა, მე სტუმრად ვიყავი და ვაგნერს ვუსმენდიო. იმდენი მაგას მოხვდა! არ მჯერა, რომ მართლა უყვარდა ვაგნერი. კაცს თუ მუსიკა ესმის, ნამდვილად არ მონათლავს "დეგენერატულ ხელოვნებად" კარლ ორფის "კარმინა ბურანას". 1936 წელს გერმანიაში მკაცრად აიკრძალა ამ, "მესამე რაიხის" სულისთვის სრულიად შეუფერებელი, ორატორიის შესრულება. დოქტორი იოზეფ გებელსი რისხვად დაიღვარა, როცა ქალის ხმით ამღერებული უსქესო არსების მიერ ნამღერი გალობა მოისმინა. ორფიც შოსტაკოვიჩზე ნაკლებად როდი შეშინდა. თუმცა ბოლოს მისთვისაც საუკეთესოდ დასრულდა ყველაფერი: 1945 წელს ჰიტლერმა და გებელსმა ერთიმეორის მიყოლებით მოიკლეს თავი, 1990 წელს გერმანია გაერთიანდა, ცოტა ხანში კი "კარმინა ბურანა" ჯანსუღ კახიძემაც შეასრულა თბილისში.
შემდეგ ოთხშაბათს ვლადიმერ ლენინზე გაგესაუბრებით.