”ოპოზიციური რვიანი” საარჩევნო ხარჯს ითვლის

შეხვედრა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით

საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე “ოპოზიციურმა რვიანმა” არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების ერთი კონკრეტული, ასე ვთქვათ, შედეგი წარუდგინა. მათ საზოგადოებას ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულება გააცნეს. ”ოპოზიციური რვიანის” განცხადებით, ხელისუფლება მათ ელექტრონული პირადობის მოწმობების ”გაბერილ” ფასს სთავაზობს.

ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა კალკულაცია, რომლის მიხედვითაც, ბარათების თვითღირებულებაში შეიტანა შვიდი წლის ხელფასები, ოფისების სამეურნეო, საკომუნიკაციო ხარჯები ...
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ”ოპოზიციური რვიანის” ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც მათ სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად ხელისუფლებას წარუდგინეს, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესის შეცვლაა, რომლის მიხედვითაც, სიების შედგენა ბიომეტრიული პარამეტრების შემცველი პირადობის მოწმობების საფუძველზე უნდა მოხდეს. ხელისუფლების კალკულაციით, სიების მსგავსი წესით შედგენა დაახლოებით 190 მილიონი ლარი დაჯდება, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ხარჯი სამჯერ აღემატება მათ მიერ გამოთვლილ ხარჯს. ”ოპოზიციური რვიანის” ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა 7 მარტს ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების შედარებითი დახასიათება გააცნო საზოგადოებას. ჩვენი პროექტი ერთ წელზეა გათვლილი, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ ხარჯები რატომღაც შვიდ წელზე გაწერა, ამბობს ირაკლი მელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში:

”ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა კალკულაცია, რომლის მიხედვითაც, ბარათების თვითღირებულებაში შეიტანა შვიდი წლის ხელფასები, ოფისების სამეურნეო, საკომუნიკაციო ხარჯები. ასევე არასწორად არის დათვლილი რაოდენობა იმ ადამიანებისა, რაც ამ პროექტის განხორციელებას სჭირდება. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ხარჯები რეალურ ხარჯებთან შედარებით სამჯერ დიდია”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

ასე მგონია, ეს ციფრი ყოველი შემთხვევისათვის ”გაიბერა”, რათა მომავალში უფრო ადვილი იყოს ციფრებში ნავიგაციაო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გოგი ხუციშვილი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი, და იქვე ამატებს, რომ წარმოდგენილი ციფრების პრეზენტაცია შეიძლებოდა გაცილებით ეფექტური შედეგით დასრულებულიყო, ვიდრე მას 7 მარტს სასტუმრო ”ჰოლიდეი ინში” მოჰყვა.

ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლის, ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისა არის არჩევნები, მიაჩნია ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ირაკლი ალასანიას. ის ხელისუფლებასა და ”ოპოზიციურ რვიანს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ ის საპროტესტო აქციების ინიციატორიც იყოს, ასე უპასუხებს:

ქუჩის გამოსვლები კი წარმატებას აღწევს მაშინ, როცა ის სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მცდელობით არის განმსჭვალული ...
”რა თქმა უნდა, აქციები თავისთავად არც თვითმიზანია და არც გამოსარიცხი ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისა. საპროტესტო აქცია მაშინ იმართება, როცა არ ეთანხმები ხელისუფლების ამა თუ იმ პოლიტიკურ ნაბიჯს და ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი და არა ამბოხება და ხელისუფლების დამხობა. მე ვთვლი, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება შედეგიანად და საარჩევნო გარემოში იქნება თვისებრივი ცვლილებები”, - აცხადებს ირაკლი ალასანია.

ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ”რვიანთან” მიღწეული შეთანხმებები, რადგან ეს ”რვიანი” დღეს ქართული ოპოზიციის საკონტროლო პაკეტს წარმოადგენს, ამბობს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი და იქვე ”ოპოზიციური რვიანის” ვალდებულებებსა და მიზნებზე ამახვილებს ყურადღებას:

”ჩვენთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემო. ქუჩის გამოსვლები კი წარმატებას აღწევს მაშინ, როცა ის სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მცდელობით არის განმსჭვალული. ჩვენ არ გვინდა რევოლუციები, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საქართველოში არ დავუშვათ სააკაშვილის მუბარაქიზაცია, რაც ნიშნავს ასობით ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე ხელისუფლების შეცვლას”, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ელექტრონული პირადობის მოწმობის თვითღირებულების გაანგარიშების პრეზენტაციას მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილი ადევნებდა თვალყურს. ჟურნალისტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მათი საშუალებით საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ხელისუფლებას უფრო მეტად უნდა დავანახვოთ, რომ საზოგადოება ამ თემებით დაინტერესებულია, ამბობს ის:

”მაპატიეთ, მაგრამ ახლა რომ გავიდეთ ქუჩაში და გავაჩეროთ ნებისმიერი მოქალაქე, ბიომეტრიულ პასპორტიზაციასთან დაკავშირებით მათ არ ექნებათ ინფორმაცია. ხოლო როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დაუკავშირდეს საარჩევნო პროცესს, ამის შესახებ ხომ საერთოდ არაფერი იციან.”

9 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციისა და ხელისუფლების მორიგი კონსულტაცია გაიმართება, სადაც ხელისუფლებამ ”ოპოზიციური რვიანის” მიერ შეთავაზებულ სხვა საკითხებთან ერთად ბიომეტრიულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია უნდა გამოკვეთოს. თუმცა 9 მარტამდე დაახლოებით 48 საათით ადრე ოპოზიცია აცხადებდა, რომ ხელისუფლებისგან მათ არანაირი დოკუმენტაცია არ მიუღიათ და ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ცვლილებების პროექტი, რომელიც „ოპოზიციურმა რვიანმა“ ხელისუფლებას წარუდგინა, ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს. ესენია: საქართველოს პარლამენტის არჩევნების საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი, არჩევნების დღე, საარჩევნო დავების განხილვის სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი.