ქართული პრესის მიმოხილვა, 5 მარტი 2011

არის თუ არა საქართველოში მოსალოდნელი სოციალური ბუნტი? - ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან „ახალი თაობის“ 1 მარტის ნომერში წაიკითხავთ. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბუნტი მოსალოდნელი არ არის და ოპოზიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. ზაქარეიშვილის თქმით, საზოგადოება, უბრალოდ, დაიღალა და მოდუნდა, თუმცა რეალურად ის მზადაა საპარლამენტო არჩევნებისა და ამ გზით ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვებისათვის. საფრთხეს ზაქარეიშვილი არჩევნების შემდეგ ხედავს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ არჩევნები ან გააყალბოს, ან მისი მანიპულირება მოახდინოს. ასეთ შემთხვევაში, ზაქარეიშვილი ბუნტის და რევოლუციის საფრთხეს ხედავს. პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს აგრეთვე დასავლეთის დამოკიდებულებაზე პროცესებისადმი ქვეყანაში. ზაქარეიშვილის აზრით, დასავლეთი მიხვდა, რომ ”ჯობია პროცესები იმართებოდეს ბუნებრივად…" ანუ, მისი აზრით, ზეწოლა რაიმე მიმართულებით შედეგებს არ იძლევა და ჯობია, რომ ქვეყნებმა საკუთარი არჩევანი თავად გააკეთონ. ეს გამოიკვეთა, ზაქარეიშვილის აზრით, მსოფლიოში მიმდინარე ბოლო რევოლუციურ ტალღაში.

’საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას აზრი არ აქვს, მოვემზადოთ რევოლუციისთვის’- დაახლოებით ასეთი არის მესიჯი, რომელსაც ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ისვრიან პრესის ფურცლებიდან. სხვა შეხედულებისაა ირაკლი ალასანია, რომელიც ინტერვიუს სამ მარტს „ახალ თაობას“ აძლევს. ირაკლი ალასანიას აზრით, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველო პირველად უნდა შეეცადოს დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების დემოკრატიული მეთოდით ცვლის უნარი აქვს. ალასანიას აზრით, ესაა პასუხისმგებლობა ვექტორის ყველა მხარეს, როგორც საზოგადოების, ასევე მმართველი ძალის და ოპოზიციისა. ალასანიას აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის ბრძოლა არის ”ყველაზე სერიოზული პოლიტიკური პროცესი.” ალასანიას მიაჩნია, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი საზოგადოებაში არსებული კრიტიკული მუხტის ასახვა საპარლამენტო ბალანსში, რაც საზოგადოებას ქვეყნის მართვაში ჩართვის საშუალებას მისცემს: ”სწორედ ტუნისისა და ეგვიპტის მერე გახდა ნათელი, რომ ერთპიროვნული და ავტოკრატიული მმართველობის დრო დამთავრდა მსოფლიოში.”

დღევანდელ „რეზონანსს“ რომ დავხედე, რიცხვი გადავამოწმე: მეგონა, ხელში წინა კვირის გაზეთი მეკავა. სახელწოდება მეორდება: „დგას თუ არა საქართველო რევოლუციის ზღვარზე“. ამჯერად „რეზონანსი“ აზრს ექსპერტებს ეკითხება. ათამდე ექსპერტი ვარაუდობს, რომ ქვეყანა ან არის მზად, ან არ არის მზად რევოლუციისთვის. ზოგი ამბობს, რომ ასეთი გზით პროცესების განვითარება არასასურველია, ზოგი კი მხოლოდ რევოლუციაში ხედავს გამოსავალს. სტატიაში იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მოსაზრებებსაც ვაწყდებით, რომლებიც რევოლუციის წინ საკუთარ პოლიტიკურ პარტიებს ხედავენ, თუმცა ექსპერტები ასეთ გათვლას არ აკეთებენ და ხაზს უსვამენ საზოგადოების დაბალ რწმენას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისადმი. ძირითადი ხაზი, რომელიც მთელ სტატიას გასდევს, არის სოციალური სიდუხჭირე და უმუშევრობის მაღალი დონე. ექსპერტები ასევე ითვლიან, რამდენი ადამიანი სჭირდება ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას, იხსენებენ 2003 წელს, როცა რევოლუციური მუხტი შექმნა 30 ათასმა „გაბრაზებულმა და კარგად ორგანიზებულმა“ ადამიანმა.

„რეზონანსი“ აქვეყნებს ინტერვიუს კონსტანცა შტელცენმიულერთან, ტრანსატლანტიკურ საკითხებში მარშალის ფონდის მკვლევართან. შტელცენმიულერი საუბრობს საქართველოს დემოკრატიის სიმყიფესა და დასავლეთის მხრიდან დახმარების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ დემოკრატია სტაბილური გახდეს. ეს დახმარება, მისი აზრით, პირველ რიგში განათლების სექტორს შეეხება:

”ჩვენ უნდა ჩავდოთ ფული განათლებაში და არა ნავთობსადენში”,- ამბობს იგი. მკვლევარის აზრით, ევროკავშირისა და ნატოს მოწყობა გულისხმობს გაფართოებას იმ ქვეყნების ხარჯზე, რომელთაც სტაბილური დემოკრატიული განვითარების 20-30 წლიანი ისტორია მაინც აქვთ, რაც, ბუნებრივია, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების პირობებში არის შესაძლებელი. მკვლევარი ასევე პასუხობს ჟურნალისტის არაპირდაპირ შეკითხვას, თუ რატომ არ არის დასავლეთი უფრო აქტიური. მისი თქმით, ზეწოლა გადაწყვეტილების მიღებაზე შეცდომაა. მას მაგალითად უკრაინა მოჰყავს და ხაზგასმით ამბობს, რომ დემოკრატიის იძულება შეცდომაა.

”ასეთი რამის იძულებით ჩვენ სწორედ რუსეთის ინტერესებზე დავასხამდით წყალს. თავიდან უნდა ავიცილოთ ასეთი ცალსახა მიდგომები”, - ამბობს მკვლევარი.

მეორე საკითხი: შტელცენმიულერი ცდილობს ახსნას, თუ რატომ არის ზოგად სტრატეგიულ კონტექსტში რუსეთთან თანამშრომლობა აუცილებელი: ”ავღანეთი, სანქციები ირანის წინააღმდეგ… მთელი დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეთანამშრომლა რუსეთთან ირანის სანქციებთან დაკავშირებით. ეს დიდი სტრატეგიული ამოცანა გახლდათ. ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ: ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გაყინული კონფლიქტები საქართველოში.”

რაც შეეხება კონფლიქტურ ზონებს, შტელცენმიულერის აზრით, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს, რადგან რუსეთის ყოფნა იმ ადგილებში, რომელთაც მსოფლიოში სერიოზულად არავინ აღიარებს, რუსეთისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსულ ფაქტორს მკვლევარი ცალსახად არ აფასებს, გამოყოფს პოლიტიკურ მიდგომებს სამოქალაქო სექტორისგან, რომელიც, მისი აზრით, იმსახურებს დემოკრატიულად პროცესების განვითარებას.

„24 საათი“ წერს საერთაშორისო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის დადებითი სუვერენული რეიტინგის მინიჭების თაობაზე, რომელიც, გაზეთის თქმით, პოზიტიურით შეიცვალა. გაზეთი ასევე გვთავაზობს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსის გამოხმაურებას ამ საკითხთან დაკავშირებით:
”მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესების ფონზე რეიტინგის პროგნოზის შეცვლა მნიშვნელოვანი წარმატებაა”.

რეიტინგების თემაზე საინტერესო სტატიას აქვეყნებს „რეზონანსი“. სტატიაში ვითარდება აზრი, რომ მონაცემები, რომლებსაც ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს, განსხვავდება რეალური მდგომარეობისგან ქვეყანაში. გთავაზობთ ციტატებს სტატიიდან:

”თუ არ გამოქვეყნდა თითოეული რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია, შეიძლება ეჭვი ყოველთვის გაგიჩნდეს.“

”ის მეთოდიკა, რა მეთოდიკასაც ესა თუ ის სარეიტინგო კომპანია იყენებს, ძალიან განსხვავდება რეალობისგან, რაც საქართველოში კონკრეტულ დარგებშია. ”

”ის, რომ რეიტინგში საქართველო ზოგიერთ ქვეყნებს უსწრებს, შესაძლოა, მარტო გულის მოსაფხანად გამოდგეს.”

ნარკოტრეფიკის საშიშროებებზე როგორც „რეზონანსი“, ასევე დღევანდელი „24 საათიც“ წერს. საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ნარკოტიკების კონტროლთან დაკავშირებით.

„24 საათის“ მიხედვით, ანგარიშში ლაპარაკია საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში კორუფციული მდგომარეობის გამოსწორებაზე, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, საფრთხეზე, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მხრიდან ირანთან სავიზო რეჟიმის გამარტივებამ. „24 საათის“ მიხედვით, ამან შესაძლოა საქართველო ერთ-ერთ უმთავრეს ტრანზიტულ მარშრუტად აქციოს და მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ რეგიონში არის კონფლიქტური ზონები, რომელთა კონტროლი შეუძლებელია. იგულისხმება აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.