შეერთებულმა შტატებმა ირანი დაგმო, ვაშინგტონის განცხადებით, „დაშინების ორგანიზებული კამპანიის“ გამო. თეთრი სახლის განცხადებით, ირანში დაპატიმრებული არიან პოლიტიკური ლიდერები და აქტივისტები, უფლებადამცველები, ისევე როგორც ჟურნალისტები და ბლოგერები. იმავდროულად, ვაშინგტონი აცხადებს, რომ თეირანი მოქალაქეებს ხელს უშლის ინფორმაციის მიღებაში სატელიტური მაუწყებლობის ჩახშობით და ინტერნეტსაიტების დაბლოკვით. თეთრი სახლის ამ განცხადებამდე უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი, მირჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი, წაიყვანეს სახლებიდან, სადაც ისინი ფაქტობრივად შინა პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ორგანიზაცია „ირანში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კამპანია“, მისივე განცხადებით, „ინფორმირებულ წყაროებზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ მუსავი და ქარუბი მეუღლეებთან ერთად წაიყვანეს „უსაფრთხო“ ადგილას, თეირანის მახლობლად, და რომ მათი ახალი ადგილსამყოფელი საპატიმრო არ არის.