კვირის პრესის მიმოხილვა

დღის პრესა .’მოსალოდნელია თუ არა რევოლუცია საქართველოში?’’ - თამარ ჩხეიძე ცდილობს საკითხის რაციონალიზაციას დღევანდელი ‘რეზონანსის’ მეექვსე გვერდზე. თუმცა სათაურ-შეკითხვას ‘რეზონანსის’ წინა გვერდზე ცენტრალური პოზიცია უჭირავს. თამარ ჩხეიძე სოციალური სიმძაფრის ფონზე რევოლუციურ მუხტს გრძნობს და ამ მუხტის რაციონალიზაციას ცდილობს, ცდილობს ახსნას, თუ რაოდენ რეგრესული შედეგების მომტანია ზოგადად ეს მეთოდი ცვლილებათა განხორციელებისა. თუმცა, თამარ ჩხეიძის აზრით, გამოსავალი არც არჩევნებშია, თუ საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად არ გამოსწორდა.

’პარალიზებული თბილისი’ – ‘რეზონანსის’ ინფორმაციით, თბილისში სამარშრუტო ტაქსების ექვსი ათასი მძღოლი გაიფიცა, ამან სისტემის გადატვირთვა გამოიწვია, რადგან ადამიანები მეტროს და ყვითელ ავტობუსებს მიაწყდნენ:

”ზოგადად მეტრო ხალხმრავლობით ისედაც გამოირჩევა, თუმცა გუშინდელმა სიტუაციამ ყველაფერს გადააჭარბა, გრძელი რიგები სალაროებთან და გავსებულ ვაგონებში შესვლის - უფრო, შეტენვის - უშედეგო მცდელობა”, - წერს ‘რეზონანსი’. რა მოხდება მაშინ, თუ მძღოლები გაფიცვას არ შეწყვეტენ? ‘რეზონანსი’ ამ შეკითხვას სვამს და პასუხობს, თუ საქმეში ჩართვას მერია შეეცდება, ექვსი ათასი მძღოლის ჩასანაცვლებლად მას ერთი თვეც არ ეყოფაო, ეს კი იმ ფონზე, როცა,ერთსულოვანი სამარშრუტო სისტემის გაფიცვის კვალდაკვალ, კერძო მსუბუქ ტაქსებსაც გამოუთქვამთ პროტესტი იმ მოტივით, რომ ხვალ შესაძლოა მათი სისტემის მონოპოლიზებაც მოხდეს.

‘სამარშრუტო ტაქსების მძღოლები ორშაბათს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავენ’ - ასე ასათაურებს სხვა სტატიას ‘რეზონანსი’ და წერს, რომ გაფიცვები მინიმუმ სამ დღეს გასტანს, ხოლო ორშაბათს ორ საათზე რესპუბლიკის მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. სტატია ასევე შეეხება მოვლენებს, განვითარებულს საკრებულოში, სადაც ოპოზიცია ტენდერის გადახედვას მოითხოვდა, ხოლო საკრებულოს შენობის გარეთ მძღოლები აქციას მართავდნენ. ოპოზიციას მძღოლებისთვის მიუმართავს, თუ არ დაიშლებით, ”ხელისუფლება იძულებული იქნება ტენდერის შედეგებს გადახედოსო”.

მოგეხსენებათ, ჩატარებული ტენდერის მიხედვით, სამარშრუტო ქსელს ოთხი კომპანია აკონტროლებს. ამ კომპანიებმა უნდა ჩამოიყვანონ ახალი „მარშრუტკები“ ერთი წლის მანძილზე, მანამდე კი მათ სერვისისა და სხვა ხარჯების დასაფარად არსებულ „მარშრუტკებს“ ყოველდღიური გადასახადი დაუწესეს. არსებული სამარშრუტო ტაქსები ახლების ჩამოყვანის შემდეგ ქსელიდან ამოვარდება. ერთადერთი შანსი რჩებათ მძღოლებს, გადასხდნენ გამარჯვებული კომპანიების მიერ ჩამოყვანილ „მარშრუტკებზე“. როგორც ‘რეზონანსის’ სტატიაში მამუკა ახვლედიანი ამბობს, ისინი არათუ გადასხებიან, არამედ მათ ექნებათ შანსი „მარშრუტკები“ გამოისყიდონ ხუთი წლის განმავლობაშიო. ამ ყველაფრის ფონზე, სტატიის ავტორი გიორგი ფუტკარაძე მკითხველს ჰპირდება, რომ ორშაბათის ნომერში გამოაქვეყნებს დოკუმენტაციას, რომელიც სამარშრუტო სისტემაში ჩატარებულ ტენდერს და ამ ტენდერთან ქალაქის მერის გიგი უგულავას კავშირებს ასახავს.

’პარალიზებული დედაქალაქი და გულგრილი მედია’ – ‘რეზონანსს’ ესაუბრება ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. სტატიაში მათემატიკური სიზუსტითაა მოყვანილი, თუ როგორ გააშუქეს სამარშრუტო გაფიცვა საინფორმაციო გამოშვებებმა მეორეხარისხოვანი ამბის ფორმატში. სტატიის დასაწყისში ჟურნალისტი კითხულობს: ”რა უფრო მეტად აწუხებს თბილისის მოსახლეობას: ლიბიაში შექმნილი ვითარება, ოსკარის საზეიმო ვახშამი, პაციფისტების აქცია რომში თუ პარალიზებული დედაქალაქი?” სტატიაში ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ნაციონალური ტელეარხების სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ პრიორიტეტულობა საინფორმაციო სივრცეში უნდა დალაგდეს იმის მიხედვით, თუ რა უფრო აინტერესებს მოსახლეობას პირველ რიგში: ”დარწმუნებული ვარ დღეს თბილისელთათვის და არა მარტო თბილისელთათვის საკმაოდ მაღალი ინტერესის თემას წარმოადგენდა, თუ რა ხდებოდა თბილისში, როდესაც პარალიზებული იყო ქალაქი”.

საკრებულოს წინ შეკრებილი გაფიცულების ფოტო წინა გვერდზე აქვს გამოტანილი „24 საათს“. გაზეთი ასევე წერს პუტინ-მედვედევის ენერგეტიკული დაპირისპირებისა და გარემოს დაცვის თემაზე გამართული ‘საგნობრივი დისკუსიის’ შესახებ პარლამენტში. არა აქვს მნიშვნელობა ვინ იდგება ამის უკან, მთავარია მოხდეს გარემოს დაცვაო, ამბობს სტატიაში დავით დარჩიაშვილი და აღნიშნავს, რომ მთავრობამ ევროკავშირის 2009 წლის რეგულაციებით უნდა იხელმძღვანელოს: ”მათში აღნიშნულია როგორ უნდა იმართებოდეს დაცული ტერიტორიები. თუმცა ევროკავშირი არ ადგენს, ესა თუ ის სტრუქტურა რომელი სამინისტროს კომპეტენციაში უნდა შედიოდეს. მაგრამ ყველგან არის ნათქვამი ორი რამ, ბიომრავალფეროვნების დაცვა და იმ ფლორისა და ფაუნის კონსერვაცია, რის გამოც მას დაცული ტერიტორიის სტატუსი მისცეს”.

კვირის პრესა. ‘რეზონანსი’ უკვე ხუთშაბათს ამცნობდა მკითხველს, რომ სამარშრუტო ტაქსების მგზავრობის ფასი 70 თეთრი იქნება. ინფორმაციას ამაზე სატრანსპორტო პროფკავშირები ავრცელებენ, რომლებიც ამბობენ, რომ გამარჯვებული კომპანიები ფასების გაზრდას აპირებენ და ამის მიზეზად ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდას ასახელებენ. ისევ გრძელდება გარემოს დაცვის სამინისტროს დაშლის თემა გაზეთებში. თემა, რომელიც შედარებით ყვითელი გაზეთების ფურცლებზე წინა პლანზე მოდის, არის ზვიად გამსახურდია. სათაურებს გაგაცნობთ: ’კოკო გამსხურდია ხელს შევარდნაძეს ადებს”, ’ზვიად გამსახურდია მოკლულია’.

თემა, რომელიც გაზეთებში, შეიძლება ითქვას, სკრუპულოზურად შუქდება, არის სავალალო მდგომარეობა ისტორიული ძეგლებისა და შეკითხვა, რომელიც ამ ყველაფერს ფონად გასდევს, არის: ღირს თუ არა ტაძრების აღდგენა მეჩეთების აღდგენის სანაცვლოდ? გაზეთები აქვეყნებენ განადგურების პირას მყოფი ძეგლების ფოტოებს, ჰყვებიან პირველ წყაროს ინფორმაციებს თურქეთში ადგილზე ნანახისა და განცდილის შესახებ. მთავარი მესიჯი ყველგან ერთია: ძეგლების აღდგენა დროზე უნდა დაიწყოს.

იმის გარკვევას, თუ რა შემთხვევაში შეძლებს მიხეილ სააკაშვილი პრემიერ- მინისტრად გახდომას, ‘რეზონანსი’ ექსპერტ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძესთან ცდილობს სამშაბათის, 22 თებერვლის, ნომერში. თავად ვახტანგ ხმალაძე პასუხს მოსახლეობაში, ანუ ამომრჩეველში, ეძებს: ”ეს შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შედეგად უმრავლესობას მოიპოვებს ნაციონალური მოძრაობა და თუ ნაციონალური მოძრაობა მოინდომებს, რომ პრემიერ-მინისტრი იყოს სააკაშვილი”,- ამბობს ვახტანგ ხმალაძე და დასძენს, საზოგადოებას აქვს რეალური შანსი მართოს ქვეყანაში პროცესები, თუმცა ამისათვის საარჩევნო გარემო უნდა გამოსწორდესო. მთავარი ელემენტი, რომელიც სტატიაშია გამოკვეთილი, ზუსტი საარჩევნო სიებია. ამის მიღწევა, ვახტანგ ხმალაძის აზრით, ბიომეტრული მონაცემების მეშვეობით არის შესაძლებელი, ანუ თვალის გუგის დასკანირებით ან თითის ანაბეჭდის მეშვეობით. თუმცა ეს 200 მილიონამდე ჯდებაო (ვალუტა სტატიაში არ სახელდება), რაც სიძვირის გამო მთავრობამ დაიწუნა და სწორედ ეს მაფიქრებინებსო, ამბობს ვახტანგ ხმალაძე, რომ მთავრობას რეალურად ცვლილების მოხდენა არ სურსო.

დაბოლოს, ’ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მესიჯი’ - წერს წინა გვერდზე 21 თებერვლის ‘რეზონანსი’. გაზეთი მიმოიხილავს მსოფლიოში ბოლო დროს აზვირთებულ რევოლუციურ ტალღას და იმ პოზიციის ფონზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ამ რევოლუციურ ტალღასთან დაკავშირებით დაიკავეს, ასკვნის: ’ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მესიჯი- ვმეგობრობთ ხალხებთან და არა ხელისუფლებებთან.’