”თავისუფლების დღიურების” მეხუთე წიგნი

"თავისუფლების დღიურების" პრეზენტაცია

გუშინ თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, "თავისუფლების დღიურების" მეხუთე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
"თავისუფლების დღიურები" რადიო თავისუფლების პროექტია. მის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში ჩანაწერებს აკეთებენ, რომლებიც ყოველი წლის დასაწყისში წიგნად იკინძება და ერთგვარად აჯამებს განვლილ 365 დღეს. "თავისუფლების დღიურები 2010"-ს 52 ავტორი ჰყავს.

პოლიტიკოსები, შემოქმედები, საზოგადოებისათვის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები. ისინი წერენ თავიანთი ცხოვრების ერთი კვირის განმავლობაში მომხდარ ამბებზე, ზოგჯერ აფასებენ საკუთარ ქმედებებს და გადაწყვეტილებებს, გვაცნობენ საკუთარ თავს, თავიანთ ახლობლებს და იმ ადამიანებს, ვინც მათ ცხოვრებაში მონაწილეობს.ზოგისთვის რთულია, ზოგისთვის ეს, უბრალოდ, დავიწყებული საქმიანობაა. წელს 52 ადამიანის ცხოვრების თითო კვირა დაიტია „რადიო თავისუფლების დღიურებმა“, რომლის აუდიოჩანაწერსაც მსმენელი რადიოს ეთერიდან ისმენს, წლის ბოლოს კი წიგნად შეკრულს ნახულობს დივიდი დისკთან ერთად.

ასტროფიზიკოსი ჯუმბერ ლომინაძე ამბობს, რომ დღიური არასოდეს უწარმოებია. ეს მხოლოდ ერთხელ, ისიც რადიო თავისუფლების თხოვნით, სცადა:

”დღეს ვიყავი კუს ტბაზე ჩემს შვილთაშვილებთნ ერთად. გიორგი 10 წლისაა, მარიამი - 6-ის, ქეთი - 2-ის. ბედნიერი ვარ, რომ მათ მოვესწარი, მაგრამ მათი დიდი ბებია, ლია, ვერ მოესწო ამ სიხარულს.”

თავისუფლების დღიურების პრეზენტაციაზე მოსულმა ჯუმბერ ლომინაძემ კი გვითხრა, რომ ეს დღიური მას მისი მოგონებების ამსახველი წიგნის წერაშიც კი დაეხმარა:

”7 დღეა გამოყოფილი და მე ის მომწონს, რომ ეს 7 დღე ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთ დღეს შვილთაშვილებთან ერთად ვიყავი კუს ტბაზე - შვილიშვილებთან ერთად კი არა, შვილთაშვილებთან. მეორე დღეს მოსკოვში დავრეკე, მესამე დღეს ამერიკაში მქონდა საუბარი, მეოთხე დღეს სახლში ვიყავი ჩემთვის და ვფიქრობდი. ძალიან კარგია ის, რომ ძალიან ბევრი ხალხია აქ თავმოყრილი, სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა შეხედულებების... შესანიშნავი, ცოცხალი რამ არის და სიამოვნებით გადავხედე სხვა დღიურებსაც.”

მეცნიერ-ეკონომისტის ლადო პაპავას დღიურების წერა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ კვირას დაემთხვა და, როგორც თავად ამბობს, ამით საქმეც გაუიოლდა:

თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, "თავისუფლების დღიურების" მეხუთე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
”11 ივლისი იმით დაიწყო, რომ ნაშუაღამევს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი გაირკვა. მართალია, მე ურუგვაის გამარჯვება უფრო გამიხარდებოდა, მაგრამ გაიმარჯვა გერმანიამ, რადგანაც კლასიც უფრო მაღალი აქვს და იღბალიც ჰქონია. ურუგვაი თავისი სიმცირით საქართველოს მაგონებს, ხოლო ურუგვაული ფეხბურთი - ძველ ქართულ ფეხბურთს და მხოლოდ ამით უნდა აიხსნას ჩემში ურუგვაის ნაკრებისადმი სიმპათია. დღევანდელი დღე კვლავ ფეხბურთით უნდა დასრულდეს, რადგან ფინალური მატჩი გაიმართება ესპანელებსა და ჰოლანდიელებს შორის. მე არც ერთი მათგანის გულშემატკივარი არ ვარ და საერთოდ ვთვლი, რომ ზრდასრული და ნორმალური ადამიანი მხოლოდ თავისი ქვეყნის ნაკრების ქომაგი უნდა იყოს.”

დღიურის წერისას ყველაზე რთული ზღვარის გავლება იყო, ამბობს ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი, ზღვარისა გულწრფელობასა და გაპრანჭულობას შორის; როგორ უნდა დაწერო ისე, რომ საკუთარი პრობლემები თავს არ მოახვიო მსმენელს და თან ისე მოჰყვე ერთი კვირის ცხოვრებას, საინტერესოც რომ გამოვიდეს. მერე კი დაწერა:
”დღვანდელი დღე გუშინდელს გადაება - მთელი ღამე ფოტოებს ვბეჭდავდი. ძალიან ვისიამოვნე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემთვის იყო, ასეთი რამ დღეს არავის აღარ სჭირდება, კოლექციონერების გარდა. გამამხნევებელი ვარჯიშის მაგივრად - გამამხნევებელი ყავა... და წავედი სტუდიაში. ორი დღის წინ ჩამოვფრინდი არლის ფოტოფესტივალიდან, იქიდან რაღაც კუდები გამომყვა გადასაგზავნი, ეს კუდები უნდა მივალაგ-მოვალაგო და მერე, კაცმა რომ თქვას, ხვალამდე თავისუფალი ვარ. სტუდიის მერე ქალაქში მინდა გავიარო, მონატრებული ვარ.”

გურამ წიბახაშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ დღიურებში ასახული ადამიანის პირადი ცხოვრება მის მთელ შემოქმედებაზე საინტერესოც კი შეიძლება გამოვიდეს:
”50 თეთრად ვიყიდე დოსტოევსკის 28-ე ტომი, თუ არ ვცდები, და აღმოჩნდა, რომ არის დღიურები და იქ რომ წავიკითხე როგორ წერს თავის ეპილეფსიაზე, როგორ აღწერს ამას, როგორ ჰქონდა წინდა დასაკემსი და დაკემსა, როგორ აღწერს, რომ 1 კაპიკი მისცა 2 კვერცხში, და ეს რომ წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს არის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ნებისმიერი რომანი, იმიტომ რომ ეს არის უფრო ინტიმური, და მივხვდი, რომ საერთოდ დღიურების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.”

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე კი დღიურების წერამ ფილოსოფიურ განწყობაზე დააყენა, განწყობაზე შეეფასებინა ცხოვრების ყოველი წუთი:

” სამწუხაროდ, ჩვენ დღიურებს და წერილებს აღარ ვწერთ და გადავედით მესიჯების ენაზე, რომელმაც ძალიან გააღარიბა ჩვენი ლექსიკაც და, ალბათ, აზროვნებაც.”

ნანა ჯანელიძის დღიური კი ასე იწყება:
”დილის 7 საათზე ქალაქში ქუჩის განათებას გამორთავენ. დილის 7 საათზე მეეზოვეები ქუჩებს ხვეტენ და ეს ფაქტი გაუნელებელ გაოცებას და აღტაცებას იწვევს ჩემში. დილის 7 საათზე კინოგადაღების ხუთივე მანქანა ქარხნის ჭიშკართან დგას და ელოდება, როდის ახსნიან ლუქს ჭიშკარს, რომ შევიდეთ. უკვე მეშვიდე დღეა ასე ჩამწკრივებული ვდგავართ 7 საათზე ქარხნის წინ. შევდივარ ჩაბნელებულ ქარხანაში. რამდენიმე წუთში ინათებს. 9-ის ნახევარზე უკვე საკმარისი შუქია, რომ დავიწყოთ. მანამდე ბატონი კახი იცვამს და იკეთებს გრიმს. გამოაქვთ განათება, რელსები, კამერა. ”

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ამბობს, რომ წლების შემდეგ „თავისუფლების დღიურების“ ეს გამოცემა დაეხმარება დეტალურად აღიდგინოს ის კვირა, როცა დღიურის წერას შეუდგა და ასევე იმედი აქვს, რომ „თავისუფლების დღიურების“ სხვა გამოცემებში კიდევ ერთხელ მოხვდება:
”7 მარტი, კვირა. მთელი დღე გზაში ვარ, მატარებლით მივდივარ ჟენევაში სტრასბურგიდან. ორშაბათს, დილით, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მეცამეტე სესიაზე ორი მოხსენებით უნდა გამოვიდე. ორივე მომზადებული მაქვს, თუმცა მერამდენედ ვკითხულობ გზაში, უკვე თვლა ამერია. თითო მოხსენებისთვის სულ სამ-სამი წუთია გამოყოფილი. ძალიან რთულია ამ დროში ჩაეტიო და ის თქვა, რისი სურვილიც გაქვს. ამიტომ მიწევს გადაკითხვა და ვუყურებ საათს, დროში ჩავეტევი თუ არა. როგორც იქნა, მატარებელმა ჟენევაში ჩააღწია. გადმოვედი სადგურში, მივედი სასტუმრომდე, უკვე საღამოა და გავაგრძელე კითხვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მოხსენებები.”

მწერალ კოტე ჯანდიერის შეფასებით, „თავისუფლების დღიურები“ კონკრეტული დროის სულის რეკონსტრუქციის საშუალებაა:
”მე მგონი, ეს არის ორმაგი პორტრეტი - ერთი იმ ადამიანის, ვინც ამას წერს, და მეორეც - დროის. ეს დღიურები ისტორიის რაღაც მონაკვეთზე გვიქმნის მოცულობით წარმოდგენას და მე მგონი, ისტორიკოსებისთვის ეს იქნება კარგი მადანი, საიდანაც შეძლებენ დროის და ეპოქის სულის რეკონსტრუქციას.“

2010 წლის „თავისუფლების დღიურები“ 52 ადამიანის ერთ კვირაზე მოგვითხრობდა, წელს კი დღიურების წერას სხვები აგრძელებენ.