ვლადიმირ პუტინი ბრიუსელში ევროკავშირთან მოლაპარაკებას მართავს

ვლადიმირ პუტინი ბრიუსელში

ენერგეტიკა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივები და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს განსახილველ საკითხებს რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე, რომელიც დღეს ბრიუსელში მიმდინარეობს. რუსეთის დელეგაციას, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის ლიდერებთან რთული, მაგრამ გულახდილი მოლაპარაკების იმედი აქვს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ბრიუსელში რუსეთის ლამის მთელი მინისტრთა კაბინეტით ჩავიდა. ვლადიმირ პუტინთან ერთად დელეგაციაში იმყოფება კაბინეტის 12 წევრი, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ენერგეტიკის მინისტრი სერგეი შმატკო. რუსეთის დელეგაცია უმაღლესი დონის შეხვედრებს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსა და ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რუმპესთან გამართავს. რუსეთის ელჩი ევროკავშირში ვლადიმირ ჩიჟოვი იმედოვნებს, რომ ბრიუსელში მხარეებს შორის რთული და გულახდილი საუბარი გაიმართება:

„ეს იქნება ძალიან დეტალური დისკუსია, მაგრამ, ცხადია, არა ისეთი ღონისძიება, რომელზეც ორგანიზაციაში საერთო აზრია. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე საკითხზე დისკუსია - არ ვიტყოდი, საბედნიეროდ - დრამატულად წარიმართოს, მაგრამ რადგან რუსეთსა და ევროკავშირს შორის პრობლემები არსებობს, შესაძლოა, ის შეუფერხებელი არ აღმოჩნდეს.“

გარდა ზემოჩამოთვლილი - ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის - საკითხებისა, შეხვედრის დროს განიხილავენ ადამიანის უფლებათა პრობლემებს რუსეთის ფედერაციაში. მათ შორის, რუსეთს შეახსენებენ კანონის პატივისცემისა და სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფის აუცილებლობას. პუტინზე ზეწოლაა მოსალოდნელი მიხაილ ხოდორკოვსკისათვის პატიმრობის გახანგრძლივების გამო.

თავის მხრივ, რუსეთი აღშფოთებულია ევროკავშირის მიერ გასულ წელს მიღებული კანონით, რომელიც ენერგეტიკულ კომპანიებს ავალდებულებს, ერთმანეთისგან გამოცალკევდეს ელექტროენერგიის წარმოების მართვა და დისტრიბუციის ქსელი. მოსკოვი შიშობს, რომ ეს ევროპული კომპანიების რენაციონალიზაციას მოახდენს და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ევროპულ ბაზარზე არაკონკურენტუნარიან მდგომარეობაში ჩააყენებს. თუმცა რუსეთის საჩივარს უსაფუძვლოს უწოდებს ფრეიზერ კამეორნოი, ბრიუსელში არსებული ევროკავშირ-რუსეთის ცენტრის დირექტორი:

„რუსეთმა კონკურენციის ისეთივე წესებით უნდა ითამაშოს, როგორითაც სხვა მნიშვნელოვანმა მესამე კომპანიამ, იმისდა მიუხედავად, ევროკავშირშია ის თუ არა. მაგალითად, ევროკომისიამ ჯარიმისათვის სასამართლოში უჩივლა კომპანია „მაიკროსოფტს“, რომელმაც კონკურენციის წესები დაარღვია. არა მგონია, რომელიმე რუსი შეგვეკამათოს და დაიჩემოს, რომ, მაგალითად, „გაზპრომი“ არ არის მონოპოლისტური მწარმოებელი. ასე რომ, ევროკომისიისათვის ამ შემთხვევაში იოლია თქვას, რომ არ ვაპირებთ ნება მივცეთ „გაზპრომს“ ისევე დომინირებდეს ევროპის ბაზარზე, როგორც რუსეთის ბაზარზე დომინირებს.“

როგორც ბრიუსელიდან რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოსვიაკი იუწყება, რუსეთ-ევროკავშირის შეხვედრაზე ენერგეტიკის საკითხში მოსალოდნელი არ არის შეთანხმების გაფორმება. მაგრამ ბრიუსელი და მოსკოვი აპირებენ ხელი მოაწერონ ოქმებს, რომელთაგან ერთ-ერთი ითვალისწინებს ადრეული გამაფრთხილებელი მექანიზმების შექმნას იმ შემთხვევისათვის, თუკი რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეფერხდება. ევროკავშირისათვსი ბუნებრივი აირის მიწოდება ბოლო წლებში რამდენჯერმე შეფერხდა რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის საკითხში მომხდარი დაპირისპირების გამო.

დაბოლოს, ევროკავშირ-რუსეთის სამიტზე ბრიუსელში გაცილებით მშვიდი დისკუსიაა მოსალოდნელი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილზე. თითქმის 18 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეები იმედოვნებენ, რომ მოსკოვი 2011 წლისათვის ბოლომდე მიიყვანს საქმეს. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს, რომ დაწესდეს სანიტარული სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და რუსული ხე-ტყის ექსპორტის ფასი ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს.