ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 22 თებერვალს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი - კაპრალი გიორგი ავალიანი - დაიღუპა. ამ უბედური შემთხვევის შედეგად, ISAF-ის სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რიცხვი 6-მდე გაიზარდა. მსხვერპლის მიუხედავად, საქართველო მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გააძლიეროს ჩართულობა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. საქართველოს პრეზიდენტის დაპირებისამებრ, ავღანეთში დამატებით გაიგზავნებიან არტილერიის ინსტრუქტორებიც და ამ საკითხს პარლამენტმა 22 თებერვლის სხდომაზე პრაქტიკულად განხილვის გარეშე დაუჭირა მხარი.

კაპრალი გიორგი ავალიანი ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ჰელმანდის პროვინციაში - 22 თებერვალს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმზე აფეთქდა. იმავე აფეთქების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა 32-ე ბრიგადის კიდევ ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალები - ნიკოლოზ დეისაძე და ედნარ აბულაძე. ისინი სამკურნალოდ გერმანიაში არიან გადაყვანილი და, ბოლო ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაახლოებით 20 დაჭრილი და 6 დაღუპული ჯარისკაცი - ასეთია ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედი საქართველოს სამხედრო კონტინგენტის სამწუხარო სტატისტიკა.

თქვენი ჯარისკაცები დიდ საქმეს აკეთებენ როგორც ჰელმანდის პროვინციაში, ასევე ქაბულში... და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მეტად მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში ...
პირველი მსხვერპლი იყო ლეიტენანტი მუხრან შუკვანი, რომელიც ავღანეთში გასული წლის სექტემბრის დასაწყისში დაიღუპა. სულ რამდენიმე კვირაში კი, გავრცელდა კიდევ 4 ქართველი სამხედროს დაღუპვის ამბავი. საუბარია პოლკოვნიკ რამაზ გოგიაშვილზე, სერჟანტ დავით ცეცხლაძეზე და კაპრალებზე - გიორგი კოლხიტაშვილსა და ნუგზარ კალანდაძეზე.

1 ოქტომბერს, როდესაც 4 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის ამბავი გავრცელდა, თბილისში იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელმაც დიდი მწუხარება გამოხატა ”მამაცი ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის გამო” და საქართველოს ალიანსის სახელით კიდევ ერთი გულითადი მადლობა გადაუხადა:

”თქვენი ჯარისკაცები დიდ საქმეს აკეთებენ როგორც ჰელმანდის პროვინციაში, ასევე ქაბულში... და ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მეტად მნიშვნელოვან წვლილს ჩვენს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში. ეს არის ალიანსისადმი თქვენი მხარდაჭერისა და პასუხისმგებლობის ნათელი დადასტურება... და ჩვენ მეტად მადლიერი ვართ ამისთვის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ასევე მტკიცეა ნატოს პასუხისმგებლობა საქართველოს მისამართით... ”

ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის საქართველოსთვის მადლობა სხვა დროსაც არაერთხელ გადაუხდიათ ნატოს მაღალჩინოსნებსა თუ ალიანსის წევრი ქვეყნების ცალკეულ ლიდერებს. და ასე იყო 6 თებერვალსაც, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ახალი ინიციატივით წარდგა. მან თქვა, რომ საქართველო მომდევნო თვეებში გაზრდის თავისი სამხედროების რიცხვს ავღანეთში და რომ თბილისი მზადაა გაგზავნოს ავღანეთში არტილერიის სპეციალისტები. მიუნხენის კონფერენციიდან რამდენიმე დღეში კი ამ შინაარსის საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტში შევიდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სალომე მახარაძე განგვიმარტავს, საქართველოს ეს ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს ISAF-ის მისიაში ჩართული სამხედროების ძირითადი რიცხვის ზრდას. აქვე ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ავღანეთში მოქმედი საქართველოს სამხედრო კონტინგენტი 924 სამხედროს ითვლის:

”შემადგენლობა ზუსტად იგივე რჩება - ერთი ბატალიონი და ერთი ასეულია და ზუსტად იგივე შემადგენლობით მიდიან და იგივე ფუნქციით... ერთადერთი, დაემატებიან ინსტრუქტორები, რომლებიც ცალკე იქნებიან და გაწვრთნიან იქაურ არმიას...”

ჩვენ არავინ გვახვევს თავზე, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ვალდებულებები და იქ, ვთქვათ, 5 ათასი კაცი უნდა გავაგზავნოთ თუ 7 ათასი. ეს ჩვენი შესათავაზებელი წინადადებაა ...
თავდაპირველი ინფორმაციით, ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე 22 თებერვალს უნდა გასულიყო, მაგრამ სამშაბათს დღის მანძილზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, განხილვა პარასკევისთვის გადაიდო. საბოლოოდ კი, ბევრისთვის მოულოდნელად, არტილერიის ინსტრუქტორების ავღანეთში გაგზავნის საკითხს სამშაბათს, დღის ბოლოს, უყარეს კენჭი. საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში არტილერიის ინსტრუქტორების 11-კაციანი ჯგუფის გაგზავნას. ჯგუფი საფრანგეთის სამხედრო მეთაურობის ქვეშ იმუშავებს.

პარასკევისთვის გადადებული კენჭისყრის უკან, სამშაბათს, გადმოტანა მოულოდნელი იყო ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ცაგარეიშვილისთვის, რომელიც პარლამენტში ”თავისუფალი დემოკრატების” სახელით მოქმედებს. დეპუტატის თქმით, ისე მოხდა, რომ უშუალოდ ამ საკითხის კენჭისყრის დროს ის სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. თუმცა რაც შეეხება დეპუტატის პოზიციას, ის თვლის, რომ საერთაშორისო ვალდებულებები შესასრულებელია და ამას არც საქართველომ უნდა აარიდოს თავი, მაგრამ ქვეყანამ ავღანეთთან მიმართებით ზომიერება უნდა გამოიჩინოს და იმაზე მეტი არ უნდა გააკეთოს, რაც მას მოეთხოვება:

”ჩვენ არავინ გვახვევს თავზე, თუ როგორ უნდა შევასრულოთ ვალდებულებები და იქ, ვთქვათ, 5 ათასი კაცი უნდა გავაგზავნოთ თუ 7 ათასი. ეს ჩვენი შესათავაზებელი წინადადებაა და თანამონაწილეობის ხარისხი ჩვენი განსასაზღვრია იქიდან გამომდინარე, თუ რისი თავი გვაქვს ჩვენ. მაგრამ ჩვენ ვდგავართ ძალიან მწარე რეალობის წინაშე: როგორც ქვეყნის შიგნით არის აწყობილი ყველაფერი პიარზე, ასევე, სამწუხაროდ, ყველაფერი ქვეყნის საგარეო ურთიერთობებშიც პიარზეა აწყობილი...”

ცაგარეიშვილისგან განსხვავებით, ავღანეთში არტილერიის ინსტრუქტორების 11-კაციანი ჯგუფის გაგზავნის საკითს მხარი დაუჭირა ქრისტიან-დემოკრატმა დეპუტატმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა. როგორც მან ჯერ კიდევ კენჭისყრამდე უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნამდვილად გაიზრდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილება. თუმცა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა ხდებოდეს პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობის გარეშე.

სხვათა შორის, ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია უკავშირდება სწორედ საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობას, რისი მორიგი გამოხატულებაც იყო, ანალიტიკოსების ერთი ნაწილის აზრით, ზემოხსენებული საკითხის გადაწყვეტა სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე.