ქართული მისია ავღანეთში არტილერიით გაძლიერდება

ქართველი ჯარისკაცების გაცილება ავღანთში

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილავენ ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფციის პროექტს. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიები, დეოკუპაცია და ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

ამასთან, თუკი პირველ შემთხვევაში საზოგადოებაში სრული კონსენსუსია, საქართველოს ხელისუფლებას არაადეკვატურობაში სდებს ბარლს ზოგიერთი ექსპერტი იმ მისწრაფების გამო, რაც მზარდი სამხედრო ძალის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ავღანეთში გაგზავნაში მდგომარეობს. კრიტიკოსებს განვლილ კვირაში დამატებითი არგუმენტი მიეცათ. ახალი ამბების სააგენტოების ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივით, ავღანეთში ერთი ქართული ბატალიონი, ერთი ასეული და არტილერისტთა ჯგუფი გაიგზავნოს.

თუმცა თავიდანვე უნდა განვმარტოთ, რომ ლაპარაკია ქაბულში მყოფი ასეულისა და ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ბატალიონის შეცვლაზე, რასაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ყოველი როტაციის წინ ესაჭიროება პარლამენტის თანხმობა.

„ასეული და ბატალიონი როგორც მსახურობს, ეს გაგრძელდება, ეს ინიციატივა ჩვეულებრივად როტაციასაც გულისხმობს. და ამას დაემატება მხოლოდ და მხოლოდ არტილერისტების ინსტრუქტორთა ჯგუფი. ანუ 924 კაციანი შემადგენლობა უცვლელი რჩება“, - განუმარტა რადიო თავისუფლებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სალომე მახარაძემ.

თანაც, ქართული კონტრიბუცია ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციაში გაიზრდება ქართველი არტილერისტ-ინსტრუქტორების ხარჯზე, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამის ინიციატივას.

ავღანეთში ქართველი ინსტრუქტორების ჯგუფის გაგზავნისთვის მზადყოფნა ნატოს სარდლობასა და ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიხეილ სააკაშვილმა 6 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაუდასტურა. უკვე 17 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტში შევიდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ქრისტიან-დემოკრატი ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, ქართველი არტილერისტების გაგზავნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ ინიციატივას პარლამენტში მხარს ოპოზიციაც დაუჭერს:

„ჩვენ ხომ საერთოდ ვამბობთ ხოლმე, რომ ავღანეთში მონაწილეობა არანაირად არ ზრდის იმ გამოცდილებას, რაც ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს, რადგან იქ სულ სხვა ომზეა ლაპარაკი. არტილერისტების გაგზავნა ზუსტადაც რომ ზრდის ამ გამოცდილებას.“


საბრძოლო გამოცდილება თუ პირადი პოლიტიკური ამბიცია?

ავღანეთში არტილერისტთა დამატებითი ჯგუფის გაგზავნის გადაწყვეტილებას გაუმართლებლად მიიჩნევს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. ექსპერტს მიაჩნია, რომ 924 ჯარისკაცით სქართველოს ისედაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ოპერაციაში, ხოლო ქართული შეიარაღებული ძალების ფლაგმანის, არტილერიის წარმომადგენელთა სახით დამატებითი ჯგუფის გაგზავნა ქვეყნიდან საკმაოდ შორს კიდევ უფრო შეასუსტებს ქვეყნის თავდაცვით პოტენციალს მაშინ, როდესაც კვლავაც მაღალია რუსეთის ხმრიდან სამხედრო აგრესიის განმეორების საფრთხე.

„საქართველოს ხელისუფლება და პრეზიდენტი ხშრად გვახსენებს და ახლახან მომზადებულ უსაფრთხოების კონცეფციაში აღნიშნულია რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესიის მაღალი ალბათობა. ამ ვითარებაში ჩვენი შეიარაღებული ძალების შესუსტება, ჩვენი თავდაცვის შესუსტება მე გაუმართლებლად მიმაჩნია“, - ამბობს სესიაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ქვედანაყოფის რაოდენობა ავღანეთში საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის საკმარისზე მეტია. ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლობასაც უსაყვედურებს:

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის ცალმხრივი. ის ეყრდნობა საკუთარი პოლიტიკური იმიჯის განმტკიცებას საერთაშორისო დონეზე. ხოლო ამ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და, მათ შორის, საზოგადოების ინტერესები ყურადღების მიღმაა.“

თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომლის მიმდევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოს შთამბეჭდავი მონაწილეობა ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში ზრდის საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის უსაფრთხოებისათვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სარგებელი ანაზღაურებს ქვეყნისა და მისი ჯარისკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს, - მიიჩნევს ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი.

დეპუტატი უკმაყოფილოა იმით, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ისეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას, როგორიცაა სამხედროთა დამატებითი რაზმის გაგზავნა საერთაშორისო საბრძოლო ოპერაციაში, საჭიროდ არ მიიჩნევს მის განხილვაში საზოგადოების ფართო მონაწილეობას.

„ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს და არანაირი კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს, მით უმეტეს, იმ საკითხებში და იმ დროს, როცა საქმე ეხება ავღანეთში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ჩაბმას ბრძოლებში და, მით უმეტეს, მათ დაჭრას ანდა გარდაცვალებას. ყველაფერი ეს უნდა იყოს გამჭვირვალე.“

საქართველო ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ოპერაციაში 2009 წლის ნოემბრიდან ჩაერთო. ქართული ბატალიონი მოქმედებს ავღანეთის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო - ჰელმანდის - პროვინციაში, სადაც 5 ქართველი ჯარისკაცი დაეცა მეამბოხეებთან ბრძოლებში, 15-მდე კი დაიჭრა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მიუხედავად მსხვერპლისა, ქართული კონტინგენტი ნატოს ოპერაციის ბოლომდე დარჩება ავღანეთში და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება ინსტრუქტორების ხარჯზე. არტილერისტები, რომელთა გაგზავნასაც საქართველოს ხელისუფლება, ნატოს სარდლობის დასტურის შემთხვევაში, აპირებს ავღანეთში, აქტიურ წვრთნებს გადიან კრწანისის სასწავლო პოლიგონზე. სწავლებები, რომლებიც საბრძოლოსთან მიახლოებულ ვითარებაში ტარდება, გასაიდუმლოებულია. 12 იანვარს კრწანისის სასწავლო ცენტრში ერთ-ერთი საწვრთნელი ეპიზოდის დამუშავებისას მოხდა აფეთქება, რომლის დროსაც 3 ჯარისკაცი დაიღუპა და 12 დაიჭრა.