ეროვნულმა ბანკმა კრედიტები გააძვირა

ეროვნული ბანკის შენობა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.5%–დან 8%–მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ინფლაციაზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით. საქმე ისაა, რომ ინფლაციის დონე, რომელმაც იანვარში 12.3% შეადგინა, მნიშვნელოვნად აღემატება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს. რატომ გააძვირა ეროვნულმა ბანკმა კრედიტები?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში განუხრელად იზრდება სურსათის ფასი. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის თქმით, ასევე გაძვირდა სამომხმარებლო კალათა, საიდანაც ინფლაციის დაანგარიშება ხდება:

„სამომხმარებლო კალათის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელი 12,3 პროცენტი გამოვიდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამაზე მაღალი მაჩვენებლებიც იყო, მაგალითად, 2006 და 2008 წლებში.“

თუმცა მიმდინარე წლის ინფლაციაში ლომის წილი სურსათზე მოდის, რაც შეუმჩნეველი არ რჩება ბაზრებსა და სასურსათო მაღაზიებში მისულ მომხმარებელს, რომელიც, როგორც წესი, პროდუქტის სიძვირის გამო ჩივის.

ცხადია, ამგვარი ვითარება არც ეროვნული ბანკის მესვეურებს მოსწონთ. ორიოდე კვირის წინ, ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი კეთდება ინფლაციის ერთნიშნა ნიშნულზე დასაბრუნებლად:

„გადავედით გამკაცრების პოლიტიკაზე. ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. ასევე დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობა პირველად ნორმებს.“

თუმცა ეკონომიკის ექსპერტები ეროვნულ ბანკსა და ხელისუფლებას უფრო მეტად რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის თქმით, ინფლაციის მოსათოკად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებაა საჭირო:

„პრეზიდენტმა კი თქვა, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ვახორციელებთო, მაგრამ გასულ წელს 5,5 მილიარდი ლარის რეფინანსირების სესხი აქვს გაცემული, მაშინ როცა 2009 წელს ერთ მილიარდზე მეტი არ იყო. ანუ 5,5-ჯერ გაზარდე რეფინანსირების სესხი და ამბობ, პოლიტიკას ვამკაცრებო?! როცა ზრდი მიმოქცევაში ფულის მასას, შედეგი ავტომატურად დგება.“

სწორედ იმისათვის, რომ ასეთი შედეგი არ დადგეს, ანუ ინფლაცია კიდევ უფრო მეტად არ გაიზარდოს, ეროვნულმა ბანკმა კრედიტების გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7.5-დან 8%–მდე გაზრდას გაგებით შეხვდნენ საქართველოს ბანკების ასოციაციაში, რომლის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ცუცქირიძის თქმით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, როგორც ანტიინფლაციური რეგულირების ინსტრუმენტი, ეფექტიან საშუალებად ითვლება.

„რამდენიმე ბერკეტი გამოიყენება ფულის მასის შესამცირებლად, რასაც იყენებს კიდეც ეროვნული ბანკი: ერთია, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონი, რომლის დროსაც ხდება ფულის მასის პირდაპირი ამოღება - ეს შედარებით უხეში ბერკეტია. რაც შეეხება მონეტარული განაკვეთის ზრდას, ესაა შედარებით რბილი ბერკეტი, ანუ ე.წ. საპროცენტო რეგულირება, როცა ძვირდება კრედიტი, ესაა სიგნალი ინფლაციური ტემპების დაგდებისა“, უთხრა გიორგი ცუცქირიძემ რადიო თავისუფლებას.

ინფლაციის ტემპის დაგდებას პროგნოზირებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტიც, რომლის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ეფექტი დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ ახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასებზე. შედეგად, გასულ პერიოდებში პოლიტიკის გამკაცრება ჯერ სრულად ვერ აისახა რეალურ ეკონომიკაზე". ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 16 მარტს გაიმართება, თუმცა ბანკის მესვეურები იმედოვნებენ, რომ მიღებული ზომები სათანადო ასახვას პოვებს ინფლაციაზე და რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი ზრდა საჭირო აღარ იქნება.