გორის რაიონში სტალინის ძეგლი კიდევ შემორჩა

სტალინის ძეგლის დემონტაჟი გორში

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გორის ცენტრალური მოედნიდან სტალინის მონუმენტი გასული წლის ივნისში ჩამოიღო, მაგრამ რაიონში ბელადის არაერთი ძეგლი კიდევ შემორჩენილია. მაგალითად, ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, მეჯვრისხევში, სტალინის ოქროსფერი მონუმენტი დგას; გორის რკინიგზის სადგურის მოსაცდელში საბჭოთა ბელადის მონუმენტი თეთრად არის შეღებილი; დღემდე დგას ახალგაზრდა სტალინის ძეგლი გორში, უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე. მათ ჩამოღებას ჯერ არავინ ფიქრობს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ხელისუფლებას მხოლოდ მთავარ მოედანზე არსებული მონუმენტის ჩამოღება ეჩქარებოდა. საბჭოთა სიმბოლიკა რაიონის შენობების ზოგიერთ ფასადზეც არის შემორჩენილი. პროფესიით არქიტექტორი ვასილ გულეური მიიჩნევს, რომ საბჭოთა არქიტექტურის ხელაღებით განადგურება არ შეიძლება.
გორში საბჭოთა პერიოდის გმირების სახელობის ქუჩებიც მრავლად არის შემორჩენილი. მაქსიმ ლიტვინოვის, პროკოფი ჯაფარიძისა და ზოია რუხაძის ვინაობა დღეს ბევრს აღარც ახსოვს. გორის საკრებულო ახლა ასეთი ქუჩებისთვის სახელების გადარქმევით არის დაკავებული.
14 თებერვლის სხდომაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება შაუმიანის უკვე ყოფილ ქუჩას სამების სახელი ეწოდოს, ჩკალოვის ქუჩას კი შმაგი სამნიაშვილის სახელი დაერქვა.
საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ქუჩებისთვის სახელების გადარქმევას გააგრძელებს.
ამ ინიციატივას ადგილობრივი ოპოზიციაც მხარს უჭერს. რესპუბლიკელი დავით რაზმაძე მიიჩნევს, რომ თანამედროვე გმირები მეტად უნდა დაფასდნენ.
დღემდე გორში ისევ არსებობს 25 თებერვლის ქუჩა. საკრებულო ამ ქუჩისთვის სახელის გადარქმევას საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების დღემდე ვეღარ მოასწრებს, რადგან მორიგი სხდომა უახლოეს ერთ თვეში აღარ გაიმართება.